ყვარელთან ახლოს ტყის ქვედა საფარი იწვის

ყვარელიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ტყის ქვედა საფარი იწვის, იუწყება „პირველი არხი“.

გავრცელებული ინფორმაციით,  ადგილობრივმა მოსახლეობამ  ტერიტორიაზე დაკვამლიანება გუშინ, ღამით შენიშნა და სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო–სამაშველო ბრიგადა. ცეცხლის ლოკალიზების ოპერაცია ამ დრომდე  გრძელდება. ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

ზაფხული ხანძარსაშიში პერიოდია. მაღალი ტემპერატურის ფონზე იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.  განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო 2017 წლის ზაფხულში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში გაჩნდა. მას ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. სპეციალისტების მონაცემებით, ხანგრძლივი ხანძრების შედეგად ასობით ჰექტარი უნიკალური ტყე განადგურდა. ტყის ხანძრების დროს ვითარება მთიანმა რელიეფმა, ქარმა და კლიმატურმა პირობებმა გაართულა. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში მაშინ დახმარება აღმოუჩინეს თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და ბელარუსმა. დახმარების მზადყოფნა რუსეთმაც გამოთქვა.

“სპუტნიკი”