ამ დროისთვის ავღანეთში ჩარჩენილი ქართველი: “პედოფილია იყო დიდი პრობლემა ავღანეთში, ძალადობა მოზარდ ბიჭებზე, რაც თალიბანის კანონებით სიკვდილით ისჯება”

თალიბების მიერ  ავღანეთის და მისი დედაქალაქის აღების შემდეგ, ყველა ქვეყანა თავისი მოქალაქეებს ავღანეთიდან უსაფრთხოდ გამოყვანას ცდილობს. საქართველომ ეს ჯერ ვერ შეძლო. ავღანეთში  22 ქართველი იყო, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ. ექვსი მათგანი ჩამოვიდა, 16 კვლავ ქაბულში რჩება. ვინ არიან ისინი, რატომ ვერ მოახერხეს ამ დრომდე ავღანეთიდან გამოსვლა და რა ხდება ახლა ქაბულში?

JAMnews-ი ავღანეთში, მყოფ ერთ-ერთ ქართველს, გურამ ცირეკიძეს ესაუბრა.

როგორ დაიპყრო “თალიბანმა” ავღანეთი – რა არის მისი ძალა, რა ხდება ახლა და რას უნდა ველოდოთ მომავალში?

გურამ ცირეკიძე ორი წელია ცხოვრობს და მუშაობს ავღანეთში, დედაქალაქ ქაბულში. ის ერთ-ერთი კანადური კომპანიის თანამშრომელია. ეს კომპანია გარკვეული საერთაშორისო ობიექტების უსაფრთხოებას იცავდა.

— გურამ, პირველ რიგში, სად ხართ ახლა და რამდენად უსაფრთხოა თქვენი მანდ ყოფნა?

— ჩვენ, 16 ქართველი, ვინც ერთად ვმუშაობდით,  ახლა ქაბულის გარეუბანში, ჩვენი სამსახურის ბაზაზე ვართ. ეს ბაზა ასე თუ ისე დაცულია. ამ ეტაპისთვის ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ქართველების გარდა აქ  სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან, რომლებიც ასევე ელოდებიან ავღანეთიდან გასვლის შესაძლებლობას.

გამიჭირდება ზუსტად გითხრათ რამდენი ვართ, მაგრამ რამდენიმე ათეული ვიქნებით.

ჩვენ გარდა ქაბულში კიდევ ექვსი ქართველი იყო, ჩვენი მეგობრები სხვა კომპანიიდან, ისინი უკვე გაემგზავრნენ საქართველოში.

— თქვენ რატომ ვერ ახერხებთ აეროპორტამდე მისვლას?  და რა იცით თქვენი დაბრუნების გზებზე?

ჩვენი ბაზა აეროპორტიდან დაახლოებით ოთხ კილომეტრშია. ახლა საჭიროა ჩვენი უსაფრთხო გადაყვანა აეროპორტში.

გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩვენს გამოსაყვანად. განსაკუთრებით, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, რომელიც დღე და ღამე კავშირზეა ჩვენთან. მას დაევალა ამ საკითხის მოგვარება.

ვიცით, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები თურქულ მხარესთან, რომ თურქი სამხედროების დახმარებით განხორციელდეს ჩვენი ევაკუაცია აეროპორტამდე. მერე საქართველო უზრუნველყოფს გამოფრენას.

თვითმფრინავზე, რომელიც ჩვენ გამოგვიყვანს, საქართველოს მთავრობა ზრუნავს. სამჯერ დაჯდა ეს თვითმფრინავი აეროპორტში, მაგრამ ჩვენ ვერ მოვახერხეთ მისვლა.

ჩვენი სამხედრო ნაწილები არ არიან ავღანეთის ტერიტორიაზე და ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვა ასე პირდაპირ არავის ეკისრება.

ჩვენი დამსაქმებელი კომპანიაც არ აკლებს მცდელობებს. პირველ რიგში მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ჩვენს აქედან უსაფრთხო გაყვანაზე. თუმცა, ჩვენ მთავრობისგან უფრო დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ.

ჩვენი ბედი  გარეთა სიტუაციაზეა დამოკიდებული. როცა ვითარება გარეთ მეტ-ნაკლებად დასტაბილურდება,  თურქული კოლონა იქნება თუ სხვა ორგანიზაცია, მოვა და გაგვიყვანს აეროპორტამდე.

— საფრთხე ვისგან მოდის, თალიბების მხრიდან?

 თალიბები არ არიან აგრესიული უცხოელების მიმართ. ყოველ შემთხვევაში, ამ წუთის მოცემულობა ასეთია.

