ჯო ბაიდენი ბელარუსის ხელისუფლებას დამატებით სანქციებს უწესებს

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთი წლის თავზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას ბელარუსის ხელისუფლებისთვის დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ.

„ერთი წლის წინ, ბელარუსმა ხალხმა მოინდომა, რომ დემოკრატიის გამოხატვის გზით – არჩევნებით, მისი ხმა გაგებული ყოფილიყო და საკუთარი მომავალი ჩამოეყალიბებინა. იმის ნაცვლად, რომ ბელარუსი ხალხის ნათლად გამოხატული ნებისთვის პატივი ეცათ, ლუკაშენკოს რეჟიმმა არჩევნები გააყალბა, რასაც განსხვავებული აზრის ჩასახშობი სასტიკი კამპანია მოჰყვა. ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დაკავებით, 500-ზე მეტი აქტივისტის, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერისა და ჟურნალისტის პოლიტპატიმრებად ციხეში გამომწყვდევით, გლობალური ნორმების შეურაცხყოფით, საერთაშორისო ავიარეისის იძულებითი კურსის შეცვლით, ლუკაშენკოს რეჟიმის ქმედებები არის არალეგიტიმური მცდელობა, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს. ის, ვინც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და გამოხატვის თავისუფლებას, პასუხისმგებელია ჩაგვრას წინ აღუდგეს. შეერთებული შტატები ადამიანის უფლებების და გამოხატვის თავისუფლების დაცვას გააგრძელებს და ამასთან ერთად, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ლუკაშენკოს პასუხს მოსთხოვს. ამისთვის გამოვცემთ ახალ საპრეზიდენტო განკარგულებას, რომელიც გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას რეჟიმს საფასური გადაახდევინოს და ვაცხადებთ ახალ სანქციებს ბელარუსი ფიზიკური და იურიდიული პირების წინაღმდეგ. როგორც ბელარუსის ოპოზიციის ლიდერ სვეტლანა ციხანოვსკაიას ვუთხარი, ბელარუსელი ხალხის გვერდით ვდგავართ“,- ნათქვამია ჯო ბაიდენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სანქციები დაუწესდათ 27 მოქალაქეს და 17 იურიდიულ პირს. სანქციები იმ ადამიანებს და ორგანიზაციებს დაუწესდათ, რომლებიც დემონსტრაციების დარბევასთან და „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დასმასთან არიან კავშირში.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გასული წლის 9 აგვისტოს ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. თუმცა არჩევნების შედეგებს არც ევროპის ქვეყნები და არც აშშ აღიარებს. არჩევნების შემდეგ ბელარუსში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რასაც მასობრივი დაკავებები მოჰყვა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბელარუსის ციხეებში 600-ზე მეტი პოლიტპატიმარი იმყოფება.