ამ ეტაპზე დასავლეთი, როგორც არასდროს, ისეა დაინტერესებული კავკასიით, იმ მარტივი მიზეზით, რომ ყარაბაღის ბოლო ომის შემდეგ გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ მთლიანად ახალო აღმოსავლეთში.
ამ ფონზე დასავლეთისთვის მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს გაძლიერება და მისი ავტორიტეტის ამაღლება, რომელიც ჯერჯერობით ინერციულია და, თუ შემაშველებელი ბიძგები არ იქნა, ინერცია შეჩერდება, ხელის წაშველებით კი ბუნებრივად გაძლიერდება. კავკასიას აქვს თავისი სპეციფიკა და, რაოდენ სამართლიანიც უნდა იყოს, კავკასია ვერ გაიგებს „პრაიდის“ ჩატარების ფაქტს, იმას გარდა, ვინც მოითმენს, მოიგებსო.
ამის მიუხედავადაც, საქართველოში აკრედიტებულმა უცხოელმა ელჩებმა ერთგვარი დემარშით დაუჭირეს მხარი „პრაიდს“, რაც ბადებს ეჭვს, რომ დასავლეთის დიპლომატია თავისი ქმედებით ეწინააღმდეგება თავისსავე სტრატეგიულ ინტერესებს. რატომ ვერ ითვალისწინებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონის თავისებურებას და უნებლიეთ აზიანებს საკუთარ გეოსტრატეგიულ ინტერესს სამხრეთ კავკასიაში? – ამ თემას დემურ გიორხელიძესთან ერთად განვიხილავთ.
– ამთავითვე ვიტყვი, რომ ცალსახად ვემიჯნები ძალადობას! მაგრამ ვერ ვიგებ, რატომ არ ითვალისწინებს დასავლეთი კავკასიის სპეციფიკას: არ იციან, უბრალოდ არ ითვალისწინებენ თუ განზრახ იქცევიან ასე?
– მოდი, ასე ვთქვათ, ეს ის თემაა, რომელზეც არ შეიძლება, არ დაფიქრებულიყო ნებისმიერი ნორმალური ადამიანი: მაინც რა ხდება?! მე ძალიან კარგად ვიცნობ ამერიკულ სპეციფიკას, ვიცი ქართული პოლიტიკის სპეციფიკა. აქ ორი საკითხია: პირველი – ესაა ამერიკელთა გადაჭარბებული წარმოდგენები, არასწორი წარმოდგენები, გაუთვალისწინებლობა იმ რეალობის, რომელიც სხვა ქვეყანაში შესვლისას ახასიათებთ. მათ მიაჩნიათ, რომ ისეთი რამეები, რაც თქვენ თქვით, შეიძლება, არ გაითვალისწინონ და მეორე მომენტი: ამერიკულ პოლიტიკაში მიღებულია პოლიტიკის აგება, ანუ გამოზრდა პროქსიზე, მართვად ადამიანებზე, ესე იგი, მარიონეტებზე და მათი მეშვეობით საკუთარი პოლიტიკის გატანა ყველასა და ყველაფრის უგულებელყოფით. ეს პოლიტიკა, როგორც წესი, წარმატებას არ იძლევა, მაგალითისთვის გამოდგება ერაყი, ახლო აღმოსავლეთი… ორმა ქვეყანამ იცის ეს რეგიონი: ბრიტანელებმა და რუსებმა. ამერიკელებს ამაზე წარმოდგენა არ ჰქონდათ, უამრავი შეცდომა დაუშვეს, რაც შეეხება ავღანეთს: იქ რუსებმაც და ამერიკელებმაც ერთნაირი შეცდომები დაუშვეს. თავის დროზე, როდესაც საბჭოთა კავშირი შევიდა ავღანეთში, მათ ადგილობრივი სპეციფიკა საერთოდ ვერ გაითვალისწინეს და, ფაქტობრივად, უზარმაზარი მასალის იგნორირებით, ამერიკელებმაც გაიმეორეს იგივე შეცდომები.
საქართველოსადმი დამოკიდებულებაში ამერიკული პოლიტიკა მცდარია, ვინაიდან საქართველო არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის გასაღებია, მთლიანად კავკასიის. არამედ იგი ძალიან კარგი პარტნიორია, თუ გაიაზრებენ ქართველი კაცის ბუნებას, მისი წინაპრების მიერ განვლილ გზას, რა ფასეულობათა სისტემა შემორჩა ამ ქვეყანაში და ჩვენ ვნახეთ, რომ ქვეყნისგან, რომლისკენაც მივისწრაფოდით და არც შეიძლებოდა სხვაგვარად, დავეჯახეთ, ფაქტობრივად, შეურაცხყოფას და იმ ფუძეების მოშლას, რომელთა მოშლის შემდეგაც ქართველი მთელ კავკასიაში გახდება დასაცინი ადამიანი, დამცირებული და დაკნინებული. კავკასია კი ეს არის სასტიკი ტრადიციების მხარე, კავკასია მოდერნიზდება, მაგრამ არა ისე, რომ საკუთარ ფუძეს მოსწყდეს. ყველა მოდერნიზაცია, რომელიც სწყდება საკუთარ ფუძეს, არის განწირული გადაგვარებისთვის და ქართველებს ეს საფრთხე დაუყენეს იმ ქვეყნებმა, რომლებისკენაც ის მიილტვოდა. და არის კიდევ ერთი მომენტი, სასაუბროდ მძიმე…
– მანამდე გკითხავთ, შეიძლება, ჩვენ გადაჭარბებული წარმოდგენა გვქონდა დასავლეთზე. იმდენად საშინელი იყო საბჭოთა სისტემა, რომ დასავლეთის იდეალიზება მოვახდინეთ და ეს ბუნებრივი განხიბვლაა, იმიტომ რომ იდეალური არავინაა.
– აქ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც საქართველოში დღესაც კარგად არაა გააზრებული. პირველი ის, რომ ჩვენმა ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის ინტელექტუალებმა, უძლიერესმა ადამიანებმა ზუსტად იცოდნენ, რატომ უნდოდათ ევროპასთან კავშირი, მაგრამ ეს კლასიკური ევროპა იყო. როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ჩვენ დაგვრჩა ის წარმოდგენები, რომლებიც ევროპას განიხილავს კლასიკურ, უძლიერესი შესაძლებლობების მქონე ცივილიზაციად, რადგან დასავლურმა ცივილიზაციამ პირველმა შეძლო ადამიანის გახსნა, ნიჭიერების წახალისება და შესანიშნავი შედეგები მიიღო მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში. აქეთკენ რომ არ წახვიდე, იდიოტი უნდა იყო, მაგრამ მოხდა ის, რომ საქართველოს ევროპაზე კლასიკური წარმოდგენა დარჩა, ამ დროს კი ევროპაში დაიწყო ცვლილებები, რომელთა მასშტაბები უკვე აშკარაა და ევროპულ ცივილიზაციას კარგს არაფერს უქადის, იმიტომ რომ ლეიბა ბრონშტეინის იდეებმა, რომლებიც ძალიან პოპულარული იყო დასავლეთში, დიდი გავლენა მოახდინა.
– შევახსენოთ მკითხველს, რომ ლეიბა ბრონშტეინი ლევ ტროცკია.
