40%-მდე რომ აიცრება, აცრილთათვის პრივილეგიებზე ისაუბრებენ?! – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე აცრილთათვის პრივილეგიების დაწესებაზე საუბარი ნაადრევია.

გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, რომ უწყებას აქვს ინიციატივა, აცრილთათვის გარკვეული ტიპის პრივილეგიები დაწესდეს – იქნება ეს გადაადგილებაზე თუ მაღაზიებსა და რესტორნებში შესვლაზე.

„მაგრამ სანამ 30-40% მოსახლეობის არ აიცრება, პრივილეგიებზე… დღეს მკითხეს, ვაქცინირებულმა პირბადე მოვიხსნაო? მკითხა ახლობელმა, ვუთხარი – არა.

ორჯერ ვაქცინირებულმაც ამ ეპიდსიტუაციაში პირბადე აუცილებლად უნდა ატაროს, როგორც დახურულ შენობაში, ასევე ღიაში,  გარე სივრცეში, იქ, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იქნება. სანამ არ შეიქმნება კუმულაციური იმუნიტეტი, პირბადე ჯერჯერობით რჩება მთავარ იარაღად და ის დაგვჭირდება. პრივილეგიებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ“, – აცხადებს ის.

საქართველოში ხვალიდან პირბადის ტარება გარე სივრცეშიც სავალდებულო ხდება. კერძოდ კი იმ ადგილებში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი მოიყრის თავს.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 44 ადამიანი. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 450 149 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 403 762 გამოჯანმრთელდა, ხოლო 6128 გარდაიცვალა,

 

“ნეტგაზეთი”