ტიკარაძე და დეგნანი ახალციხის ჰოსპიტალში “ფაიზერით“ იმუნიზაციის პროცესს გაეცნენ

ეკატერინე ტიკარაძე და კელი დეგნანი ახალციხის ჰოსპიტალში „ფაიზერით“ იმუნიზაციის პროცესს გაეცნენ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში „ფაიზერით“ იმუნიზაციის პროცესს გაეცნენ.

ჯანდაცვის მინისტრმა მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვაქცინაციაზე მოსახლეობის მიმართვიანობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

„წინა ვიზიტთან შედარებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვაქცინაციაზე მოსახლეობის მიმართვიანობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. მიხარია, რომ იმუნიზაციის პროცესში ჩართული არიან პედაგოგები და სტუდენტები. ეს მნიშვნელოვნად აისახება ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებაზე. მადლობა მოსახლეობას იმისათვის, რომ ენდო ჯანდაცვის სამინისტროს და ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთო“ – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმაც.

დიპლომატმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ადამიანთა ჯანმრთელობის დასაცავად.

– “ახალციხეში ჯანდაცვის მინისტრთან ერთად იმუნიზაციის პროცესსა და ვაქცინების ადმინისტრირებას გავეცანი, რომელიც ძალიან კარგადაა ორგანიზებული. მიხარია, რომ აცრის გასაკეთებლად ბევრი ადამიანია მოსული.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა აჩუქა და ეს არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ დავიცვათ საკუთარი სიცოცხლე და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა. ვაქცინა ნამდვილად უსაფრთხო და ეფექტურია. მოვუწოდებ მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ჩაერთონ“ – აღნიშნავს კელი დეგნანი.

წყარო: itv.ge