ბაიდენმა პოლონეთში აშშ-ის ელჩად ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის ზბიგნევ ბჟეზინსკის ვაჟის მარკ ბჟეზინსკის დანიშვნის წინადადება წამოაყენა. ამას სიმბოლურად ჩათვლიდნენ არა მარტო მოსკოვში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ყველა დედაქალაქში.
მაგრამ ვარშავას დიპლომატის მიღება არ სურს. რა ხდება პოლონეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, წაიკითხეთ РИА Новости-ს მასალაში.
მამას ჰგავს
ამერიკის ადმინისტრაციის მოკლე შეტყობინებამ აჟიოტაჟი გამოიწვია აღმოსავლეთ ევროპაში. „პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, რომ მარკ ბჟეზინსკის დანიშვნას აპირებს პოლონეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად“, — ნათქვამია თეთრი სახლის საიტზე. ახლა კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს.
ტრამპის დროს აშშ-ს პოლონეთში ჯორჯეტ მოსბაჰერი წარმოადგენდა. იანვრის ბოლოს მან პოსტი დატოვა.
ზბიგნევ ბჟეზინსკი ჯიმი კარტერის პრეზიდენტობისას მრჩეველი იყო ეროვნული უშიშროების საკითხებში 1977-1981 წლებში. „ის თავისუფლად ლაპარაკობდა პოლონურად, მას კარგად იცნობდნენ და პატივს სცემდნენ პოლონეთში“, — წერს სააგენტო Associated Press.
ბჟეზინსკის მიიჩნევენ ცივ ომში აშშ-ის გამარჯვების თანაავტორად. ის მომხრე იყო იმისა, რომ ამერიკელებს ავღანეთში მოჯაჰედებისთვის დაეჭირათ მხარი, რომლებიც პროსაბჭოურ რეჟიმს ებრძოდნენ. 1970-იანების ბოლოს ვაშინგტონმა შეძლო შეეტყუებინა საბჭოთა კავშირი ახლო აღმოსავლეთში. მოგვიანებით ზბიგნევ ბჟეზინსკი ნატოს გაფართოებასა და რუსეთის შეკავებას უჭერდა მხარს.
ცნობილი პოლიტოლოგის შეხედულებებს აკადემიურ და დიპლომატიურ საზოგადოებაში ყველა არ იზიარებდა.
„უკრაინამ უნდა დაამტკიცოს, რომ სურს გახდეს ევროპული სამყაროს ნაწილი. თუ მას ეს გამოუვა, რუსეთისთვის ერთადერთი პერსპექტივა — რელობასთან შეგუება და ევროპის ნაწილად ქცევაა“, — ამბობდა ის. როგორც ჩანს, ბჟეზინსკი-უფროსი უკრაინას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. „უმისოდ რუსეთი იმპერია აღარ იქნება, — მიაჩნდა მას. — მასთან ერთად კი, ჯერ მოსყიდვითა და შემდეგ დაქვემდებარებით, ავტომატურად ხდება იმპერია“.
მარკ ბჟეზინსკიმაც აღმოსავლეთ ევროპა და ევრაზია აირჩია მოღვაწეობის არენად. მას დიპლომატიური გამოცდილება აქვს: პრეზიდენტ კლინტონის ადმინისტრაციაში ის რუსეთისა და ევრაზიის საქმეთა დირექტორი იყო, შემდეგ კი ბალკანეთის ნახევრკუნძულის საქმეთა დირექტორი თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოში. ბარაკ ობამას საარჩევნო შტაბში მრჩეველი იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ხოლო 2011-2015 წლებში შვედეთში მუშაობდა ელჩად. 56 წლის მარკ ბჟეზინსკი განათლებით იურისტია, დარტმუტის კოლეჯსა და ვირჯინიის უნივერსიტეტში სწავლობდა. ოდნავ მოგვიანებით პოლიტოლოგიას სწავლობდა ოქსფორდში, იცის პოლონური და ფრანგული ენები.
