140 100 მოქალაქეს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 0.5%-ით გაეზრდება

„1- ლი ივნისიდან 1-ელ ივლისამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 6 800 ხელშეკრულებით, ხოლო მთლიანი პორტფელი – 7 677.3 მილიონიდან 7 825.4 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

140 100 ხელშეკრულებიდან 45 400 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1005 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ივლისის მდგომარეობთ 13.90% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ივლისის მონაცემებით 60300 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.54%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2868.1 მილიონი ლარია.

30400 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 ივნისთან შედარებით 900-ით მეტია. მთლიანი პორტფელი 3779 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1154.9 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.36%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ივლისის მონაცემებით 2624 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 13.32%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ივლისის მონაცემებით 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 19.2 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 21.13%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 3300 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 101.2 მილიონი ლარია.

1-ლი ივლისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.3%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე – 21.72%,“-აღნიშნულია მიმოხილვაში.

1 ივლისის მდგომარეობით, გაზრდილია როგორც სასესხო პორტფელი, ისე ხელშეკრულებების რაოდენობა. გაზრდილია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 20.49%-დან 21.72% -მდე.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება გაზრდილი ინფლაციური რისკების წინააღმდეგ გამკაცრებული პოლიტიკის გაგრძელებაა.

„ივლისში წლიურმა ინფლაციამ 11.9% შეადგინა რაც ბოლო წლების რეკორდია და მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს ეკონომიკისთვის. ამასთან, გლობალურ ბაზარზე შესამჩნევია სურსათზე და ნავთობზე ფასების ზრდა, რასაც თან ერთვის გაზრდილი საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯები, რაც იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის ინფლაციის საკმაოდ დიდი წნეხია. ეროვნული ბანკი კიდევ უფრო ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკის განაკვეთს და 9.5%-დან 10%-მდე ზრდის. მიზანი ინფლაციის მოლოდინებზე გრძელვადიანი უარყოფითი გავლენის მოხდენის პრევენციაა. თუმცა, სავარაუდოა, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებშიც 2021-ის წლიური ინფლაცია 9%-იან ნიშნულთან შენარჩუნდება. მეორე მხრივ, 6 თვის ეკონომიკური ზრდა წინასწარი მონაცემით 12.7 %-ია, რაც შიდა ერთობლივი მოთხოვნის საკმაოდ გააქტიურენაზე მიუთითებს, რისი ინდიკატორიც გაზრდილი იმპორტია. ასევე არსებული ფისკალური სტიმულიც გავლენას ახდენს ინფლაციაზე. რაც შეეხება სავალუტო შემოდინებებს, იზრდება ტურიზმიდან მიღბული შემოსავლები, თუმცა კვლავ მნიშვნელოვნად შემცირებული რჩება 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. იზრდება საერთაშორისო გადმორიცხვებიც. თუმცა, აუცილებელია მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა, საბიუჯეტო ხარჯების თანაბარი ათვისებით და ეროვნული ბანკის დროული მოქმედებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, რაც სამომავლოდ პირდაპირ კავშირში იქნება ინფლაციის მაჩვენებელთან,“-ნათქვამია საზოგადოება და ბანკების ინფორმაციაში.