სახიფათო შტამი: „იოტა“ ლეტალობას თითქმის ორჯერ ზრდის – მეცნიერთა დასკვნა

 კორონავირუსის „იოტა“ ვარიანტს, რომელიც მანამდე ნიუ-იორკში გამოვლინდა, შეუძლია 46-82%-ით გაზარდოს ლეტალობის კოეფიციენტი COVID-19-ით დაავადებულ უფროსი ასაკის ადამიანებში, ნათქვამია ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის სპეციალისტების კვლევაში, რომლის პრეპრინტიც* პორტალ MedRxiv-ზეა გამოქვეყნებული.

COVID-19-ზე ვაქცინაცია წლების განმავლობაში იქნება საჭირო: ბრიტანელი მეცნიერების ანგარიში>>

კვლევისას მეცნიერებმა გააანალიზეს ნიუ-იორკში 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის აპრილამდე აღრიცხული ეპიდემიოლოგიური მონაცემები, და მათემატიკური მოდელირება ჩაატარეს „იოტა“ შტამის გადადების სიჩქარის, იმუნიტეტისთვის თავის არიდების თავისებურებებისა და ლეტალობის დასადგენად.

კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსის სხვა შტამებთან შედარებით, „იოტა“ 45-დან 64 წლამდე ასაკის ადამიანებში ლეტალობის კოეფიციენტს 46%-ით ზრდის, 65-74 წლის პაციენტებში — 84%-ით, ხოლო 75 წელს გადაცილებულებში — 62%-ით.

გარდა ამისა, „იოტას“ გადადების სისწრაფე 15-25%-ით უფრო მაღალია, ვიდრე მანამდე ცირკულირებადი შტამებისა. ამასთან აღნიშნული ვარიანტი მანამდე ინფექციაგადატანილების 0-10%-ში ძლევდა იმუნიტეტს.

„იოტა“ ვარიანტი ნიუ-იორკში პირველად 2020 წლის ნოემბერში გამოვლინდა და მოგვიანებით მთელ აშშ-ში გავრცელდა. ამის შემდეგ ის მსოფლიოს 27 ქვეყანაში დაფიქსირდა. სპეციალისტების თქმით, „იოტა“ 2021 წლის მარტამდე დომინანტი შტამი იყო ნიუ-იორკში. „ალფა“ შტამის გაჩენის შემდეგ კი მისი გავრცელებადობა თანდათან შემცირდა.

„დელტა“ შტამი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ფეხმძიმეებს – საავადმყოფოებში მეტი ორსული ხვდება>>

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „იოტა“ მიმდინარე წლის მარტში შეიტანა იმ შტამების სიაში, რომლებიც „ინტერესს იწვევს“. რაც შეეხება „შეშფოთების გამომწვევი“ შტამების სიას, მასში ოთხი ვარიანტია შესული: „ალფა“ — ბრიტანული,  „ბეტა“ — სამხრეთაფრიკული, „გამა“ — ბრაზილიური და „დელტა“ — ინდური“.

პრეპრინტი* — ეს არის ნაშრომის შესახებ წინასწარი ანგარიში, რომელსაც რეცენზირება ჯერ კიდევ არ აქვს გავლილი. პრეპრინტის მიზანია, მასალები გამოქვეყნებამდე სხვა სპეციალისტებს გააცნოს, რათა ავტორს შესაძლებლობა ჰქონდეს, მათთან ერთად იმსჯელოს ნაშრომში დასმულ და განხილულ საკითხებზე.

 

“სპუტნიკი”