თენგიზ ცერცვაძემ განცხადება გაავრცელა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს.

ცერცვაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ სიკეთის ბოროტებად წარმოჩენას პერსპექტივა არა აქვს. საქმე ეხება პრეპარატ რემდესივირთან დაკავშირებულ მოსაზრებებს.

– “მთავარმა არხმა“ და „TV პირველმა“ გადასცა რეპორტაჟების სერია, სადაც გადაცემის წამყვანები, ჟურნალისტი ბ-ნი ზურა პეტროსიანი (მაგარი შენაძენია), მოწვეული ექიმები და ექსპერტები: ქ-ნი მაია ბუწაშვილი, ბ-ნი ვახტანგ კალოიანი, ბ-ნი გიორგი კამკამიძე, ბ-ნი სერგო ჩიხლაძე და სხვები შეეცადნენ დაერწმუნებიათ საზოგადოება, რომ სახელმწიფომ და თენგიზ ცერცვაძემ კორუფციული გარიგებებით??!! შემოიტანეს და COVID ავადმყოფების სამკურნალოდ იყენებენ „სრულიად უვარგის და უსარგებლო“ ანტივირუსულ მედიკამენტ რემდესივირს და პირიქით – არ იყენებენ ეფექტიან (სიცოცხლის გადამრჩენ) მედიკამენტ ტოცილიზუმაბს?! და ა.შ. და ა.შ.

ეს ტელევიზიები და მათი „შტატნი“ ამბიციადაუკმაყოფილებელი ექსპერტები რასაც წარმოადგენენ და რაზეც არიან წამსვლელები, ყველამ კარგად იცის, მაგრამ ასეთი უზნეო და სიმართლეს მთლიანად აცდენილი გადაცემები მათგანაც კი არ მახსოვს. როგორც ჩანს, ძალიან გაუჭირდათ. ამ ადამიანებს, სამწუხაროდ კატეგორიულად არ უნდათ „სხვისი აშენებული ქვეყანა“, სწყინთ და აღიზიანებთ, თუ ქვეყანაში რაიმე კარგი კეთდება (თუნდაც რემდესივირის და ტოცილიზუმაბის დანერგვა და სხვ.) და უხარიათ, თუ რაიმე ცუდი ხდება. ჩვენს მიმართ მთელი მათი აგრესიაც ამის შედეგია, რამეთუ მე ხელს ვუშლი მათი სანუკვარი ოცნების შესრულებაში – რომ ყველაფერი ცუდად იყოს.

მე შევეცდები მოკლედ გავცე პასუხი იმ ძირითად ინსინუაციებს, რომლებიც ზემოთაღნიშნულ გადაცემებში გაჟღერდა:

ანგაჟირებული ტელევიზიები – მილიონობით ლარის უსარგებლო რემდესივირის ქვეყანაში შემოტანა ხდებოდა საეჭვო კორუფციული კავშირებით.

ეს არამარტო დიდი ტყუილია, არამედ უზნეობის ეტალონია. იქამდე როგორ უნდა დაეშვა, რომ დიდი სიკეთე დიდ ბოროტებად წარმიაჩინო.

2020 წლის სახელმწოფომ ჩვენი რეკომენდაციით ინდოეთიდან (და არა Gilead-ისგან) შემოიტანა 92 ათასი დოლარის ღირებულების 4000 ფლაკონი რემდესივირი, თითო ფლაკონი 23 დოლარად (მინიმალურ ფასად), ჯანდაცვის სამინისტრომ წინასწარ ჩაატარა ფასთა მოკვლევა და ეს იყო შემოთავაზებულებიდან ყველაზე დაბალი ფასი. მაშინ როდესაც პიკის პერიოდში თვითონ ინდოეთში „შავ ბაზარზე“ 1 ფლაკონი რემდესივირის ღირებულება 1000 დოლარს აღწევდა. როდესაც ეს მარაგი ამოიწურა, ახალი პარტიის შემოტანა შეუძლებელი აღმოჩნდა მსოფლიო ბაზარზე ამ მედიკამენტის დიდი დეფიციტის გამო.

