შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, კენეტ იალოვიცი, “ქართული ოცნების” მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას “ამერიკის ხმასთან” გამოეხმაურა. საქართველოზე საუბრისას იალოვიცმა ბელარუსი ახსენა.
იალოვიცმა აღნიშნა, რომ საქართველოში დამოუკიდებლობა და დემოკრატია გაქრობის წინაშეა.
“უბრალოდ, შეხედეთ ბელარუსს, რათა მიხვდეთ, რომელ გზაზე სიარული არ გინდათ. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანუსკაია ახლა ამერიკაშია და ცდილობს მიიღოს მხარდაჭერა პოპულარული მოძრაობისთვის, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვს და ლუკაშნეკოს რეჟიმის დასრულებას ცდილობს… ამის პარალელურად, წავიკითხე ახალი ამბები საქართველოში არსებული ბოლო პოლიტიკური კრიზისის შესახებ, რაც ქვეყნის მმართველობის პარალიზების საფრთხეს ქმნის. დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის მშენებლობის ეს შესანიშნავი საჩუქარი გაქრობის საფრთხის წინაშეა”,- ამბობს კენეტ იალოვიცი.
28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. გადაწყვეტილების სესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ნახეთ: რა მოიმოქმედა შარლ მიშელმა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მისი დოკუმენტის ანულირება მოახდინა
მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება.
ნახეთ: რა წერია ამერიკელი სენატორების განცხადებაში, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას ეხება
შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება” მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.
წყარო: ptn.ge