საქართველოს ინტერნეტ–პროვაიდერს ახალი სპეცმმართველი ჰყავს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანია Caucasus Online–ში („კავკასუს ონლაინი”) სპეციალური მმართველი შეცვალა, რომელმაც უნდა გამოასწოროს კომპანია „რკინიგზის ტელეკომის“ წილის გაყიდვისას საკანონმდებლო დარღვევებ, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირი გაასხვისებს 5%-ზე მეტ წილს, ის ვალდებულია მარეგულირებელ კომისიას მიმართოს მისგან თანხმობის მისაღებად. კომპანიამ წილი ისე გაასხვისა, რომ წინასწარ არ აცნობა ამის შესახებ რეგულატორს, რითიც მოქმედი კანონი დაარღვია.

კომისიამ 2019 წლის ოქტომბერში კომპანია გააფრთხილა და დარღვევების აღმოფხვრისთვის ვადა იმავე წლის 3 დეკემბერამდე მისცა. „კავკასუს ონლაინმა“ კომისიის გადაწყვეტილება არ შეასრულა მიუხედავად იმისა, რომ ის ექვსჯერ დაჯარიმდა.

ავტორიზაციის შეჩერება ნეგატიურად აისახებოდა 2,5 მილიონზე მეტი აბონენტის ინტერნეტით უზრუნველყოფაზე, ამიტომ კომპანიამ გასული წლის ოქტომბერში სპეციალურ მმართველად მარიამ სულაბერიძის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

ახლა „კავკასუს ონლაინს“ ახალი სპეცმმართველი ეყოლება, რადგან სულაბერიძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ახალი სპეცმმართველი მომხმარებელთა უფლებების ყოფილი საზოგადოებრივი დამცველი თამთა ტეფნაძე იქნება, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის 14–წლიანი გამოცდილება აქვს.

ამ თანამდებობაზე ტეფნაძეს უფლება ექნება დანიშნოს ან გაათავისუფლოს დირექტორები, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და კომპანიის თანამშრომლები. ასევე მას შეუძლია სასამართლოსთვის მიმართვის გზით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს კომპანიის ბოლო წლის გარიგებების საკითხი.

სპეციალურ მმართველს უფლება აქვს შეაჩეროს ან შეზღუდოს მოგების, დივიდენდების ან პრემიების გაცემის განაწილება, შეცვალოს ხელფასები; ამასთან, კომპანიის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მის გარეშე ძალა არ ექნება.

2008 წლიდან „კავკასუს ონლაინი“ 1200 კილომეტრის სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყალქვეშა კაბელის ერთპიროვნული მფლობელია. სწორედ ამ კაბელის მეშვეობით მიეწოდება ტრანზიტით ინტერნეტი ევროპიდან სამხრეთ კავკასიასა და კასპიის ზღვის რეგიონს. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დახმარებით, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე გადის, შესაძლებელი გახდა ხარისხიანი ინტერნეტის ტრანზიტი ევროპიდან აზიაში.

“სპუტნიკი”