ზემოთაღნიშნულ სიტუაციაში ჩვენ თხოვნით მივმართეთ კომპანია „Gilead“-ის ხელმძღვანელს ბ-ნ Daniel O’day-ის, გამონაკლისის სახით დაგვხმარებოდა რემდესივირის მოწოდებაში. „Gilead“-ის ხელმძღვანელობამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და მოგვწერა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში საქართველოს წარმატებული გამოცდილების და დამსახურების და პირადად ჩვენი ფაქტორის გათვალისწინებით, მათ გადაწყვიტეს გამონაკლისის სახით, ერთჯერადი დონაციით უფასოდ, საჩუქრად მოეწოდებინათ დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, უშუალოდ მათივე წარმოების ბრენდული რემდესივირის – Veklury-ის 10 ათასი ფლაკონი.

ცნობისთვის, „Gilead“ ის ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში გასული 5 წლის განმავლობაში უფასოდ მოაწოდა რამოდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები, რამაც საქართველოში უკვე გადაარჩინა 74 ათასი C ჰეპატიტით ავადმყოფის სიცოცხლე. პროგრამა გრძელდება C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციამდე.

მე არ ვიცი, წარმოდგენაც კი მიჭირს რა დონის უზნეო უნდა იყოს ტელევიზია ან კონკრეტული პიროვნება, რომ 4 მილიონი დოლარის ღირებულების დეფიციტური მედიკამენტის (რემდესივირის) ქვეყნისათვის უფასოდ, საჩუქრად მოპოვება წარმოაჩინო კორუფციულ გარიგებად და დანაშაულებრივ ქმედებად.

ანგაჟირებული ტელევიზიები – რემდესივირი უვარგისი და უსარგებლო მედიკამენტია, მის გამოყენებას რეკომენდაციას არავინ აძლევს და საქართველოს გარდა მას არცერთ ქვეყანა არ იყენებს.

ტყუილია, დიდი ტყუილი.

რემდესივირი არ არის იდეალური პრეპარატი, მაგრამ სადღეისოდ უკეთესი პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტი არ არსებობს. რაღაც დროს უკეთესი პრეპარატი შეიქმნება და რემდესივირი ჩანაცვლდება, მაგრამ ჯერ ეს ვერ ხერხდება.

რემდესივირი სადღეისოდ COVID-19-ის სამკურნალო ერთადერთი ანტივირუსული მედიკამენტია, რომელსაც აქვს მსოფლიოში ორი უმაღლესი ინსტანციის – აშშ FDA-ის და ევროპის მედიცინის ასოციაციის (EMA) ოფიციალური რეკომენდაცია (Approval) https://www.fda.gov/news-events/press-announcements/fda-approves-first-treatment-covid-19; https://www.ema.europa.eu/en/news/first-covid-19-treatment-recommended-eu-authorisation, მაშინ, როდესაც სხვა მედიკამენტებს და ვაქცინებს აქვთ მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების რეკომენდაციები (ე.წ. Emergency use authorisation).

სადღეისოდ რემდესივირი შეტანილია ამერიკის და ევროპის უკლებლივ ყველა გაიდლაინში და წარმატებით გამოიყენება ამერიკის და ევროპის პრაქტიკულად ყველა სერიოზულ კლინიკაში, როგორც სტანდარტული (საბაზისო) თერაპიის საშუალება.

მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული და სანდო სამედიცინო ონლაინ პლატფორმა „up to date”, რომელსაც ხელი უდევს მსოფლიო მედიცინის პულსზე და აანალიზებს ყველა სამეცნიერო კვლევის შედეგებს, ბოლო განახლებაში წერს სიტყვა-სიტყვით „თუ ის ხელმისაწვდომია, ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ რემდესივირს ყველა ჰოსპიტალიზებული COVID-19-ით მძიმე ავადმყოფის სამკურნალოდ, ვინაიდან ის ამოკლებს გამოჯანმრთელების დროს, ამასთან ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ მის გამოყენებას იმ პაციენტებში, რომელთაც სჭირდებათ დამატებით ჟანგბადის მიწოდება დაბალი ნაკადით, რამდენადაც მას შეუძლია შეამციროს სიკვდილობა ამ პაციენტებში“. https://www.uptodate.com/contents/covid-19-management-in-hospitalized-adults

აი ასე. რემდესივირი ამოკლებს ჰოსპიტალიზებული ავადმყოფების გამოჯანმრთელების დროს და შეუძლია შეამციროს სიკვდილობა ამ პაციენტებში. ვის დავუჯეროთ, მსოფლიოს წამყვან ინსტიტუციებს, თუ „მთავარი არხის“ და “TV პირველის” მოწვეულ „ექსპერტებს“? რომელთაგან არცერთს არ გაუტარებია და არ გადაურჩენია არცერთი ჰოსპიტალიზებული COVID ავადმყოფი.

ახლა რაც შეეხება იმ კონკრეტულ სტატიას, რომელსაც ეს „ექსპერტები“ იშველიებენ, იქ ყველაფერი ნათელია. ჯერ ერთი – ეს კვლევა შესრულებულია ზუსტად 1 წლის წინ, როცა არ იცოდნენ, თუ რა კატეგორიის ავადმყოფებში იქნებოდა ეფექტიანი რემდესივირი და მეორეც – ამ სტატიას ახლავს თვითონ ავტორების განმარტებები მათი კვლევის შედეგების შეზღუდულ სარწმუნოებაზე (limitations), სადაც ისინი წერენ, რომ კვლევაში არ იყო შერჩეული ადექვატური საკონტროლო ჯგუფი, რადგან ყველა მძიმე ავადმყოფი იღებდა რემდესივირს და საკონტროლო ჯგუფისთვის რჩებოდნენ მსუბუქი ავადმყოფები. ავადმყოფების ნაწილი რემდესივირს იღებდა გვიან სტადიაზე (14 დღის ფარგლებში), ხოლო ნაწილი იმყოფებოდა რეანიმაციაში ინვაზიურ მექანიკურ ვენტილაციაზე. ამიტომ ბუნებრივია, კვლევის შედეგები ვერ იქნებოდა რელევანტური, რადგან დღეს ყველამ იცის, რომ რემდესივირი ეფექტიანია და შესაბამისად, რეკომენდებულია მხოლოდ დაავადების ადრეულ სტადიაზე ვირუსის რეპლიკაციის ფაზაში (არაუგვიანეს 10 დღისა – რაც უფრო ადრე, მით უკეთესი) მძიმე და დამძიმების რისკის მქონე ჟანგბადდამოკიდებულ (მაგრამ არაინტუბირებულ) ჰოსპიტალიზებულ COVID პაციენტებში.

ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგაც არცერთ გაიდლაინს და up to date პლატფორმას არ შეუცვლიათ რემდესივირის გამოყენების რეკომენდაციები (თუ შეცვლიან, ჩვენც შევცვლით), პირიქით უფრო გააფართოვეს მისი ჩვენებები და მას იყენებენ დამძიმების რისკის მქონე არაჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებშიც.

საქართველოში ჯერ რემდესივირის გამოყენების გამოცდილება დიდი არ არის (სულ 1208 პაციენტი), მაგრამ წინასწარმა შედეგებმა უჩვენა, რომ რემდესივირი სწორი სწორი გამოყენების შემთხვევაში უდავოდ სასარგებლო მედიკამენტია და ძალიან ბევრი ავადმყოფი გადაარჩინა დამძიმებას და მათი ნაწილი – სიკვდილსაც.

ანგაჟირებული ტელევიზიები – საქართველოში არ იყენებენ, არ იშოვნება და არ არის ხელმისაწვდომი COVID-19-ის სამკურნალოდ ეფექტიანი (სიცოცხლის გადამრჩენი) მედიკამენტი ტოცილიზუმაბი.

კიდევ ერთი ძალიან დიდი ტყუილი.

მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ტოცილიზუმაბს ჩვენ უკვე ერთ წელზე მეტია (პანდემიის დასაწყისიდანვე) ვიყენებთ. მაშინ, როდესაც არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც კი ძალიან ცოტა ვინმეს სჯეროდა მისი ეფექტიანობის. 2020 წლის ივნისში პირველმა არხმა 10 წუთიანი ვიდეო-ფილმიც კი გადაიღო იმაზე, თუ როგორ გადავარჩინეთ ტოცილიზუმაბით 83 წლის სასიკვდილოდ განწირული COVID-19-ით პაციენტი. შემდეგში ჩვენი რეკომენდაციით და ჩვენი შედგენილი პროტოკოლის მიხედვით ტოცილიზუმაბს ჩვენს გარდა კიდევ 10 კლინიკა იყენებდა. ასე მაგალითად, მარტო ბოლო 2 თვეში „ჩაფიძის გულის ცენტრმა“ 9 მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID ავადმყოფს უმკურნალა ტოცილიზუმაბით და მათგან 8 გადარჩა. ჩვენი ოპონენტი „ექსპერტები“ კი მხოლოდ გვაბულინგებდნენ და ბრალს გვდებდნენ იმაში, რომ ადამიანებზე ექსპერიმენტებს ვატარებდით. და მხოლოდ მას შემდეგ რაც ინგლისელების დიდი კვლევებით დადასტურდა, რომ ტოცილიზუმაბი სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტია 180 გრადუსით შეცვალეს თავისი რიტორიკა და სხვანაირად აჭიკჭიკდნენ (შერცხვებოდათ თუ რა). ძალიან ცუდია, რომ მათ გავლენის ქვეშ მყოფი კლინიკები და ექიმები დღემდე არ იყენებდნენ არც ტოცილიზუმაბს და არც რემდესივირს, რის გამოც COVID პაციენტები ზარალდებიან. ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდებოდა რომ ჩვენს საექიმო ალღოს და გამოცდილებას არ გაემართლებინა და ტოცილიზუმაბის ეფექტიანობა არ დადასტურებულიყო, ალბათ ჩაგვქოლავდნენ. ტოცილიზუმაბი ჩვენს მიერ ჯერ კიდევ 2020 წლის ივნისიდან არის შეტანილი COVID-19-ის კლინიკური მართვის პროტოკოლში. ჩვენვე, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად პანდემიის პირველივე თვეებიდან ვიზრუნეთ იმაზე, რომ ტოცილიზუმაბი ქვეყანაში შეუზღუდავი რაოდენობით ყოფილიყო, ხოლო ცოტა ხნის წინ ასევე ჩვენი და ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით მომწოდებელმა ტოცილიზუმაბის ფასი გაანახევრა. მტკნარი სიცრუეა, რომ ეს მედიკამენტი არ იშოვნება, ან ხელმისაწვდომი არ არის. ჯანდაცვის სამინისტრო ნაციონალურ პროტოკოლში შეტანის პირველივე დღიდან (2020 წლის ივნისიდან) ანაზღაურებდა ტოცილიზუმაბის ღირებულებას (მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ძვირია) და არავითარი პრობლემა ამ მხრივ არ ყოფილა.

ყველაფერ ამაში ყველაზე ცუდი და გულდასაწყვეტი მაინც ის არის, რომ ანგაჟირებულმა ტელევიზიებმაც და მათმა ექსპერტებმაც ძალიან კარგად, შესანიშნავად იციან, რომ რემდესივირი და ტოცილიზუმაბი ორივე ძალიან კარგი მედიკამენტია და მათ მთელი მსოფლიო ხმარობს. კიდევ უკეთესად იციან, რომ რემდესივირის შემოტანისას არავითარ კორუფციას თეორიულადაც კი ადგილი არ ჰქონია და ვერც ექნებოდა და ისიც იციან, რომ 4 მილიონი დოლარის ღირებულების დეფიციტური მედიკამენტის ჩუქებით ქვეყანას ძალიან დიდი სამსახური გავუწიეთ და მაინც კადრულობენ უკადრებელს.

ანგაჟირებული ტელევიზიების გადაცემებში კიდევ ბევრი ტყუილი მოვისმინეთ, მაგრამ მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ყველაფერი კარგად იცის და გვჯერა, რომ ის სწორ დასკვნებს და შეფასებებს გააკეთებს. სიკეთის ბოროტებად წარმოჩენას კი პერსპექტივა არა აქვს” – წერს ცერცვაძე Facebook-ზე.

წყარო: fortuna.ge