თურმე, “გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება” “აი ფაქტმა” 5 ივლისს ძალადობრივ აქციაზე ფოტო და ვიდეო მასალებში 26 მღვდელმსახური აღმოაჩინა:
– “ეს მღვდლები ძალადობას ჯერ ამბიონიდან აქეზებდნენ, შემდეგ კი პარლამენტის წინ, კიბიდან:
- მამა საბა ჭიკაიძე – თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი
- დეკანოზი შალვა კეკელია – თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი
- მამა დავით რუხაძე – საბურთალოს სულთმოფენობის ტაძარი
- დეკანოზი გიორგი რაზმაძე – თბილისის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარი
- მეუფე გიორგი ჯამდელიანი – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია
- არქიმანდრიტი კირიონ ონიანი – დავითგარეჯას ლავრა
- მამა გიორგი პავლოვი – საგარეჯო, გიორგიწმინდას ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი
- მეუფე იოანე გამრეკელი – ქუთაის-გაენათის ეპარქია
- მამა სპირიდონ ცქიფურიშვილი – თერჯოლა, ვარდიგორის მამათა მონასტერი
- მღვდელმონაზონი დავით უმანკოშვილი – გელათის წმინდა საბას სახელობის მონასტერი
- დეკანოზი არჩილ დათეშიძე – ქუთაისის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი
- მამა არსენ სადუნიშვილი – ქუთაისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძარი
- მამა თომა სოსელია – ქუთაისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის და წმინდა თომა მოციქულის სახელობის ტაძრები
- მღვდელი კვირიკე რობაქიძე – ქუთაისი, ღირსი ილარიონ ქართველის ეკლესია
- დეკანოზი იოანე მიხელიძე – გუმათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის, ზარათის წმ. კვირიკესა და ივლიტას და ჟონეთის ფერისცვალების სახელობის ტაძრები
- დეკანოზი ილარიონ კვიმსაძე – ქუთაისის წმ. თომა მოციქულის სახელობის ტაძარი
- მღვდელმონაზონი მოსე ცქიტიშვილი – ქუთაისის ღირსი მოსე შავის სახელობის მონასტერი
- მამა იოანე გრიგოლაშვილი – წყალტუბო, სოფელ უკანეთის ტაძარი
- მამა დავით ბოჭორიშვილი – ტყიბული, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
- მამა გიორგი ბედიაშვილი – თბილისი, წმინდა დემეტრე თავდადებულის სახელობის/წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძარი
- მამა მოსე ჭელიძე – თბილისი, მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი
- მამა ბენიამინ ებრალიძე – ჯიხეთის დედათა მონასტერი
- დეკანოზი გაბრიელ ჩადუნელი – რუის-ურბნისის ეპარქია, ძამას ხეობა
- მამა დემეტრე ქათამაძე – ბოლნისი, ქვეშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი
- მამა იოანე საბანაძე – ვაკის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი
- მამა მირიან ფხაკაძე – ბოლნისის ეპარქია, ტანძიის ეკლესია
5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე მინიმუმ 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 53 ჟურნალისტია. ერთ-ერთი ოპერატორი, TV პირველის თანამშრომელი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია ძალადობის ორგანიზების ბრალდებით. დაკავებულებს შორის არაცერთი არაა სასულიერო პირი!”
– ვკითხულობთ „აი ფაქტის“კვლევაში.
მართალია, მკვლევარი „ჟურნალისტები“ დიდად მონდომებულები არიან, რომელიმე სამღვდელო პირი განსასჯელის სკამზე იხილონ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ სააკაშვილის რეჟიმი, ვისაც ისინი დღემდე ემსახურებიან – წარსულს ჩაბარდა და კონკრეტული მტკიცებულების გარეშე ადამიანის ციხეში გამოკეტვა ასე მარტივად ვერ მოხდება. არადა, მათი სიის მეორე ნომერი სიკეთის და სიყვარულის ქადაგებით განთქმული, ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის დეკანოზი შალვა კეკელია აღმოჩნდა. ზნეკეთილ წინამძღვარს ინტერვიუსთვის მისივე ტაძარში მივაკითხე:
– ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში რამდენიმე ტელევიზია გამოირჩევა. მათ აშკარად, ერთი ხელი მართავს, რადგან სხვადასხვა ტელევიზიის ჟურნალისტები სხვადასხვა ლოკაციაზე ერთი და იმავე ფრაზებით მეტყველებენ, ერთსა და იმავე ცრუ ბრალდებებს უყენებენ ეკლესიას, იმიტომ რომ მათ ჰყავთ ერთი მამა, ერთი დამბადებელი, ვისაც ღმერთის ეკლესიის დაუძლეველი სურვილი აქვს და ის გახლავთ თვით ეშმაკი! ყველა, ვინც ეკლესიას ებრძვის, ნებით თუ უნებლიედ, ამ ეშმაკს ემსახურება. მე პირადად, დიპლომის თემა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას მივუძღვენი, სადაც მიმოხილულია ეკლესია კომუნისტური რეჟიმის დამკვიდრების პერიოდში. მინდა გითხრათ, რომ მაშინდელი კომუნისტი „მკვლევარების“ რიტორიკა და ბრალდებები ერთი-ერთში ჰგავს დღევანდელი ცილისმწამებლების დასკვნებს. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ მაშინ ტელევიზიები არ იყო და ეს ცილისწამებები გაზეთებით და პროკლამაციებით ვრცელდებოდა. მაშინ გაზულუქებულ, მოქეიფე, ფაეტონში მონებივრე მღვდლებს ხატავდნენ, დღეს – ჯიპების თემა აქვთ თითზე დახვეული. მღვდლების გაპარსვას და ტაძრებიდან გამოყრას თუ მაშინდელი კომუნისტი აქტივისტები მოითხოვდნენ, ამჟამად ეს ესტაფეტა პარლამენტის წინ „ძალადობის გამპროტესტებელმა“ ვაი-ჟურნალისტებმა აიტაცეს. უღირსი სასულიერო პირი ყოველთვის შეიძლება გამოიძებნოს და ის კიდეც უნდა დაისაჯოს, რაც მისთვისვე იქნება კარგი… მაგრამ ეკლესიაზე მასშტაბური შეტევის ეს პროცესი ასეთი სასულიერო პირის მხილებას კი არა, მიზნად თვით ეკლესიის განადგურებას ისახავს!
