რუსული “Checkmate” – ანუ ის, რამაც ამერიკა შეაშფოთა, მისი პრეზიდენტი კი გააღიზიანა

სიტყვა „Checkmate“ ანუ „შახ-მატი“ ბრიტანულმა მედიამ გამოიყენა რუსეთის მიერ შექმნილი მრავალფუნქციური სამხედრო თვითმფრინავის დასახასიათებლად. თვითმფრინავი წარმოდგენილი იყო მოსკოვის „მაქს-2021“ (МАКС-2021) საჰაერო გამოფენა-გაყიდვაზე. გამოფენას ესწრებოდნენ საჰაერო დარგში ცნობილი რუსი და უცხოელი სპეციალისტები, ბიზნესის წარმომადგენლები.

გამოფენაზე არა მარტო რუსული სამხედრო ავიაციის ახალი ექსპონატები იყო წარმოდგენილი, არამედ სამოქალაქო ლაინერებიც, მათ შორის МС-21“ და ცნობილი „იაკ-40“-ის თანამედროვე ვარიანტი — ელექტრონული ძრავით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი რუსული საჰაერო მანქანები, რუსული ძრავებით, რუსეთში დამზადებული კომპონენტებით არის დამზადებული. გარდა თვითმფრინავებისა, მნახველთა ყურადღება მიიპყრო სხვადასხვა მოდიფიკაციის შვეულმფრენებმა. სამხედრო შვეულმფრენებში რუსეთს არ ჰყავს მეტოქე.

დავუბრუნდეთ მეხუთე თაობის სამხედრო თვითმფრინავს, რომელსაც ერთი პილოტი მართავს. ამ თვითმფრინავს შეუძლია ბომბდამშენობაც, ისე, როგორც სხვადასხვა სახის საბრძოლო დავალებების შესრულება. მას პილოტის გარეშე ფრენაც შეუძლია. მისი სიჩქარე 1800 კმ/სთ აღემატება. 3000 კილომეტრის დაფარვა თვითმფრინავისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

ამ და სხვა მახასიათებლების მქონე თვითმფრინავი ახალი სიტყვაა სამხედრო ავიაციაში. სწორედ ამიტომაც ბრიტანელმა სპეციალისტებმა და ჟურნალისტებმა გაოცების გამოსახატავად შეარქვეს მას „შახ-მატი“ ანუ რუსეთის მიერ კონკურენტი დასავლეთისთვის ჯერ „შახის“ გამოცხადება, შემდეგ „მატის“.

„მაქს-2021“-ს ორგანიზატორების ვარაუდს საჰაერო მანქანების გაყიდვის თვალსაზრისით, გადააჭარბა რეალობამ, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო თვითმფრინავების გაყიდვის დარგში, რამაც რამდენიმე მილიარდი დოლარი შეადგინა.

რუსეთის პირველი მეტოქე აშშ-ი არა მარტო დააფიქრა, არამედ შეაშფოთა კიდეც მეხუთე თაობის რუსული სამხედრო თვითმფრინავის გამოჩენამ. ეს შეშფოთება იმ შეშფოთებას ჰგავდა, სულ ახლახანს რომ ჰქონდა რუსული, ბგერაზე 20-ჯერ უსწრაფესი რაკეტების გამოცდების დროს.

რა შეიძლება ითქვას ქვეყანაზე, რომელიც ესოდენ ახალ, დახვეწილ საჰაერო ტექნიკას ქმნის?

ყველაფერი, გარდა სიტყვა „ჩამორჩენილისა“, მაგრამ ითქვა. ითქვა აშშ-ს პრეზიდენტის მიერ — სხვაგვარი სიტყვებით, „ჩამორჩენილის“ შესატყვისის; ითქვა არა ისე პირდაპირ, როგორც ცხონებულმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტეტჩერმა ბრძანა საბჭოთა კავშირის შეფასებისას — ბირთვულიარაღიანი ზემო ვოლტა (მივარდნილი აფრიკული სახელმწიფო).

მაღალი ხარისხის, თანამედროვე იარაღი, თანაც ერთ ქვეყანაში დამზადებული დეტალების ბაზაზე, რომ მაღალი კვალიფიკაციის ინჟინერ-ტექნიკური, სამეცნიერო კადრები და უმაღლესი დონით აღჭურვილი ქარხნები სჭირდება, საიდუმლოებას არ წარმოადგენს. და რახან ასეთი აქვს რუსეთს, მას არ შეიძლება, ჩამორჩენილი ეწოდოს.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი