სწორად ჩამოაყალიბა ყველაფერი პრემიერმა, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მაინც გამორჩა! – გულბაათ რცხილაძე

ძალიან იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ვინმეს ქართული პოლიტიკური სპექტრიდან რამეში ვეთანხმები, მათ შორის, ახლანდელ პრემიერმინისტრ ი. ღარიბაშვილს; მაგრამ საკმაოდ კარგი და იმედისმომცემი განცხადება გააკეთა მან აფხაზებთან და ოსებთან მიმართებაში – იმედისმომცემი იმიტომ, რომ ანალიტიკურად სავსებით სწორი შეფასებაა. მიუხედავად ამისა, ერთი “რაღაც” მაინც დააკლო პრემიერმა, ამის შესახებ ქვემოთ, თუმცა ჯერ ღარიბაშვილის კომენტარი (გაკეთებული ე. წ. შერიგების სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის წინ):

“მოდით, ერთი წამით დავფიქრდეთ, რას ხედავს აფხაზი ან ოსი ახალგაზრდა, როცა გადართავს და უყურებს ქართულ სატელევიზიო არხებს. ყოველდღიურ რეჟიმში უსმენენ ძალადობის რიტორიკას, ღვარძლს, შუღლს, ბოროტებას. არავითარი დისკურსი არ არსებობს ქვეყნის მომავლთან დაკავშირებით. მათ სურთ, რომ საზოგადოება დააზომბირონ ყოველდღიურად ხელოვნურად შექმნილი კრიზისებით, საბოტაჟით, შანტაჟით. ოსი ახალგაზრდა, რომელსაც ძალიან კარგად ახსოვს აგვისტოს ომის დღეები, რა გზავნილებს უსმენს ყოველდღიურად ჩვენგან? ხედავენ, რომ ჯერ ჩვენს შიგნით ვერ დავლაგდით და ჩამოვყალიბდით, ვერ შევრიგდით. იმის მიუხედავად, რომ ჩვენმა მთავრობამ ძალიან ბევრი გააკეთა ბოლო 8 წლის განმავლობაში, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ უნდა გავხადოთ უალტერნატივო აფხაზებისთვის და ოსებისთვის ჩვენთან ერთად თანაცხოვრება. ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი. მთავარი საზრუნავი უნდა იყოს განვითარება და ისევ განვითარება. დღეს ვერ ვთავაზობთ ამას. რომელ ჭკუათმყოფელ ადამიანს მოუნდება ასეთ პოლიტიკურ ვითარებაში ქართველებთან თანაცხოვრება. ძალიან რთულია დაარწმუნო ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები ქართველებთან თანაცხოვრებაში.

…ძალიან კარგად გვესმის, რომ ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული. მოდით, ღიად და გულახდილად ვისაუბროთ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან, ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით ჩვენ. ჩვენი არასწორი პოლიტიკის შედეგია ის, რომ ჯერ 90-იანი წლების დასაწყისში გვქონდა სამოქალაქო დაპირისირება, სამოქალაქო ომი, ძმათა შორის მკვლელობა, დავკარგეთ ტერიტორიები [დროებით]. შემდეგ შეცდომა გავიმეორეთ 2008 წელს,  როცა ვერ იქნა თავიდან აცილებული უმძიმესი პროვოკაცია, რამაც განაპირობა ჩვენი საკუთარი ძირძველი ტერიტორიების ოკუპაცია და ე.წ. აღიარების პოლიტიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ წამოიწყო.

ჩვენ ერთი რამ უნდა შევახსენოთ ერთმანეთს, თუ როგორ საქართველოს ვუტოვებთ ჩვენს შვილებს. ვუსმენთ რა ჩვენს პოლიტიკოსებს, სულ უფრო ნაკლები გვესმის რეალური ხედვების, გამოსავლის შესახებ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე. ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრი ვისაუბროთ პოლიტიკოსებმა და ჩვენს აფხაზ ძმებსა და დებს მოვუწოდოთ, როგორც ამას ტრადიციულად ვაკეთებთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ კონკრეტული ნაბიჯები. რა შეიძლება იყოს ასეთი კონკრეტული ნაბიჯი, თუ არა ის, რომ შიგნით, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ჩვენს საზოგადოებაში ვაჩვენოთ ერთობა. ერთობა ყოველთვის იყო ქართველის მთავარი გამოწვევა” – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველაფერი რიგზეა, ბევრად სჯობს ნებისმიერი სხვა ლიდერის მიერ აქამდე გაკეთებულ განცხადებებს, ეს იყო ძალიან სწორი ანალიტიკური ხედვა, ღარიბაშვილის მხრიდან. მაგრამ, მაგრამ… მთავარი მაინც აკლია ამ ანალიტიკას:

მანამ, სანამ რუსეთთან სიძულვილის ენით ვსაუბრობთ ან საერთოდ არ ვესაუბრებით მოსკოვს, სანამ აფხაზებს და ოსებს გონებაჩამორჩენილ ბავშვებად მივიჩნევთ, მათ გასაგონად გავიძახით, რომ ისინი რუსეთის მიერ მათი ნების საწინააღმდეგოდ “ოკუპირებულნი” არიან, სანამ “ნატოში ინტეგრაცია” კონსტიტუციაში გვექნება ჩაწერილი, სანამ ჩვენს ქვეყანაში ლიბერალ-ფაშისტური ანტიფასეულობები იბატონებს, იქამდე აფხაზ და ოს “ძმებს” ჩვენთან გაერთიანების სურვილი კი არა და, სერიოზულადაც არ აღგვიქვამენ.

 

გულბაათ რცხილაძე