პოეტი ტარიელ ხარხელაური აცხადებს, რომ “მწერალთა სახლის” წინააღმდეგ გავრცელებული წერილის შინაარსი, რომელზეც მისი ხელმოწერაც იყო, მისთვის ცნობილი არ ყოფილა და ამის შესახებ მხოლოდ ღია წერილის გამოქვეყნების შემდეგ შეიტყო.
ხარხელაურის თქმით, მისთვის მიუღებელია ზიზღი და სიძულვილის ენა:
“ძალიან ვწუხვარ… დიდი გულისტკივილით, მაგრამ მაინც საყვედურის თქმა მომიწევს ჩემი მეგობრებისთვის, ჩემთვის მეტად ღირებულ და უაღრესად პატივსაცემი ადამიანებისთვის, რომელთა ხელმოწერებთან ერთად ჩემი ხელმოწერაც გაჩნდა ,,საერთო გაზეთში,, გამოქვეყნებულ წერილზე… მაგრამ განა ვინმე დაიჯერებს, რომ ტარიელ ხარხელაური, რომელმაც შვილის მკვლელის შეძულებაც ვერ შეძლო, ასეთ წერილზე ხელს მოაწერდა?!
არა, ბატონებო!- ცდებით… ასე არ მიცხოვრია, ეს არაა ჩემი ცხოვრების წესი. ჩემთვის ზიზღისა და სიძულვილის ენა მიუღებელი იყო წარსულში, მიუღებელია ახლა, მიუღებელი იქნება მომავალში, რადგან მიმაჩნდა და მიმაჩნია,რომ მწერლის მოვალეობაა იყოს შუამავალი უფალსა და საზოგადოებას შორის, და ამ სიყვარულით ნაკლულ წუთისოფელში, ერთმანეთთან თანაცხოვრების აუცილებლობაზე სიყვარულის ენით ისაუბროს.
ამ წერილში კი, ჩემდა გასკვირად, ამას ვერ ვხედავ, ღვარძლიანი ენა, როგორადაც არ უნდა სამართლიანად მოგვეჩვენოს, ვერ იქნება და არც გამოდგება საზოგადოების შემკვრელად და გამაერთიანებლად… ” – წერს ტარიელ ხარხელაური
მწერალთა სახლის” საწინააღმდეგო ღია წერილს, რომლითაცც თეა წულუკიანს მიმართეს და შეურაცხმყოფელი ლექსიკით გამოირჩევა, მწერალთა ნაწილი ემიჯნება.
იმ პირთა ნაწილი, რომელიც ღია წერილის ხელმომწერად არის დასახელებული, ტექსტთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ წერილის არებობის შესახებ მისი გამოქვეყნების შემდეგ შეიტყვეს.
განცხადება “მწერალთა აკადემიის” სახელითაა გავრცელებული და მასში “მწერალთა სახლში” მომუშავე პირები სააკაშვილის შეგირდებად არიან მოხსენიებულნი, თავად ორგანიზაციას კი “ბორდელს” უწოდებენ.
“ნეტგაზეთი”