მთავრობა თითქოს ცდილობს გააქროს ნატოსა და EU-ში გაწევრიანების შანსები – ილვესი

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ტომას ჰენდრიკ ილვესის, თქმით “საქართველოს მთავრობა თითქოს სტაბილურად ცდილობს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკუთარი შანსები გააქროს”.

ამის შესახებ მან “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, სადაც “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა შეაფასა.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების გაუქმება ცუდია და თავის მოტყუებაა, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ყველაფერი კარგად მიდის. როგორც ილვესი ამბობს, ყველაფერი კარგად არ მიდის და მმართველი გუნდის ამ ნაბიჯებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულებაზე გავლენა აქვს.

“ვფიქრობ, პრობლემის სათავე იმაშია, რომ აცხადებ, გსურს ტრანსატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანება და შემდეგ უარს ამბობ შეთანხმებაზე, რომელიც ევროპული საბჭოს შუამავლობით დაიდო. ეს შენს სანდოობას არაფერს მატებს – ძალიან მსუბუქად რომ ვთქვა. მე ის მაწუხებს, რომ იკვეთება უფრო დიდი ტენდენცია. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა უწყვეტად საუბრობს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე, მეორე მხრივ, ისე იქცევა, რომ ამ კავშირებში გაწევრიანება არ მოხდება”, – აცხადებს ილვესი.

მისი თქმით, ევროკავშირში ისეთი ქვეყნის ადგილი არ არის, რომელსაც დამოუკიდებელი სასამართლოსი ეშინია.

“თუ დამოუკიდებელი სასამართლოსი გეშინიათ, მაშინ ევროკავშირში თქვენი ადგილი მაინც არ არის. ევროკავშირში ამჟამად მიმდინარეობს შიდა ბრძოლები სწორედ დამოუკიდებელ სასამართლოსთან დაკავშირებით და ევროკავშირს არანაირად არ სურს ამ მიმართულებით დამატებითი თავისტკივილი გაიჩინოს. რატომ უნდა გეშინოდეთ დამოუკიდებელი სასამართლოსი? მითუმეტეს მაშინ, როცა ეს იმ ლიგაში მოგაქცევთ, სადაც რუსეთი და სხვა ავტორიტარული ქვეყნები არიან? დამოუკიდებელი სასამართლოს შიში არანაირი საღი აზრის ქვეშ არ ექცევა – არანაირი. იმიტომ, რომ ყველაფერი საბოლოო ჯამში ამას უკავშირდება – დამოუკიდებელ სასამართლოს, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს კანონზე დაყრდნობით და არა იქიდან გამომდინარე, თუ ვინ არის მთავრობაში. მე საქართველოს მხარდამჭერი ვარდების რევოლუციამდე ვიყავი. პირველად საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე ჩავედი”, – განაცხადა ილვესმა.

ესტონეთის პრეზიდენტმა ოპოზიციაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ოპოზიციას სურს ისინი სერიოზულად აღიქვან, მათ პარლამენტის ბოიკოტი არ უნდა მოაწყონ.

“ისინი პარლამენტში უნდა იყვნენ. შეიძლება დიდ ომებში არ ჩაერთონ, მაგრამ პარლამენტში აქტიურად უნდა იყვნენ წარმოდგენილი და ამ გზით ებრძოლონ მთავრობას. გარე სამყაროსთვის არანაირად კონსტრუქციულად არ გამოიყურება პარლამენტის ბოიკოტი. მათ მონაწილეობა უნდა მიიღონ პროცედურებში, გამოიყენონ ნებისმიერი სახის საპარლამენტო პროტესტი, რომელიც მთავრობის მიმართ უკმაყოფილებას წარმოაჩენს.

პარლამენტის უბრალოდ, მარტივად ბოიკოტი, მთავრობას საშუალებას აძლევს თქვას, რომ აი, ხედავთ ისინი უპასუხისმგებლოები არიანო. ოპოზიციას ასევე მოვუწოდებდი გააკეთონ მოზომილი განცხადებები იმის ნაცვლად, რომ აქეთ-იქით ალმოდებულებივით ირბინონ. ეს მიმზიდველი მეთოდია, მაგრამ ამით სინამდვილეში ვერაფერს მიაღწევენ გარდა იმისა, რომ ორივე მხარე დაზიანდეს”, – განაცხადა ილვესმა.

ესტონეთის ყოფილ პრეზიდენს ჰკითხეს, ეკისრება თუ არა “ნაციონალურ მოძრაობას” პასუხისმგებლობა მთავრობის მხრიდან შეთანხმების ანულირებაზე, თუ „ქართული ოცნება“ ნაცმოძრაობას საბაბად იყენებს იმისთვის, რომ შეთანხმებიდან გამოვიდეს, რაზეც მან უპასუხა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება არ მოაწეროს ხელი პარტიამ ევროპული საბჭოს მიერ ორგანიზებულ შეთანხმებას.

“ჩემს წარმოდგენაში, ამით იგზავნება სიგნალი, რომ ჩვენ, წამყვანი ოპოზიციური პარტია, არ ვენდობით ევროკავშირს. ეს წესით არ უნდა იყოს სიგნალი, რომლის გაგზავნაც უნდა გსურდეთ”, – განაცხადა ილვესმა.


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 28 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ მმართველი პარტია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან გადის.

კობახიძემ ამ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ უარი, დოკუმენტზე ხელი მოაწერონ. ასევე, სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან „შეთანხმების მუდმივი დარღვევა“.

კობახიძემ თქვა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებით, – დოკუმენტისა, რომელიც ნატოს 2021 წლის კომუნიკეში ქვეყნისთვის საეტაპო მიღწევადაა მონიშნული, – „ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს“.

 

“ნეტგაზეთი”