პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც საჯარო სამსახურში ხელფასების მატებას ეხება, პრობლემურად აფასებენ საარჩევნო თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებში”.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე არჩევნებამდე ორი თვით ადრე ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებაში ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის რისკებს ხედავს.
რა თქვა ღარიბაშვილმა?
საუბარია დღეს, 9 აგვისტოს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც 2022 წლის იანვრიდან ღარიბაშვილი ხელფასების მატებას დაჰპირდა როგორც საჯარო მოხელეებს, ასევე, თვითმმართველი ქალაქების მერებს:
“ამ საკითხზე მთავრობას ერთიანი ხედვა არ წარუდგენია. ლაშა ხუციშვილმა [ფინანსთა მინისტრი] რამდენიმე დღის წინ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ჩვენი ახალი პოლიტიკის ფარგლებში, 2022 წლის იანვრიდან, ეტაპობრივად დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას. ეს აუცილებელია, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მართლაც ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ჩვენ ვერ ვუძლებთ კერძო სექტორთან კონკურენციას.
ამიტომ აუცილებელია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ 2022 წლის იანვრიდან, ისევე, როგორც გავზრდით მერების ხელფასებს. გადაწყვეტილი გვაქვს გაორმაგება. წარმოუდგენელია, მერმა იმუშაოს 2000 ლარად და ემსახუროს, მაგალითად, ქუთაისს, უზარმაზარ ქალაქს, ბათუმს, და ხელფასი ჰქონდეს 2000 ლარი. წარმოუდგენელია, ამიტომ ეს საკითხი საჭიროებს დროულად გადაწყვეტას და ამას ჩვენ აუცილებლად მოვაგვარებთ, ისევე, როგორც ზოგადად, სხვა საჯარო მოხელეების ხელფასებს” – ამბობს ღარიბაშვილი.
ფინანსთა მინისტრის განმარტება
მოგვიანებით, ღარიბაშვილის განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმაც განმარტა. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში ახლა, როცა წინ სწორედ თვითმმართველობის არჩევნებია, და არა თუნდაც გასულ წელს, ხუციშვილმა განაცხადა, რომ შარშან პანდემიიდან გამომდინარე სხვა მოცემულობა იყო:
“შარშანაც იყო ეს პრობლემა აქტუალური, თუმცა შარშან ვიყავით რეალობაში, როცა ქვეყანას მნიშვნელოვან შემცირება ჰქონდა საბიუჯეტო შემოსავლების, ხოლო, მეორე მხრივ, საჯარო სექტორი დისტანციურად მუშაობდა და ისე მკვეთრად აღარ იდგა ეს საკითხი, როგორც ეს იქნება მომავალ წლებში. ჩვენ არ ვსაუბრობთ ერთჯერად გადაწყვეტილებაზე” ,- ამბობს ხუციშვილი.
ფინანსთა მინისტრის თქმით, ბოლო 5-7 წლის განმავლობაში, ერთეული გამონაკლისების გარდა, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა არ განხორციელებულა და თუ ასე გაგრძელდება, მნიშვნელოვნად დაეცემა საჯარო სექტორის კონკურენტუნარიანობა და შეფერხდება რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება:
“ჩვენ მიერ დისკუსიისთვის იყო გამოტანილი საკითხი, რომ საჯარო მოხელეების ხელფასები არ უნდა იყოს ყოველთვის პოლიტიკური სპეკულაციების საგანი და გარკვეულ ინდექსაციაზე იყოს დაფუძნებული, რათა საჯარო სექტორში მოწესრიგდეს ხელფასების საკითხები.
გარკვეული წესები უნდა იქნეს შეთანხმებული, რათა აღნიშნულ არ გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. ვიწყებთ ახალი ბიუჯეტის პროექტზე მუშაობას და ყველა ის საკითხი, რომელიც იქნება შეთანხმებული და მიღებული, გამყარებული იყოს საბიუჯეტო დაფინანსებით და ბიუჯეტის შემუშავების პროცესში იქნას ჩართული. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება წლის ბოლომდე, რომელიც ასახული იქნება ბიუჯეტში” – ამბობს ფინანსთა მინისტრი.
როგორია მერების ხელფასები?
“ნეტგაზეთი” მერების ხელფასებითაც დაინტერესდა, რომელიც ვარირებს. ქუთაისის მერს, იოსებ ხახალეიშვილს, 2020 წლის 9 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში ხელფასის სახით 1 499 ლარი [ხელზე] ჩაერიცხა. მისი წინამორბედი, გიორგი ჭიღვარია 2019 წელს ხელფასის სახით ყოველთვიურად 2 210 ლარს იღებდა ხელზე. ბათუმის ყოფილ მერს, ლაშა კომახიძეს კი, 2020 წლის დეკლარაციის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში ხელფასის სახით 3 528 ლარი ერიცხებოდა ხელზე.
გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი, 2020 წლის დეკლარაციის მიხედვით, 2019 წელს თვეში ხელფასის სახით 2 560 ლარს იღებდა ხელზე. ქარელის მერის, ზაზა გულიაშვილის ხელზე ასაღები ხელფასი კი გასულ წელს თვეში 3 300 ლარი იყო. რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას ხელფასი, 2021 წლის დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს თვეში 3 618 ლარს შეადგენდა ხელზე.
ამასთან, ჩხოროწყუს მერის, დავით გოგუას ხელზე ასაღები ხელფასი, 2021 წლის დეკლარაციის მიხედვით, 2020 წელს თვეში 1 774 ლარს შეადგენდა. ზუგდიდის ყოფილი მერი გიორგი შენგელია კი, რომელიც 2021 წლის მაისში გადადგა, 2020 წელს ყოველთვიურად ხელფასის სახით 2 211 ლარს იღებდა.