– დიახ, ტროცკიზმი, ტროცკის იდეები. ბოლო 30 წლის განმავლობაში მემარცხენე ტროცკისტებმა ახალგაზრდების უდიდეს ნაწილს გონება უცვალეს, მათ გარყვნეს საზოგადოება, იმიტომ რომ ტკოცკიზმი, ეს არის ბოლშევიზმის ყველაზე საშინელი ფორმა: აგრესიული, მსოფლიო ბატონობაზე გათვლილი და ყველაფერი, რაც დასავლეთში ნეგატიური მოხდა, ეს ლეიბა ბრონშტეინის იდეების შედეგია. როდესაც მე ეს პირველად 15 წლის წინათ დავწერე, სასაცილოდ არ ეყოთ, რა ტროცკიზმიო. არადა მე, დასავლელ ემიგრანტებში გაზრდილმა, ძალიან კარგად ვიცი დასავლური კულტურა და ამიტომ დღეს დასავლეთის ცნობილ გამოცემებში, სწორედ, იმაზეა საუბარი, რომ მემარცხენეობა, ფაქტობრივად, დომინირებს და ეს ჩანს 124 გენერლის წერილში, რაც თავისთავად უპრეცედენტოა. შეერთებული შტატები დადგა ტროცკიზმის მარწუხების საფრთხის წინაშე. აი, ეს ევროპა გაეპარათ ქართველ პოლიტიკოსებს. შემდეგ მოხდა უბედურება, როდესაც გადატრიალებით მოსული ხალხი სულ სხვა ინტერესებით მოქმედებდა და მივიღეთ ქვეყანა, რომელიც ასცდა დასავლეთს. დღეს დასავლეთი სხვაა, ჩვენი წარმოდგენები დასავლეთზე – სხვა და მივიღეთ ძალიან მძიმე დარტყმა.
– და მე გაგაწყვეტინეთ.
– დიახ, არის კიდევ ერთი შეფარული პლასტი ამერიკელთა პოლიტიკაში. თუ დააკვირდებით მათ სტრატეგიას, შეამჩნევთ დაინტერესებას შავი ზღვით, იმიტომ რომ ეს არის საუკეთესო პლაცდარმი რამდენიმე მიმართულებით, რამდენიმე ქვეყანასთან ომის ერთდროულად წარმოებისთვის; საყრდენი ბაზა, რომლის მსგავსი ამერიკელებს არსად გააჩნიათ. პაკისტანთან ურთიერთობა გაუფუჭდათ, შუა აზიიდან წაგებით წამოვიდნენ, ავღანეთის შემდეგ ცდილობენ, ბაზები განათავსონ შუა აზიაში, თუმცა საეჭვოა. ახლო აღმოსავლეთი როგორია, კარგად ვიცით, იქ, ფაქტობრივად, არ ხერხდება საყრდენი პუნქტის შექმნა და ვფიქრობ, რაკი საქართველო ასეთი სუსტი აღმოჩნდა პოლიტიკურად, საზოგადოება – საკმაოდ მიამიტი და იოლად მართული, მათ იგნორირება გაუკეთეს ქართულ ინტერესს, საქართველოს, ქართველი ხალხის უმეტესობის შეხედულებას და თავს მოახვიეს ისეთი რამ და ისეთი ტექნოლოგიით, რასაც საქართველო არასდროს მიიღებს. საქართველოს სოციალური სტრუქტურა არ უნდა იცოდე, რომ დახარჯო მილიონობით ფული, შექმნა რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ახალგაზრდების ყველაზე ცუდი ნაწილისგან, გახადო ისინი ნეოკომკავშირული სულისკვეთებით იდეოლოგიური მსახური და ამით გინდოდეს, ქართველი საზოგადოება დაჩრდილო და გაანეიტრალო. ეს არის ამერიკელების წარმოუდგენლად დიდი შეცდომა, იმიტომ რომ, ესე იგი, საერთოდ არ იცნობ ქართულ ხასიათს, მის წარსულს, თავისებურებებს, რა გამოირა, რა გადალახა… საქართველომ გადალახა არანაკლები ზეწოლა იმდროინდელი უზარმაზარი ცივილიზაციებისგან და გაუძლო. არანაირი ლოგიკით საქართველო დღეს არ უნდა არსებობდეს: არანაირი ლოგიკით, ის საღი ადამიანები, რომლებიც დღეს ძალიან დამცირებულები, გაღარიბებულები, ქვეყნიდან გასულები არიან, არ უნდა არსებობდნენ, მაგრამ ისინი არსებობენ და შენარჩუნებული აქვთ ძარღვი და ეს აუცილებლად შეეწინააღმდეგება იმ ტრაგედიას, რაც ჩვენ 5 ივლისს ვიხილეთ. ჩვენ ყოველთვის მივისწრაფოდით დასავლეთისკენ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი