ინაშვილი: ნახავთ, რამდენი გაიქცევა ამ ქვეყნიდან წითელ ხიდზე, არ იქნება ტევა

პარლამენტშიც ღიად ვსაუბრობდი ამ თემაზე და ახლაც ღიად ვსაუბრობ, რომ უნდა ვიხელმძღვანელოთ ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან მედიასთან კომენტარი გააკეთა მის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლითაც მიმართა რუსეთის პრეზიდენტს, „რათა კვლავ განიმუხტოს დაძაბულობა, აღდგეს დიალოგი ყველა დონეზე, ორმხრივად გაიხსნას საინფორმაციო სივრცე, რომ გამოვნახოთ საერთო ენა“.

​„როცა მეკითხებით, ვინ უნდა საუბრობდეს რუსეთთან, ხელისუფლება უნდა საუბრობდეს და ხელისუფლება არის პასუხისმგებელი, გაატაროს მისი სახელმწიფოსთვის სასარგებლო პოლიტიკა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ და ეს წერილის პრეამბულაშიც არის ნათქვამი, რომ დღეს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი არ აინტერესებთ, გარდა ერთმანეთთან შეხმატკბილებისა და ერთმანეთთან თანაარსებობისა, ძალაუფლების გადანაწილებისა“, – განაცხადა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ინაშვილის თქმით, საქართველო არის ძალიან მძიმე გამოწვევებისა და რისკების ქვეშ. ინაშვილი სვამს შეკითხვას, თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი, თუკი სამხედრო კონფლიქტი მოხდენა.

„გარწმუნებთ, ასეთი ტრაგიკული რამ თუ მოხდა ამ ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის დასაცავად კიდევ ჩვენ გავალთ, ჩვენი პარტიის წევრები და ნახავთ, რამდენი გაიქცევა ამ ქვეყნიდან წითელ ხიდზე, არ იქნება ტევა. ამიტომ უნდა ვიაზროვნოთ სახელმწიფოებრივად.

სახელმწიფოებრივი და ეროვნული აზროვნება ნიშნავს იმას, რომ დიახ, მივმართეთ ღია წერილით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს; დიახ, მზად ვართ, იყოს დიალოგი ჩვენ დონეზე და ამ წერილს ხელს აწერს ძალიან გავლენიანი ხალხი, რომელიც პოლიტიკაში მუდმივად დომინირებდა, სიტყვა ეთქმოდა მთელი ბოლო 30 წლის განმავლობაში. აქ არიან დეპუტატები, გენერლები და ყველა ამ ხელისმომწერს გადასარევად ესმის და გვესმის მშვიდობის ფასი, ვისაც ნანახი აქვს ომი, მშვიდობის ფასი ესმის და აცნობიერებს.

ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ, პლატფორმაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის მისაღები. ჩვენ ვლაპარაკობთ სამხედრო მიუმხრობლობის მოდელზე, შემუშავდა საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის ფორმატი. ჩვენი გეზი ეს უნდა იყოს, ის კი არა, რომ გადავარდნილი ვართ უტოპიურ მოლოდინში, რომ ნატო ოდესმე მიგვიღებს, არ გვიღებს, ამ დროს. არ აქვს ალტერნატივა დიალოგს. ჩვენ ისევ მივდივართ ამ გზით, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, დიახ, უნდა ვილაპარაკოთ; დიახ, უნდა აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები სოხუმთან და ცხინვალთან. მე ვნახე ეს, რომ საქართველოში არავის აინტერესებს ეს საკითხი. საქართველოს პარლამენტს ერთი სხდომა არ მიუძღვნია სოხუმისა და ცხინვალის თემისთვის.

შენი ქვეყნის ინტერესის დაცვა ნიშნავს იმას, რასაც ვაკეთებთ და თუ დამისვამთ კითხვას, ჩახვალ თუ არა მოსკოვში და მიიღებ თუ არა მოსკოვში მონაწილეობას სხვადასხვა ფორმატებში? დიახ ჩავალ შევხვდები დეპუტატებს და არამარტო დეპუტატებს, თუ იქნება ასეთი მზაობა მეორე მხრიდან. მე ასევე შევხვდები სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესი დავიცვა. ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომელიც ჩვენს ქვეყანას სიკეთეს მოუტანს“, – აცხადებს ირმა ინაშვილი.

ირმა ინაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია არამტრული რეჟიმი.

„ჩვენი ქმედებები უნდა იყოს აბსოლუტურად გააზრებული, მშვიდი, გონივრული, კონსტრუქციული და ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო, ეს ურთიერთობა თუ არ დაეფუძნება ურთიერთგაგებას, პატივისცემას. უნდა აღდგეს ნდობა ჩვენსა და რუსეთს შორის, ისე ვერ მოვიხვეჭთ მშვიდობას ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩვენი პოზიცია, ამაზე ვსაუბრობთ მთელი ოთხი წლის განმავლობაში და ამისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.