უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესების გამო, აშშ საელჩოდან პერსონალის ევაკუაციის მიზნით ავღანეთში დამატებით ჯარებს აგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური წყაროს ინფორმაციით, ჯარები სახმელეთო და საჰაერო მხარდაჭერას უზრუნველყოფენ ქაბულის აეროპორტისკენ მიმავალი ამერიკელების უსაფრთხოებისათვის.
1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.
ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას არ ნანობს.
ბოლო მონაცემებით, რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ყანდაარი და ჰერათი აიღო. რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის ტერიტორიის 65%-ს აკონტროლებს.