ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან „ორმაგი მოქალაქეობისა და „რესპუბლიკის“ მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტი დაამტკიცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. პუტინის შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი საკითხების ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.
„მიღებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება, რომელიც შეთანხმდა აღმასრულებელი ხელისუფლების დაინტერესებულ ფედერალურ სტრუქტურებთან, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე“, – წერია დოკუმენტში.
განკარგულების თანახმად, „ერთი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე“. ასევე, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სავალდებულო სამსახურს გაივლიან იქ, სადაც ისინი მუდმივად ცხოვრობენ გაწვევის დროს. ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები, რომლებმაც სამხედრო სამსახური ერთ-ერთ მხარეს უკვე გაიარეს, ხელშეკრულების მიხედვით, მეორე მხარის გაწვევისგან თავისუფლდებიან.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე დაავალა ხელი მოაწეროს ამ ხელშეკრულებას რუსეთის ფედერაციის სახელით.