ბელარუსის ლიდერმა, ალეკსანდრ ლუკაშენკომ, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების უკანასკნელი რაუნდის საპასუხოდ, ვაშინგტონისგან მოითხოვა, 1 სექტემბრიდან ხუთამდე შეამციროს მინსკში თავისი საელჩოს თანამშრომლების რიცხვი.
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანატოლ ჰლაზმა სამინისტროს ვებსაიტზე 11 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინტერვიუში თქვა, რომ მინსკმა ასევე უკან წაიღო ადრე მიცემული თანხმობა ბელარუსში აშშ-ის ელჩად ჯული ფიშერის დანიშვნის თაობაზე.
„იმის გათვალისწინებით, რომ ბელარუსმა აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიმართ ნდობა დაკარგა, სანამ ეს ნდობა აღდგება, ჩვენ ვწყვეტთ თანამშრომლობას ყველა ახალ პროექტზე, გრანტებსა და პროგრამებზე, რომლებსაც აშშ-ის მთავრობა უწევს კოორდინაციას“, თქვა ჰლაზმა და დასძინა, რომ მინსკი იტოვებს უფლებას, დამატებითი ზომები შემოიღოს მომავალში.
ჰლაზის ინტერვიუ გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსის მიმართ ახალი სავაჭრო და ფინანსური სანქციების შესახებ გამოაცხადეს 9 აგვისტოს, ერთი წლის თავზე ბელარუსის უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნებიდან