თბილისში, თოიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, თოიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, მოსე თოიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შეინიშნებოდა დაკვამლიანება და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.

შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისული მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო სამსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვაზე. არსებობდა ცეცხლის უფრო დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თოიძის ქუჩაზე მუშაობდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

წყარო: itv.ge