– „მოძალადე მღვდელმსახურების“ სიაში მეორე ადგილი გერგოთ… რით დაიმსახურეთ ეს „პატივი?“
– უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო პროფესიაა ჟურნალისტობა – მოსახლეობისთვის მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება. მიკერძოებულმა და გადაუმოწმებელმა ინფორმაციამ შეიძლება ადამიანს ცხოვრება დაუნგრიოს. სამართლიანობა მოითხოვს, რომ ვინც ამ 26 მღვდელს „მოძალადეობას“ აბრალებს, თუ ვერ დაამტკიცებს ბრალდებას, მათ ჟურნალისტის სტატუსი შეუჩერდეთ. ჩვენ დღეს ვხედავთ სხვა რეალობას, როდესაც ჟურნალისტი, რასაც უნდა იმას გაბრალებს და ამგვარად თავის მართლების მდგომარეობაში გაყენებს. „მთავარმა არხმა“ რუსეთის აგენტიც კი მიწოდა, მაგრამ არავის უზრუნია, ან ეს ინფორმაცია დაესაბუთებინა, ან ცილისმწამებელ ჟურნალისტს პასუხი ეგო! თითქოს ევროპული ღირებულებებისკენ ილტვიან, მაგრამ გერმანიაში ერთ ჟურნალისტს სტატუსი შეუჩერდა მარტო იმიტომ, რომ წყალდიდობა გაზვიადებულად აჩვენა ეთერში, რამაც მოსახლეობის დასტრესვა გამოიწვია. ძნელად მოსათმენია, როცა ეკლესიის და სიწმინდეების დასაცავად გამოსულ მოქალაქეებს იქვე მყოფი ჟურნალისტები „პუტინისტებს და რუსეთის აგენტებს“ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უწოდებენ… ამის მიუხედავად, დროულად შევაჩერე რამდენიმე კონფლიქტი, ტრიბუნაზე ავიჭერი და საზოგადოებას მოთმინებისა და თავშეკავებისკენ მოვუწოდე, მაგრამ, ეს გამოსვლა რატომღაც, არც ერთმა ტელევიზიამ არ აჩვენა! არ უჩვენებიათ სიუჟეტები, როგორ გამოარიდეს მღვდლებმა ის ჟურნალისტები, რომლებიც შეგნებულად ცდილობდნენ შეკრებილი საზოგადოებისგან ძალადობის პროვოცირებას, პირდაპირ, შეურაცხყოფდნენ მათ… უკვე აშკარაა, რომ ტელევიზიებს მიზნად დასახული აქვთ, მღვდელი მოძალადედ წარმოაჩინონ. ისინი გადმოსცემენ არა იმას, რაც რეალურად ხდება; არამედ, რაც სურთ, რომ ხდებოდეს და ამგვარად, ამძიმებენ საკუთარ სულებს. უმძიმესი სატანჯველი ელოდება თითოეულ მათგანს, ვინც ცილისწამებით არის დაკავებული! პირველი ცილისმწამებელი ხომ, თვით ეშმაკი იყო და როდესაც ადამიანი სხვას ცილს სწამებს – ეშმაკს ემსგავსება!
– ღვთისმბრძოლობა, საყოველთაო გარყვნილება, მართალთა დევნა – წმიდა წერილის თანახმად ხომ, მეორედ მოსვლის წინ უნდა მოხდეს? ნუთუ, ბოლო ჟამია?