ვარშავასთან მას განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს. მარკი იქ ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სწავლობდა, დაწერა წიგნი „კონსტიტუციონალიზმისთვის ბრძოლა პოლონეთში“. დაჯილდოებულია ორდენით პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებებისთვის. ქვეყნის ამ უმაღლეს ჯილდოს პრეზიდენტი ხალხებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცებისა და ურთიერთკავშირების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ანიჭებს.
მთლად სასიკეთოდ არა
თუმცა პოლონეთთან მჭიდრო კავშირებს ამ ვითარებაში ზიანის მიყენება უფრო შეუძლია. როგორც პოლონური საინფორმაციო პორტალი Onet-ი წერს მთავრობაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით, ვარშავა ჯერჯერობით უარს ამბობს ბჟეზინსკისთვის აგრემანის გაცემაზე. მიზეზი — პოლონეთის მოქალაქეობა.
საქმე ისაა, რომ ზბიგნევ ბჟეზინსკი 1928 წელს ვარშავაში დაიბადა და მისი შვილები, პოლონური კანონების თანახმად, ავტომატურად მიჩნევიან ამ ქვეყნის მოქალაქეებად. ამასთან არანაირი ოფიციალური დოკუმენტი მათ არ გააჩნიათ. 1961 წლის ვენის კონვენციის მერვე მუხლში ნათქვამია: დიპლომატიური მისიის წევრები უნდა იყვნენ იმ სახელმწიფოს მოქალაქეები, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. თუმცა სახელმწიფოს, რომელშიც დიპლომატს ნიშნავენ, უფლება აქვს დაეთანხმოს მის მიღებას, თუ ის მისი მოქალაქეცაა.
მაგრამ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვანაირი მრავალწლიანი პრაქტიკა აქვს.
„პოლონეთის მოქალაქე არ უნდა ასრულებდეს დიპლომატიურ მისიას (პოლონეთში), ვინაიდან შეუძლია საგადასახადო ან იურიდიული იმუნიტეტის მოთხოვნა. მოქმედებს წესი: „არ შეიძლება იყო ელჩი საკუთარ ქვეყანაში“, — განმარტავენ ადგილობრივი მედიასაშუალებები.
იმისათვის, რომ დიპლომატიურ წარმომადგენლობას ჩაუდგეს სათავეში, მარკმა პრეზიდენტ ანჯეი დუდას უნდა მიმართოს თხოვნით, ჩამოართვას მოქალაქეობა. ასეთმა მოთხოვნამ ბაიდენის ადმინისტრაციაც გააკვირვა და თავად ბჟეზინსკი-უმცროსიც. ის ირწმუნება, რომ თავს პოლონელად არ მიჩნევს და საერთოდ არ არის ამ რესპუბლიკის მოქალაქე. მაგრამ ვარშავა სხვა აზრისაა. ბჟეზინსკი კი დუდასთვის არაფრის თხოვნას არ აპირებს.
„ამერიკის მთავრობას ეს პროცედურა დამამცირებლად მიაჩნია, ვინაიდან პოლონეთის მხარეს სურს, რომ შეერთებულმა შტატებმა მორჩილად შეასრულოს მისი სურვილები“, — წერს გაზეთი Wyborcza.
როგორც წესი, ქვეყნები აგრემანზე მოთხოვნას ერთი თვის განმავლობაში განიხილავენ, მაგრამ მეგობარი სახელმწიფოები ამას ორ კვირაშიც ახერხებენ. იყო შემთხვევები, როდესაც აშშ-ის ელჩებს ვარშავაში დოკუმენტს ორ-სამ დღეშიც კი აძლევდნენ. თუ კანდიდატურას არ ეთანხმებიან და პროცედურა იჭიმება, ეს ურთიერთობების გაუარესებაზე მეტყველებს. გამორიცხული არ არის, საქმე ბჟეზინსკის მოქალაქეობაში კი არ იყოს, არამედ ვაშინგტონის ახალ ადმინისტრაციასთან პოლონეთის ხელისუფლების კავშირებში. „ეს თემა სხვა არაფერია, თუ არა ამერიკელებზე ზეწოლის საბაბი. ყველა ჩვენი წყარო აღნიშნავს, რომ ასეთი ინფორმაციის გაჟონვას მედიასაშუალებებში შესაძლოა კატასტროფული შედეგი მოჰყვეს როგორც ელჩ ბჟეზინსკის შესაძლო დიპლომატიური მისიის წარმატებისთვის, ისე პოლონურ-ამერიკული ურთიერთობებისთვის მთლიანად“, — წერს Wyborcza.
მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი და ვარშავა მოკავშირეები არიან, ერთმანეთის მიმართ არცთუ ცოტა პრეტენზია აქვთ. მაგალითად, ანჯეი დუდამ ჯო ბაიდენს პრეზიდენტად არჩევა 7 ნოემბერს კი არ მიულოცა — როგორც გერმანიამ, ბრიტანეთმა ან საფრანგეთმა, არამედ დეკემბრის ბოლოს, როდესაც ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრის ოფიციალური შედეგები გახდა ცნობილი. ცოტა ხნის წინ ვარშავა ვაშინგტონს იმის გამო აკრიტიკებდა, რომ მან არსებითად დაუშვა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დამთავრება. აშშ, კერძოდ, ახალი ადმინისტრაცია კი პოლონეთს მისი მოქალაქეების დემოკრატიული თავისუფლებების შელახვაში ადანაშაულებს. როგორც ამერიკელ სენატორთა ჯგუფმა აღნიშნა, პოლონეთში „დემოკრატიის მუდმივი რეგრესია“. ივლისში სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა ვარშავას შეახსენა, რომ პრესა თავისუფალი და დამოუკიდებელი უნდა იყოს.
„რუსეთში მისი როლი გადაჭარბებულად ფასდება“
ბევრი შიშობს, რომ მარკ ბჟეზინსკი, ისევე, როგორც მამამისი, რუსოფობიულ პოლიტიკას გაატარებს. 2020 წლის ივლისში მისმა ძმა იანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში არასაკმარისად ხისტად იმოქმედეს მოსკოვზე. „ბოლო 15 წლის განმავლობაში დასავლეთის, მათ შორის, აშშ-ის პასუხი რუსეთის აქტიურობაზე მოიცავდა ზეწოლის შეზღუდულ ზომებს, როგორებიცაა ეკონომიკური სანქციები და სამხედროების გაგზავნა ევროპაში — მოკლევადიან დიპლომატიურ იზოლაციასთან ერთად“. მისი აზრით, ასეთმა მიდგომამ ვერ შეცვალა კრემლის საგარეო პოლიტიკური კურსი და „რუსეთის პრეზიდენტს სიმამაცეც კი შესძინა“.
როგორც ექსპერტი დმიტრი ოფიცეროვ-ბელსკი ამბობს, შეიძლება არც ღირდეს, რომ მარკ ბჟეზინსკის პოლონეთში ამერიკის ელჩად დანიშვნა ვარშავისა და მოსკოვის ურთიერთობების თვალსაზრისით განიხილებოდეს.
„ამაში რუსეთისთვის არანაირი სიგნალი არ არის. ამერიკელებს, დიდი ალბათობით, წარმოდგენაც არ აქვთ, რამდენად გადაჭარბებულადაა შეფასებული მოსკოვში ზბიგნევ ბჟეზინსკის ფიგურა. აშშ-ში ის მრჩეველი იყო, ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანი, მაგრამ ის არასდროს მიაჩნდათ გავლენიან ინტელექტუალად და, მით უმეტეს, საბჭოთა კავშირთან ბრძოლის იდეოლოგად. ბჟეზინსკის დანიშვნით აშშ-ს პოლონეთის მიმართ კეთილგანწყობის დემონსტრირება სურდა“, — მიაჩნია მას.
ოფიცეროვ-ბელსკის თქმით, ელჩის პიროვნება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკაზე საკვანძო გავლენას მაინც არ ახდენს.
ექსპერტის აზრით, ვარშავისა და ვაშინგტონის ურთიერთობები, ყველაფრის მიუხედავად, მშვენიერია. ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთქმედება არსებობს. დიდი ბრიტანეთის ვეროკავშირიდან გასვლის შემდეგ პოლონეთი ავტომატურად გახდა აშშ-ის ყველაზე ერთგული და თანმიმდევრული მოკავშირე ევროპაში, შტატების გავლენის აგენტი.
ქსენია მელნიკოვა