ეს არის ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვა – გოცირიძე საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მატებაზე

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდა ამომრჩეველთა პირდაპირი მოსყიდვაა.

მისივე თქმით, დღეს მთელი რესურსი მიმართული უნდა იყოს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად.

„ეს არის ხელფასების გაზრდა ამომრჩეველთა პარტიული აქტივისათვის და ეს არის პირდაპირი მოსყიდვა. რომელი რესურსებით აპირებენ მომატებას? თუ იმ რესურსებით აპირებენ, რომელიც ათეული მილიონობით იხარჯება მათი პარტიული აქტივის, ნათესავების, მეგობრების, საჯარო მოხელეებად გაფორმებული კოორდინატორების – ეს არის სხვა საკითხი. ისინი ამას ბუნებრივია არ აპირებენ, გაივსო სახელმწიფო საწარმოები ხელისუფლების მაღალჩინოსნების ოჯახის წევრების და პარტიული აქტივისტებით, როგორებიცაა: რკინიგზა,ნავთობის და გაზის კორპორაცია, ენერგეტიკა. სადმე თუ რაიმე სახელმწიფო საწარმოა ამ ფულს ჭამენ და ითვისებენ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები… ღირსეულ და პატიოსან საჯარო მოხელეს მართლაც სჭირდება ხელფასების მომატება, მაგრამ თუ მათ მოუმატებ, მაშინ პენსიები ვერ გაიზრდება და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელ სფეროებს დააკლდება ფული“, – ამბობს რომან გოცირიძე.

პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საჯარო სამსახურებში 2022 წლიდან ხელფასები გაორმაგდება.