– უკვე მართლაც ცხადად ვხედავთ ეშმაკის გაბატონებას დედამიწაზე, რასაც ცოდვის დაკანონება მოყვა. ცოდვას სახელი დაეკარგა, ადამიანებს სიბილწე ნორმად მიაღებინეს – გარყვნილებას და სიბნელეს დაარქვეს „ფერადი,“ ხოლო ეკლესიას, რომელიც თავისი არსით წმიდაა და ფერადია – უწოდეს „სიბნელე.“ ადრე მრუშმა იცოდა, რომ მრუში იყო. მამათმავალმა იცოდა, რომ მამათმავლობდა. ახლა მამათმავალი სიამაყით გეუბნება თავისი ცოდვის შესახებ. სხვადასხვა ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა, თვალსაჩინოდ ჩანს ხორციელი და სულიერი დეგრადაცია. ადამიანებს გონება და ფასეულობები ეცვლებათ, ცოდვა – ადამიანისთვის მისაღები გახადეს! ეს მოვლენები მართლაც მიანიშნებს ბოლო ჟამზე.
– კოვიდპანდემია ბოლო ჟამს მოვლენების შემადგენელი ნაწილია? ავიცრათ თუ არ ავიცრათ?
– კოვიდპანდემიამ მართლაც შეცვალა სამყარო. ადამიანების ნაწილი თავის ცოდვებზე დააფიქრა და სინანულისკენ უბიძგა; მეორე ნაწილი – პირიქით – ღმერთს და ეკლესიას ჩამოაშორა. რაც შეეხება აცრას – მე პირადად, ვემიჯნები ყოველგვარ იძულებას. ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი და არჩევანს თავად აკეთებდეს. ადამიანი თავად უნდა წყვეტდეს, ექიმთან მივიდეს თუ არა, წამალი დალიოს ან არ დალიოს. როგორ შეიძლება, მე, როგორც სასულიერო პირმა ვაქცინაციის წინააღმდეგ გავილაშქრო, ვაქცინაციით კაცობრიობამ ხომ, მრავალი დაავადება დაამარცხა! მაგრამ ახლა ირკვევა, რომ კოვიდით ადამიანები ვაქცინაციის შემდეგაც სნეულდებიან, რომ სოციალური დისტანცია ვაქცინირებულებმაც უნდა დაიცვან და პირბადეც ატარონ, ამიტომ არა როგორც მღვდელმსახურს, არამედ, როგორც ადამიანს – ამ შემთხვევაში ეჭვი შემეპარა აცრის უპირატესობაში. რაც შეეხება ეკლესიის პოზიციას, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მრევლის დაყოფა აცრილებად და აუცრელებად. სინოდმა დაადგინა, რომ მოძღვრებს არ აქვთ უფლება ადამიანებს აუკრძალონ ან დააძალონ აცრა.
– წმიდა წერილის თანახმად, პლანეტაზე უნდა გამეფდეს ანტიქრისტე, რომელიც მოსახლეობას თავისი დამღით აღბეჭდავს. როცა საუბარი უკვე იძულებით ვაქცინაციაზე ჩამოვარდა, ეს არ იწვევს ეკლესიაში ეჭვებს, რომ ანტიქრისტე ამ მეთოდით ისარგებლებს?
– ანტიქრისტესთვის ტახტის მზადება რა ხანია მიმდინარეობს. ნელ-ნელა იხვეწება მოსახლეობის აღრიცხვის და თვალთვალის მეთოდები – ინტერნეტის, აიდი ბარათების და სხვა საშუალებებით, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ, საკითხები სწორად დავალაგოთ, რათა მავანმა ეკლესია ტექნიკური პროგრესის მოწინააღმდეგედ არ შერაცხოს. ჯერჯერობით, ის საფრთხე არ დგას, რომ ვაქცინაცია ანტიქრისტეს დამღის მიღებასთან იყოს გაიგივებული. მთავარია, ვაქცინაციამ იძულებითი ფორმა არ მიიღოს და ადამიანებს თავად მისცეს გადაწყვეტილების მიღების უფლება – აიცრან თუ არ აიცრან. მითუფრო, არ შეიძლება, ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლო, იმის გამო, რომ არ აიცრება, ან ტაძარში მოსვლა აუკრძალო, თუ აიცრება.
– სიწმინდეების დასაცავად ერის ქუჩაში გამოსვლა უკვე აპრიორში ძალადობად ფასდება. რა ვიღონოთ ამ სიტუაციაში?
– ძალადობა ქრისტიანობაში მიუღებელია. 5 ივლისს ჩვენ პროვოკაციების არიდება რომ მოგვეხერხებინა, საქართველოში უზნეობის აღლუმს, ლგბტ პრაიდის ჩატარებას ვერასოდეს ვერავინ ვერ გაბედავდა! სამწუხაროდ, ვიღაცები წამოეგნენ ოსტატურად დადგმულ პროვოკაციებს. საჭიროა, ამ ვითარებაში გამოსავალი ვიპოვნოთ, პროვოკაციებზე პასუხის სწორად და ქრისტიანულად გაცემა ვისწავლოთ. არც ტელევიზიებია პრობლემა, უკანასკნელი მოვლენების უკუღმა გაშუქების გამო მათ უკვე ძალიან ბევრი მაყურებელი დაკარგეს. მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელი გადაცემების დაწყებისთანავე თუ ტელევიზორებს გამოვრთავთ, არც რეიტინგი შეემატებათ და აღარც მათ პროვოკაციებს ექნება დასაყრდენი!
ესაუბრა ზაზა დავითაია
წყარო: “ასავალ-დასავალი”