რუსული “ახალი ამბების ფედერალური სააგენტო” (РИА-ФАН) ქართველი პოლიტოლოგის შოთა აფხაიძის აზრით დაინტერესდა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მისამართით “პატრიოტთა ალიანსის” მიერ მომზადებულ ღია წერილთან დაკავშირებით.
შოთა აფხაიძემ აღნიშნა, რომ წერილის დადებითი ტონალობა მისაღებია, მაგრამ საკუთრივ წერილი არაფერს არსებითად ახალს არ შეიცავს:
“ქართველ პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს არაერთხელ შეუდგენიათ მსგავსი წერილები, მოსკოვთან თბილისის ურთიერთობების გაუარესების მთელი პერიოდის მანძილზე, მაგრამ ამას პოლიტიკურ კონფიგურაციაზე რაიმე არსებითი გავლენა არ მოუხდენია. მე ვიტყოდი, რომ ახალი წერილი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქართველ ხალხს აქვს ნება და სურვილი, აღადგინოს ურთიერთობები რუსეთთან.
საჭიროა უფრო კრეატიული პოლიტიკა სახალხო დიპლომატისა და ოფიციალურ დიპლომატიურ დონეზე, რომელთა გარეშე შექმნილი კრიზისის დაძლევა შეუძლებელი იქნება. სამწუხაროდ, ჯერ არც ერთ ქართულ პარტიას არ შემოუთავაზებია ურთიერთობების აღდგენის კონკრეტული მექანიზმი. იმის მუდმივი გამეორება, რომ ჩვენ საერთო ისტორია და მართლმადიდებლობა გვაკავშირებს, საკმარისი არ არის.
აუცილებელია, კიდევ ერთხელ დამტკიცდეს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არ უჭერს ევროატლანტიკურ კურსს. ამის შემდეგ, ოპოზიციამ საკანონმდებლო დონეზე უნდა მონახოს მექანიზმი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად.
პრობლემა ჯერ საქართველოში უნდა მოგვარდეს. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში არსებული კრიზისი, პირველ რიგში, ტერიტორიულ საკითხს ეხება. პრობლემა ისაა, რომ არც ერთ ქართულ პარტიას არ წარმოუდგენია ამ საკითხის მოგვარების მკაფიო გადაწყვეტის გეგმა – ახალ წერილშიც მე ვერ დავინახე ვერაფერი ახალი, ამ მიმართულებით. არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხალხმა უნდა იცოდეს, რას სთავაზობს მას ესა თუ ის პარტია და რა რეაქცია ექნება ამაზე კრემლს. ქართული ეკონომიკისა და ჩვენი კონფლიქტური რეგიონების ბედი ხომ, რა თქმა უნდა, რუსეთზეა დამოკიდებული” – განუცხადა შოთა აფხაიძემ ტირაჟირებულ რუსულ საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტოს.