ტენდენცია, რომელიც დასავლეთიდან მოდის, დამახასიათებელია არა დემოკრატიული, არამედ, ავტორიტატული და დიქტატორული რეჟიმებისთვის! – ნანა კაკაბაძე

ქართველი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ვერ მოექცა ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ახლახან საქართველოს გენერალური პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა:

„ საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ევროპის საბჭოს პროექტის – „დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სპეციალიზებული პროკურორების და მოსამართლეების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.                                                                   სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ისეთ საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა – დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული ძირითადი ტენდენციები, მიღწევები და გამოწვევები, მოტივის დამადასტურებელი მტკიცებულებების სტანდარტი, სასამართლოში საქმის განხილვის სპეციფიკა, შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთის და დასაბუთების სირთულეები… აღნიშნული მიმართულებით ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.“

არადა, ამ ინფორმაციაში საგანგაშო ქვეტექსტი იკითხება – ევროპის საბჭო საქართველოს ხელისუფლებას აიძულებს, მკაცრი სამართლებრივი ღონისძიებები მიიღოს, ფაქტობრივად, რეპრესია გაატაროს ყველა იმ ადამიანის და ჯგუფის მიმართ, რომელიც  საქართველოში ლგბტ აღლუმის ჩატარებას შეეწინააღმდეგება! ვესაუბრებით ცნობილ უფლებადამცველს, ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელს, საბჭოთა პერიოდის დისიდენტს,

ნანა კაკაბაძეს:

– ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-14 მუხლში „დისკრიმინაციის“ განმარტება სრულყოფილად არის ჩამოყალიბებული და, ვისი რეკომენდაციაც არ უნდა იყოს, ჩემთვის გაუგებარია, რისთვის გახდა საჭირო ამ მიმართულებით სპეციალიზებული პროკურორების და მოსამართლეების ჯგუფის შექმნა. მთავარია, ის გავარკვიოთ, არის თუ არა საქართველოში ყველა მოქალაქე თანაბარი კანონის წინაშე. ბოლო პერიოდის მოვლენებმა სამწუხარო რეალობა გამოკვეთა – საქართველოში ხდება მოქალაქეთა დაყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დანაშაულს სჩადიან ნაციონალური მოძრაობის და მის პოლიტიკურ ორბიტაზე მყოფი პარტიების წევრები, ხელისუფლების ძალოვანი ორგანოები და სასამართლოც – მათ მიმართ განსაცვიფრებელ ლოიალობას იჩენენ, ხშირად დაუსჯელსაც კი ტოვებენ, განსხვავებით სხვა დანარჩენი მოქალაქეებისგან, რაც საზოგადოებაში საფუძვლიან უკმაყოფილებას ბადებს. ჩემთვის აუხსნელია ამ მოვლენის არსი და თუ დისკრიმინაციაზე უნდა ჩამოვარდნილიყო საუბარი, პირველ რიგში, ამაზე! უნდა გითხრათ, რომ ასეთი ორმაგი სტანდარტები არის ხელისუფლების ძალზე სერიოზული შეცდომა თუ დანაშაული, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, შედეგი ერთია – დაზარალებული რჩება ქართველი საზოგადოება!

 – დისკრიმინაციის კონკრეტულ მაგალითებს ხომ ვერ დაასახელებთ?

– სულ ახლახან, ნაციონალური მოძრაობის წევრ ხატია დეკანოიძეს გადააწყდა ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც გამწარებული და აღშფოთებული იყო ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მმართველობით. მან შეაგინა ნაციონალურ მოძრაობას და არა კონკრეტულად ხატია დეკანოიძეს, მაგრამ ამაზე ატყდა დიდი აურზაური, დეკანოიძე მაშინვე გამოკითხეს, სასწრაფოდ დაადგინეს იმ ახალგაზრდის ვინაობა… და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ინტერნეტსივრცე სავსეა ვიდეო კადრებით, რომელშიც ნაციონალური მოძრაობის წევრები, ლიდერები და ნაცებთან ასოცირებული ტელევიზიის ჟურნალისტები და ხელმძღვანელები ეთერში პირდაპირ, უხამსად იგინებიან კონკრეტული პირების მიმართ! მათ არავინ იბარებს დაკითხვაზე და არ ამოქმედებულა არანაირი სანქცია, იმის მიუხედავად, რომ აშკარაა, ასეთ ქმედება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში არანაირად არ ჯდება! არ დასჯილა ნიკა გვარამია, რომელიც არა მხოლოდ პირდაპირ ეთერში იგინება, არამედ საჯაროდ, ტელეკამერების წინ აგინებს ქალბატონს და ფიზიკურადაც ძალადობს მასზე! ანუ, სჩადის ისეთ საქციელს, რომელიც უეჭველად დასჯადი ქმედებაა! ჩვენ გაგვაჩნია ისეთი კადრებიც, რომელზეც სამართლებრივ სახელმწიფოში დაუყოვნებლივ დაიწყებოდა სისხლის სამართლებრივი დევნა, თუმცა სახელმწიფო მათ დანაშაულებზე აშკარად, არ რეაგირებს!

 – ხელისუფლებამ საქმეც რომ აღძრას, იმავე ევროსაბჭოდან ოპოზიციის შევიწროვების იარლიყს აირტყამს და აგორდება კამპანია, რომ ხელისუფლება მედიას ავიწროვებს… რატომ უკეთებს ევროპის საბჭო ზურგს ასეთ დამნაშავეებს?

– მე ამ მოვლენაშიც ევროსაბჭოს დანაშაულს კი არა, საქართველოს ხელისუფლების პრობლემას ვხედავ. მთავარი ის კი არ არის, ევროსაბჭოს წარმომადგენელი როგორ მოიქცევა, მთავარია დანაშაულთან ორმაგი სტადარტით მიდგომის აღმოფხვრა, მიკერძოების გარეშე საკუთარი მოქალაქეებისთვის – ვინც ეს ხელისუფლება დაიქირავა – კანონის უზენაესობის მყარი გარემოს შექმნა! ხოლო თუ ევროსაბჭოს მოთხოვნები უსამართლოა და ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებსა კანონებს, ის უბრალოდ, არ უნდა შეასრულოს და მორჩა! უცხოელი ემისარი იქნება თუ შინაური, ფაქტია, რომ გაგიბედავენ იმდენს, რამდენსაც თავად გააბედინებ. არავის არ უნდა გააბედვინო, ყველას მტკიცედ უნდა აგრძნობინო, რომ ხარ დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყნის ხელისუფალი, კონსტიტუციის უზენაესობის განუხრელად დაცვით საკუთარი ხალხის ნებას ემსახურები და არა უსამართლო და უსაფუძვლო რეკომენდაციებს!

 – ევროსაბჭოდან „დისკრიმინაციასთან“ ძალოვანი ორგანოების ბრძოლის მოწოდების ეს მორიგი რეკომენდაცია, რეპრესიებში ხომ არ გადაიზრდება? ფაქტია, რომ ეს რეკომენდაცია საზოგადოების უმრავლესობას კი არა, ლგბტ პრაიდის პოზიციების განმტკიცებას ემსახურება!

– ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ევროსაბჭოს ამ რეკომენდაციით ჩვენი ძალოვნების მობილიზაცია ისევ და ისევ კონსერვატიულ პოზიციებზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების თავისუფლებას დაუპირისპირდება, რომლებიც, სხვათა შორის, საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ. აშკარად ვხედავთ, როგორ ხდება მოსახლეობის უმცირესობის მიერ უმრავლესობის ჩაგვრა და ასეთი მდგომარეობა შორს არის დემოკრატიული ღირებულებებისგან. მოგეხსენებათ, დემოკრატია – უმრავლესობის მმართველობა გახლავთ, ხოლო ის ტენდენცია, რომელიც დღეს სამწუხაროდ, დასავლეთიდან მოდის, დამახასიათებელია ავტორიტატული და დიქტატორული რეჟიმებისთვის და არავითარ შემთხვევაში – დემოკრატიისთვის! როგორ შეიძლება „დემოკრატიად“ ითვლებოდეს უმცირესობის ბატონობა და უმრავლესობისთვის საკუთარი შეხედულებების იძულებით თავს მოხვევა! ასეთი მდგომარეობა ახასიათებდა ფაშიზმს, კომუნისტებს… არავითარ შემთხვევაში ასეთი მდგომარეობა დემოკრატიული ქვეყნის კრიტერიუმი არ გახდება! როცა შენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის, მისი ტრადიციებისთვის და ზნეობისთვის მიუღებელ წესებს თავს იძულებით გახვევენ, ამას ხელისუფლება დროულად უნდა აღუდგეს. ხოლო თუ ხელისუფლება ამას ვერ ახერხებს, უნდა აღდგეს საზოგადოება და ყველას გააგებინოს. რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, ჩვენი არჩევანია დემოკრატიული მმართველობა, რაც გამორიცხავს შერჩევითი სამართლის რეკომენდაციების შესრულებას როგორსაც ძალიან ხშირად იძლევიან დასავლელი კლერკები, ჩინოვნიკები და ემისრები!

 – ფიქრობთ, რომ დასავლეთის უსამართლო მითითებების გამო აღშფოთებული ქართველი ხალხი ქუჩაში გამოვა?

– როდესაც დასავლეთმა საქართველო თავის პარტნიორად აღიარა, მე ვფიქრობ, მან აღიარა ის ტრადიციული ღირებულებებიც, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია. შესაბამისად, დასავლეთი პატივს უნდა სცემდეს პარტნიორი ქვეყნის ისტორიას, ზნეობრივ და კულტურულ ღირებულებებს და არა ებრძოდეს, მათ დათრგუნვას და აღმოფხვრას მოითხოვდეს. დასავლეთის რეკომენდაციები ჩვენი ეროვნული იდენტობის გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს და არა პირიქით. ქართველ საზოგადოებაში მღელვარება დაწყებულია. უფრო მეტიც – მოძალადე და სისხლიანი სააკაშვილის რეჟიმის, ხოლო შემდეგ კოჰაბიტაციის რეჟიმის იძულებით თავს მოხვევამ და ოპოზიციად მონათლული დამნაშავეების მხარდაჭერამ ქართველი ხალხის ცნობიერებაში ევროკავშირის მიმართ მნიშვნელოვანი განხიბვლა გამოიწვია. რასაც ნაციონალები ქვეყანაში აკეთებენ, ოპოზიციის საქმიანობასთან არაფერი აქვს საერთო და მათგან პოზიციათა ჭიდილის სურვილი არასოდეს გვინახავს…  ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაცების საბოტაჟს და კრიმინალს ჩვენი ხელისუფლება შესაბამის შეფასებას უნდა აძლევდეს და არა იღებდეს იმ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რასაც „დემოკრატიული ფასეულობების“ საბურველით და დასავლეთის ზურგით ნაციონალური მოძრაობა სთავაზობს. ამგვარად, მათ პარლამენტზე შტურმიც კი „გამოხატვის თავისუფლებად“ შეფუთეს და ხელისუფლება მუდამ იდგება დამხობის საფრთხის წინაშე, ვიდრე თუნდაც დასავლეთის მითითებით, მათ დანაშაულებს წაუყრუებს. 2003 წლიდან დღემდე ნაცები უკანონო და რევოლუციური გზებით ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლას და ჯერჯერობით, მათი ეს ქმედებები დაუსჯელია. დიახ, ამ მდგომარეობით აღშფოთებული ქართველი ხალხი მართლაც შეიძლება, ქუჩაში გამოიჭრას და ყველა უსამართლობას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის – კუთვნილი ადგილი თავად მიუჩინოს!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”