პუბლიცისტი, თეიმურაზ ქორიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ახლა გავიგე, ასაცრელად სამი ათასი ადამიანი არ გამოცხადდაო! ანუ შეასრულეს მითითება, წინასწარ ჩაეწერეთ, ადგილები დაიბევეთ და მერე არ გამოცხადდეთ, ასე თქვენც არ აიცრებით და სხვებსაც ხელს შეუშლითო.
მაპატიეთ ამას რომ ვამბობ – ვიცი, ამქვეყნად ყველას თავისი დარდი და საფიქრალი აქვს. ვინ იცის, ჩემთვის ახლა სიკვდილი იქნებ შვება და ბედნიერებაც იყოს – ღმერთმა ინებოს და, იმქვეყნად წლეულს თებერვალში მოულოდნელად გარდაცვლილ ჩემს ერთადერთ ვაჟიშვილს შევხვდე!
მაინც მივდივარ ასაცრელად და იმიტომ კი არა, რომ სიკვდილის მეშინია – იმიტომ უნდა ავიცრა, რომ ეს ვერაგი ვირუსი უნებლიეთ სხვა ადამიანებს არ მივუტანო, ვიღაცის შვილის, დედის, მამის… სიკვდილის მიზეზად, მკვლელად არ ვიქცე.
რაღაც წვრილმანი პოლიტიკური ვნებების გამო ამქვეყნად მკვლელის უმძიმესი ტვირთის ტარებას და იმქვეყნად მარადიულ სატანჯველში ყოფნას მოსისხლე მტერსაც არ ვუსურვებდი.