დაავადებათა კონტროლის ცენტრის [NCDC] ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის დასახვედრად მოწყობილ შეხვედრას აკრიტიკებს, რომელსაც პანდემიის პირობებში ათობით ადამიანი დაესწრო. დამსწრეთა შორის იყო პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც.
პაატა იმნაძეს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჰკითხეს, ხომ არ უსაყვედურებდა ამის გამო ღარიბაშვილს:
– “იცით, რა, პრემიერიც ქართველია და ამ ქვეყნის პრემიერია. ოლიმპიური ჩემპიონი როცა არის … მესმის ყველაფერი. თუმცა ჩემთვის მიუღებელი იყო ეს ყველაფერი ოლიმპიური ჩემპიონის შეხვედრაზეც ასეთი სუფრა. კი იყვნენ დისტანციურებულები მაქსიმალურად, მაგრამ ჩემთვის მაინც მიუღებელია“ – ამბობს ის.
7 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მშობლიურ სოფელ არხილოსკალოში ჩავიდა, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონს დახვედრა მოუწყვეს. კადრებში, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ ღარიბაშვილი ხალხმრავალ სუფრასთან ზის. ამ დღეს კორონავირუსის 4 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 38 ადამიანი.
ამ კადრების გავრცელების შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტებისას ღარიბაშვილმა თქვა – “მერე რა, რომ ვქეიფობდი, დანაშაულია ქეიფი?”.
წყარო: ptn.ge