ის მხარე, სადაც მე ვიჯექი,  მთლიანად იყო “დაჭყლეტილი”, დღესაც არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი მძღოლის მხარეს – ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში გზავნილს და ფოტოს ავრცელებს:

დღეს გავიგე, რომ სახელმწიფო აპირებს ანჩისხატის საპატრიარქოსთვის გადაცემას.
გამიხარდა!
უპირველესად, ქართველ მართლმადიდებლებს უნდა ჰქონდეთ სასწაულმოქმედ, ხელთუქმნელ ხატთან ურთიერთობის და იმ უდიდესი მადლის, მფარველობის მიღების საშუალება , რომელიც მე საკუთარ თავზე გამოვცადე.

ვინც მიცნობს, იცის, რომ დიდად არ მიყვარს საკუთარი რწმენის დემონსტრირება. ეკლესიაშიც ვცდილობ თვალს მოვეფარო და ისე ვილოცო. რა ვიცი, ჩვენი სალოცავები ხომ ისეთია, უბრალო, არაპომპეზური და ადვილად მიდიხარ ღმერთთან.
მოკლედ, 2002 წელი იყო. სრულიად შემთხვევით, მაღაზიაში, მეგობარს შევხვდი. ხელოვნების მუზეუმში მივდივარ და ხომ არ წამოხვალო. სიამოვნებით დავთანხმდი და წავედით.
მახსოვს, სუნთქვაშეკრული ვუყურებდი საოცარ ნივთებს, ექსპონატებს… ჩემი საქართველოს სიდიადის ისტორიულ ფაქტებს.

Нет описания фото.

ჰო და.. -ეს ანჩისხატიაო- გვითხრა სათნო ქალბატონმა. არ ვიცი რა დამემართა, ყველამ განაგრძო გზა. მე კი, მონუსხულივით დავდექი… ჯერ 90- ფსალმუნი წავიკითხე ჩუმად, მერე 3-ჯერ მეტანია გავაკეთე და…. იდიოტივით დავიწყე ტირილი… აი, მაგრად მეტირებოდა და, სულაც არ მრცხვენოდა არავისი,… ვტიროდი…
მეორე დღეს, დილაუთებია, მეგობრებთან ერთად ჩვენი კოლეგის მამის დაკრძალვაზე წავედით ახალქალაქში. გზა მოყინული იყო. ისეთი ამინდი იყო, მხოლოდ ზურიკელამ რომ შეძლო აღწერა, – წვიმიანი, თოვლიანი, ქარიანი… რაღაც მომენტში მანქანა მოსრიალდა, გზიდან გადავიდა და გადავიჩეხეთ.
ვინც მოდიოდა საშველად, ყველა კითხულობდა, წინა სავარძელზე ვინც იჯდა, ცოცხალიაო?… მძღოლის გვერდით, მანქანის მარჯვენა მხარე, მოზრდილ კლდის ნატეხზე იყო დაცემული და მთლიანად იყო “დაჭყლეტილი”. იქ მე ვიჯექი… დღესაც არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი მძღოლის მხარეს… რამოდენიმე წამი, ან წუთი მეხსიერებიდან ამოვარდა… ეტყობა, გავითიშე.
ყველანი გადავრჩით! ერთი-ორი ნეკნის მოტეხილობა და მეგობრის თავზე პატარა ჭრილობას თუ არ ჩავთვლით.
ჰო, კიდევ… მანქანა გახდა გადასაგდები…
მოკლედ, ანჩისხატის და ადამიანების ურთიერთობის აუცილებლობამ გამახსენა ეს ამბავი.
იქნებ, რამდენ ადამიანს მოუნდეს ტირილი მაცხოვრის ხატის წინაშე, ისე, უბრალოდ ტირილი… და იმ ცრემლებით შეძლოს თავისი და სხვისი სიცოცხლის გადარჩენა!
ეს კი, ის სიტყვებია, რომელიც ავგაროზმა ანჩისხატს წააწერა:
„ქრისტე ღმერთო, რომელი გესვიდეს შენ, არა სადა დავარდეს.”
P.S.
ანჩისხატის მოჩარჩოება შესრულებულია დიდი ქართველი ოქრომჭედლის- ბექა ოპიზარის მიერ!
ჩემ შვილსაც ბექა ჰქვია………………
შეგვეწიე და დაგვლოცე, უფალო!