დღეიდან საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ზუსტად ორ თვეში, 2 ოქტომბერს ჩატარდება.

განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა 2 აგვისტოს გამოსცა და მას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

არჩევნებში მონაწილე პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას დღეიდან უკვე ოფიციალურად იწყებენ. ამ პროცესში კი, პოლიტიკურ ძალებს გარკვეული რეგულაციების დაცვა მოუწევთ, რომლებიც შარლ მიშელის შეთანხმების მეორე პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო რეფორმის მიღების შემდეგ დამტკიცდა.

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, უფრო მკაცრად რეგულირდება, მათ შორის, საჯარო მოხელეთა ჩართულობა წინასაარჩევნო კამპანიაში. ამასთან, შეიზღუდა პერიმეტრი და გაფართოვდა მასშტაბი, სადაც, არჩევნებთან დაკავშირებით, მოქალაქეთა თუ სხვა პირთა გამოკითხვა არ შეიძლება.

ამასთან, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, დარღვევების შემთხვევაში, საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებისთვის სანქციები გამკაცრდება. საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი სექტემბერში, დაჩქარებული წესით განიხილავს.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. თბილისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ლიდერი მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება, ხოლო ქვეყნის მასშტაბით – პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ვინ იქნებიან „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, დეტალურად ნახეთ ამ ბმულზე.

რაც შეეხება ოპოზიციას – „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მას რამდენიმე ოპოზიციური პარტია უჭერს მხარს. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი ოპოზიციიდან ელენე ხოშტარიაა. ვიცე-მერობის კანდიდატს კი, ნიკა მელიას თქმით, „გირჩი- მეტი თავისუფლება” წარმოადგენს. ნიკა მელია თბილისის მერობის არჩევნებში მეორედ მონაწილეობს. 2014 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით ნარმანიასთან ბრძოლაში ხმების 27%-ით, მეორე ტურში დამარცხდა.

 

“იმედინიუსი”