NASA-ს მარსმავალი „პერსევერანსი“ ისტორიის დაწერას განაგრძობს.
ექვსთვლიანმა რობოტმა მარსის ატმოსფეროს შემადგენელი ნახშირორჟანგი ჟანგბადად გარდაქმნა, რაც პირველი ასეთი შემთხვევაა სხვა პლანეტაზე.
„ეს გახლავთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი, როდესაც მარსზე ნახშირორჟანგი ჟანგბადად ვაქციეთ“, — ამბობს NASA-ს კოსმოსური ტექნოლოგიების მისიათა დირექტორატის ასოცირებული ადმინისტრატორი ჯიმ როიტერი.
ტექნოლოგიის დემონსტრაცია 20 აპრილს მოხდა და გაჩნდა იმედი, რომ ამ ექსპერიმენტულმა ტექნოლოგიამ შეიძლება გზა მოამზადოს მომავალში მარსზე ადამიანთა ჩასვლისთვის.
ამ გზით დამზადებული ჟანგბადი არა მხოლოდ სამომავლო ასტრონავტთა სუნთქვისთვის იქნება საჭირო, არამედ რაკეტის საწვავადაც უკან დასაბრუნებელი მისიებისთვის.
მავალის ინსტრუმენტს, რომელმაც ჟანგბადი დაამზადა, MOXIE ჰქვია (Mars Oxygen In-Situ Resource Utilization Experiment) და წარმოადგენს „პერსევერანსის“ წინა მარჯვენა ნაწილში ჩამონტაჟებულ მანქანის ბატარეის ზომის ყუთს, რომელიც ოქროს თხელი საფარით არის დაფარული.
ნახშირორჟანგის მოლეკულებს, რომელიც ნახშირბადის ერთი და ჟანგბადის ორი ატომისგან შედგება, მოწყობილობა ელექტროენერგიისა და ქიმიის გამოყენებით შლის.
ამ პროცესში, ქვეპროდუქტის სახით იწარმოება ნახშირჟანგიც (ნახშირბადის მონოქსიდი).
პირველ ცდაზე MOXIE-მ 5 გრამი ჟანგბადი დაამზადა, რაც ნორმალურ აქტივობაში მყოფ ასტრონავტს 10 წუთის განმავლობაში ეყოფა სასუნთქად.
ინსტრუმენტის ინჟინრები ახლა სხვა ტესტებს ატარებენ და შედეგის გაუმჯობესებას ცდილობენ. ის ისეა შექმნილი, რომ საათში 10 გრამამდე ჟანგბადის წარმოება შეუძლია.
MOXIE მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში შეიქმნა; აქვს სიცხისადმი რეზისტენტული მასალები, მაგალითად, ნიკელი, რადგან მუშაობისას მოწყობილობა 800 გრადუს ცელსიუსამდე ცხელდება.
ამავე დროს, ინსტრუმენტი დაფარულია ოქროს თხელი საფარით, რათა ეს სიცხე აირეკლოს და გარე მიმართულებით გაუშვას, რომ არ მოხდეს მავალის სხვა ნაწილების დაზიანება.
ინჟინრების განცხადებით, მის ერთტონიან ვერსიას დაახლოებით 25 ტონა ჟანგბადის წარმოება შეუძლია, რაც საჭიროა მარსიდან რაკეტის აფრენისთვის.
მარსის ატმოსფეროს 96 პროცენტს ნახშირორჟანგი შეადგენს. მისგან ჟანგბადის წარმოება შეიძლება უფრო შესაფერისი არჩევანი იყოს, ვიდრე ზედაპირის ქვეშიდან ყინულის ამოღება და შემდეგ, ელექტროლიზის გზით მისგან ჟანგბადის მიღება.
„პერსევერანსი“ წითელ პლანეტაზე 18 თებერვალს დაჯდა და მისიის მთავარი მიზანი მიკრობული სიცოცხლის ნიშნების ძებნაა.
19 აპრილს, მარსზე მასთან ერთად ჩასულმა მინი-ვერტმფრენმა „ინჯენუიტიმ“ პირველი, ისტორიული, კონტროლირებადი ფრენა შეასრულა სხვა პლანეტაზე.
მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.