საუკეთესო ნაწილი და რა გვინდოდა ჩვენ დასავლეთისგან? ისეთივე კარგი ცხოვრება, მეცნიერება, განათლება, წესრიგზე აგებული სახელმწიფო, თამაშის ურთიერთშეთანმებული წესები და ამის ნაცვლად ჩვენ გვეუბნებიან, თქვენ ხართ ბნელები, წარსულში დარჩენილები და დასავლეთი არის „ელ გე ბე ტე“. „ელ გე ბე ტე“ არ არის დასავლეთი; „ელ გე ბე ტე“ პროპაგანდა არის დასავლეთის ტრაგედია და გარკვეული მსოფლმხედველობის ხალხის დომინირება დღევანდელ სინამდვილეში, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, მათ არ აქვთ დიდი დრო და ჩვენ დღეს ვართ ამ გასაოცარი წნეხის ქვეშ, რომელიც უბრალოდ, მიუღებელია. კიდევ, იცი, რა იწვევს აღშფოთებას? ვინც კი საქართველოს ისტორია და, განსაკუთრებით, თბილისის ისტორია იცის, ამ თემაზე საუბრის წამოწყება სასაცილოა. ჩვენმა წინაპარმა ეს ყველაფერი შესანიშნავად დაალაგა და ახალი არ არის. მე მინდა, ერთი მთავარი აქცენტი გავაკეთო: საქართველოში არანაირი პრობლემა არ აქვს ბუნებით განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს, მე მიმაჩნია, ადამიანი ისეთია, როგორიც ბუნებამ გააჩინა, ამისგან არავინ ვიყავით დაზღვეულები, მაგრამ შემთხვევითობამ ის ადამიანები განსხვავებული ორიენტაციის გახადა. არც კანონმდებლობა, არც არაფორმალური ტრადიციები არ შეიძლება, ამ ადამიანებს ჩაგრავდნენ. არ არის ეს დისკრიმინაცია არც კანონისა და არც ტრადიციის დონეზე. ესაა ტექნოლოგია და ვაჭრობენ ბუნებით განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებით. ამისთვის იღებენ ფულს და ტექნოლოგიურად ეს ყველაფერი მიმართულია ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუ ამერიკელებმა ის არ იციან, რომ აქ „ელ გე ბე ტე“ „პრაიდის“ ჩატარების შემდეგ საქართველო, როგორც სახელმწიფო, კავკასიაში განადგურდება და ვერანაირი მცდელობა ამას ვერ აღადგენს, მაშინ ამერიკელებს საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა, სად არიან, რას წარმოადგენს კავკასია და მაშინ ყველანაირი პოლიტიკა, რომლებსაც ისინი აწარმოებენ, დამარცხდება. კიდევ ვიმეორებ: ჩვენ რომც დავმარცხდეთ და გავხდეთ კავკასიის მასხარები, ნუ ფიქრობთ, რომ კავკასიის სხვა ხალხები, ასევე, სამარცხვინოდ დამარცხდებიან. ზოგს ისეთი რელიგია აქვს, რომელიც ამას, უბრალოდ, არ დაუშვებს, საქართველო კი ეულად დარჩენილი, მოსუსტებული, გამყიდველი პოლიტიკური ელიტის ფონზე დარჩება ხალხის ამარა ამ საშინელების წინააღმდეგ. თავის დროზე, ვაშინგტონში ყოფნისას, ერთ ძალიან ცნობილ დაწესებულებაში ვუმტკიცებდი მათ, რომ იეღოველთა ადგილი საქართველოში არ არის და ეს გამოიწვევდა ფუნდამენტალიზმის გაძლიერებას. არ მინდა, ტრაბახი გამომივიდეს, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ საუბრების შემდეგ ეს ზეწოლა მოიხსნა, იმიტომ რომ ეს იყო პოლიტიკის შეცდომა. ახლა რომ ვიჯდე ვაშინგტონში, ზუსტად იმ დაწესებულებაში, იმავეს ვეტყოდი, რომ საქართველო არ არის ის ადგილი, სადაც „ელ გე ბე ტე“ პროპაგანდა უნდა გამოიყენო, იმიტომ რომ არანაირი პრობლემა სექსუალურად განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს აქ არ აქვთ და ეს არის ტექნოლოგიებით შექმნილი პრობლემა.