როგორ აფასებენ მსგავს დაპირებას არჩევნებამდე 2 თვით ადრე
არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) დირექტორის, ნინო დოლიძის თქმით, პრემიერის დღევანდელი განცხადება, ისევე როგორც ბოლო დროს მის მიერ გაკეთებული არაერთი დაპირება, წინასაარჩევნო კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
დოლიძის თქმით, ამ დროს პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლების გულის მოგებას სხვადასხვა დაპირებით ცდილობენ და ამ შემთხვევაშიც, პრემიერის განცხადებაც ემსახურება მმართველი პარტიის მიმართ ამომრჩევლის გულის მოგების მცდელობას. ISFED-ის დირექტორი აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილი ქვეყნის პრემიერია და ხელი მიუწვდება სახელმწიფო ბიუჯეტზე მიუწვდება. შესაბამისად, იმგვარი პროგრამები და დაპირებები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის გავლით უნდა განხორციელდეს, მმართველი პარტიის დაპირებად არ უნდა იქნას აღქმული:
“ესაა მთავარი, რომ ზღვარი იყოს გავლებული მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას შორის. იმიტომ, რომ რაც სახელმწიფო თუ ადგილობრივი ბიუჯეტით ხორციელდება, არ ეკუთვნის კონკრეტულ პარტიას. უბრალოდ, პრობლემა ყოველთვის ის არის, რომ ამგვარ დაპირებებს გასცემენ მმართველ პარტიასთან აფილირებული, ამ შემთხვევაში კი მმართველი პარტიის წარმომადგენლები, რაც ამომრჩევლის თვალში აღიქმება როგორც მმართველი პარტიის მიღებული გადაწყვეტილება” – ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
მისი თქმით, მსგავსი ფაქტები საარჩევნო პროცესზე ახდენს გავლენას და სადამკვირვებლო ორგანიზაციები მრავალი წელია აწყდებიან. დოლიძე აღნიშნავს, რომ მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას შორის ზღვარი მკვეთრად გავლებული არაა, რაც საერთაშორისო დოკუმენტებს ეწინააღმდეგება და არც კარგი პრაქტიკაა სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის.
ამასთან, ISFED-ის დირექტორი აღნიშნავს, რომ კანონის გვერდის ასავლელად, მმართველი პარტიის წარმომდგენლები ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებს დადგენილ ზღვრამდე რამდენიმე დღით ადრეც ცვლიან, რაც ერთმნიშვნელოვნად კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება, თუმცა საარჩევნო პროცესს აზიანებს”
“კანონმდებლობით ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში ცვლილებები აღარ შეიძლება ხოლმე, როდესაც ოფიციალური კამპანია იწყება, მაგრამ იქამდეც მივიდნენ, რომ სანამ კამპანია ოფიციალურად დაიწყება, მანამდე, რამდენიმე დღით ადრე ხდება ხოლმე ეს ცვლილებები. ამიტომ აქ უფრო საუბარია, რა იქნებოდა კეთილი განწყობა და პოლიტიკური ნება, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს, იმიტომ, რომ ყველა რეგულაცია წარმოუდგენელია კანონმდებლობით გააკეთო.
ამ შემთხვევაში მათ უნდა იცოდნენ, რომ არ შეიძლება წინასაარჩევნო პერიოდში ისარგებლო და არათანაბარ პირობებში ჩააყენო სხვა პარტიები იმის გამო, რომ შენ ამ შემთხვევაში ხარ ხელისუფალი. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მაინც პრობლემად რჩება და ძალიან რთულია ამ ზღვრის დაცვა, მით უმეტეს, ჩვენნაირი ტიპის ქვეყანაში, და ეს ყოველთვის არის გამოყენებული წინასაარჩევნოდ. წინა არჩევნებზეც და ამ არჩევნებზეც ვხედავთ ამას განსაკუთრებით იმიტომ, რომ კოვიდმა მისცა ხელისუფლებას შესაძლებლობა, სოციალური პროექტების სახელით აკეთოს ასეთი მასშტაბური პროექტები” – ამბობს ნინო დოლიძე.
ღარიბაშვილის განცხადებას აფასებენ ოპოზიციაშიც. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ბიუჯეტში ვერ ხედავს რესურსს, საჯარო მოხელეებს ხელფასები იმგვარად გაეზარდოთ, რომ ეს თანხა სხვა ჯგუფებს არ დააკლდეს:
“პირდაპირ ვთქვათ, ეს არის წინასაარჩევნოდ მოსყიდვისთვის გაკეთბული განცხადება. საიდან? რომელი ფულით ზრდიან? გაზრდიან და უნდა მოაკლო მაშინ პენსიონერებს… იმის ნაცვლად, რომ პანდემიის პირობებში ფული მოხმარდეს თითოეული ჩვენი მოქალაქის გადარჩენას, საკუთარ პარტიულ აქტივს უმატებენ ხელფასს” ,- ამბობს რომან გოცირიძე “ტელეკომპანია პირველთან”.
“ლელოს” წევრი გრიგოლ გეგელია კი მიიჩნევს, რომ “ოცნებას” ეშინია საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხმების დაკარგვის და ამ გზით ცდილობს მათი არჩევანის მიტაცებას:
“ქართულ ოცნებას ეშინია, რომ საჯარო სამსახური აღარ ემორჩილება და მათი ხმების კრიტიკული რაიოდენობა შესაძლოა წავიდეს სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ არა ქართული ოცნებისკენ. შესაბამისად, ეს ყველაფერი გამიზნულია, რომ საჯარო სამსახურის ხმები იქნას პოპულისტურად და უტიფრად მიტაცებული. ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვის კონკრეტული შემთხვევა” – ამბობს გრიგოლ გეგელია “ტელეკომპანია პირველთან”.
წყარო: report.ge