აგრესია ამ ეტაპზე მოდის უფრო ადგილობრივების მხრიდან. უცხოლებისთვის უსაფრხო არ არის გარეთ ყოფნა.

აქ ახლა სიტუაცია ძალიან ქაოტურია. ქალაქში რადიკალურად განწყობილი ჯგუფები გადაადგილდებიან და ჩვენი გასვლა ასე მარტივი არ არის.

ნახავდით კადრებს, რა ხდებოდა აეროპორტის ტერიტორიაზე, როგორ ცდილობდნენ ადგილობრივები ქვეყნიდან გაქცევას. თვითმფრინავიდან ცვიოდა ხალხი.

მათ უნდათ გაერიდონ თალიბანის რეჟიმს. მათ ეშინიათ. რადგან ვერ ახერხებენ ქვეყნის დატოვებას, უფრო მეტი აგრესია აქვთ ამ ადამიანებს. განსაკუთრებით, უცხოელების მიმართ არ არიან კეთილგანწყობილი.

ისინი მიტოვებულად გრძნობენ თავს. აქვთ პროტესტი და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვაბრალებენ თავიანთ უბედურებას.

ყველა უცხოელს ისინი ამერიკელად აღიქვამენ. რადგან შენ ხარ უცხოელი, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა საიდან ხარ, მისთვის მაინც ამერიკელი ხარ.

 თქვენი კომპანიის სხვა უცხოელმა თანამშრომლებმა თუ მოახერხეს დაბრუნება? ან ავღანეთში მყოფმა სხვა უცხოელებმა?  

 ჩვენი თანამშრომლებიდან ჯერ არავის დაუტოვებია აქაურობა. ამ ქვეყნების საგარეო უწყებები კოორდინაციაში მუშაობენ და ერთიან სცენარს განიხილავენ. კომპანიაც ერთიანი ევაკუაციის გეგმაზე მუშაობს.თუმცა, თურქული მხარე მხოლოდ ჩვენზე მუშაობს. მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციას განიხილავს

რაც შეეხებათ სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, რამდენი ადამიანი იმყოფება საელჩოებში. როგორც თქვენ იგებთ სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან ინფორმაციას, ისე ვიგებთ ჩვენც.

არის საუბარი, მითქმა-მოთქმა, რომ ამერიკის საელჩოში კიდევ არის ხალხი. ზოგი იმასაც ამბობს რომ საერთოდ ცარიელია საელჩო. ამბობენ იმასაც, რომ საფრანგეთის საელჩოს ვერ გამოჰყავს თავის ხალხი. ბრიტანეთის საელჩოს ხალხი მაგალითად, ჩვენს ბაზაზეა.

ინფორმაციები ძალიან არეულია.

ერთადერთი რაც ნამდვილად ვიცით, 15-ში, როდესაც „თალიბანმა“ დაიწყო შემოსვლა, ამერიკის საელჩოს თავზე ვერტმფრენების რიგი იყო. ცდილობდნენ დამჯდარიყვნენ და გაეყვანათ თავიანთი მოქალაქეები საელჩოს ტერიტორიიდან.

ამ წუთას ეს ასე აქტიურად შესამჩნევი არ არის. შემიძლია ვთქვა, რომ ახლა მწვანე ზონაში არანაირი ევაკუაცია, საჰაერო გზით, არ მიმდინარეობს.

 ზოგადად ქალაქში რა სიტუაციაა? რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ?

 ჩვენ რაც ვიცით, ჯერჯერობით თალიბანი ასე თუ ისე, იცავს იმ ხელშეკრულებას რაც ამერიკასთან დადო. მან განაცხადა, რომ არ აპირებს საბრძოლო მოქმედებები აწარმოოს  მოსახლეობის წინააღმდეგ.

სულ იმეორებენ ერთი და იგივეს, რომ არ ერჩიან არავის, არც გამოირჩევიან აგრესიულობით.

თავისებურად ცდილობენ წესრიგის დამყარებას. შემოიღეს კომენდანტის საათი. აკრძალეს იარაღით გადაადგილება ქუჩაში.

უკვე გამოსცეს რაღაც კანონები. მაგალითად, იკრძალება ნარკოტიკული საშუალებების მოყვანა-რეალიზაცია, სესხის გაცემა პროცენტში. პედოფილია იყო დიდი პრობლემა ავღანეთში, ძალადობა მოზარდ ბიჭებზე, რაც თალიბანის კანონებით სიკვდილით ისჯება, დახვრეტით.

რაღაც ბრუტალური ქმედებები, რომ თუნდაც ვიღაცები ჩაცხრილეს ქუჩაში, არ გვსმენია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიტუაცია არ შეიცვლება.

ამ წუთას და ამ მოცემულობით, არ გამოირჩევიან აგრესიულობით მოსახლეობის მიმართ. თუმცა, მათი საქმიანობის 30-წლიანი ისტორია არ გაძლევს საშუალებას, რომ ენდო.

ადგილობრივებიც, რომლებიც ჩვენთან მუშაობდნენ წლები, გვეუბნებიან, რომ თალიბები ჩვეულებრივად დგანან ქუჩაში, არავის უკრძალავენ გადაადგილებას.

დაუნდობლად არიან განწყობილი კრიმინალის მიმართ. იმიტომ, რომ პირველივე დღეს, როგორც კი თალიბანმა აიღო კონტროლი, ძალიან ბევრი კრიმინალი გამოვიდა ქუჩაში, მთელი რიგი კრიმინალური ჯაჭვი იყო იმ ღამეს.

ისინი ამბობენ, რომ მშვიდობა უნდა დაამყარონ. მოქმედებენ ისე, როგორც მთავრობა. ისეთივე სტრუქტურით არიან ჩამოყალიბებული, როგორც მთავრობები. ყველა რგოლს აკონტროლებენ. 80 პროცენტით უკვე თალიბანია მთლიან ავღანეთში.

ბაზიდან რასაც ვხედავთ, ხალხი მოძრაობს ქუჩაში ჩვეულებრივად, მანქანები გადაადგილდებიან.

იგივენაირ ტემპში ცხადია არა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება.

 რა ხდებოდა 15 აგვისტომდე, იქამდე, ვიდრე „თალიბანი“ ქაბულს აიღებდა? ელოდით ამ სცენარს?

 15-მდე არაფერი არ იგრძნობოდა. ძალიან სწრაფად შემოვიდა „თალიბანი“ ქალაქში, ვინაიდან მათ არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვდათ.

ისინი მოუწოდებნენ სახელმწიფო ორგანოებს, სამხედროებს, რომლებსაც უსაფრთხოებას აკონტროლებდნენ, რომ დაყარეთ იარაღი, ჩაგვბარდით. ელვის სისწრაფით მოიპოვეს ქალაქზე კონტროლი.

ნახევარ დღეში მოხდა ეს ყველაფერი. დილით რომ დაიწყეს, დაახლოებით სამ-ოთხ საათზე თალიბანს უკვე კონტროლი ჰქონდა მოპოვებული ქაბულზე.

და მერე იყო პანიკა, დაბნეული ხალხი.

ეს ყველაფერი ისტორიულმა მეხსიერებამაც განაპირობა. ხალხს ახსოვს, რომ 1996 წელს, როდესაც თალიბანმა აიღო ქალაქი, მაშინ საშინელებები ჩაიდინა. ამან იმუშავა, – თალიბანი რომ მოვა, გვიზამს ზუსტად იგივეს.

აქ ბევრი ვარაუდობს, რომ თალიბანი ამჯერად სხვაგვარად მოიქცევა და არ გაიმეორებს 96 წელს.

მაშინ, როდესაც მათ ქალაქი აიღეს და მმართველები გახდნენ, ყველა ქვეყანასთან გაწყვიტეს კავშირი, ჩაკეტილ სივრცეში მოაქციეს ხალხი. ამან შედეგი არ გამოიღო. მათი მმართველობა მალევე დასრულდა, სულ რაღაც ხუთ წელიწადში. ვერ მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება.

დღეს ისინი ცდილობენ, რომ საერთაშორისო ლეგიტიმაცია მოიპოვონ. იმიტომ, რომ თუ ამას მიაღწევენ, უფრო დიდხანს, შეიძლება ითქვას, რომ სამუდამოდ მოიპოვებენ ავღანეთში მმართველობას.

ამიტომ, ისინი მოუწოდებენ საელჩოებს, რომ დაბრუნდნენ ქაბულში და ისინი პირადად იქნებიან მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი.

არის ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წევრებმაც დატოვეს ავღანეთი. მათ ეუბნებიან, რომ დაბრუნდნენ უკან. შეიარაღებული დაცვაც დააყენეს მათი ოფისის წინ, რომ მათი ქონება არავინ გაანადგუროს.

იწვევენ ექიმებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს. ეუბნებიან, რომ გადაუხდიან მაღალ ანაზღაურებას. ჯერჯერობით ასეა, ყოველ შემთხვევაში. მერე რა იქნება, არავინ იცის.

 რამდენად საკმარისად გაქვთ ბაზაზე საკვები? სხვა პირობები? რამდენად საკმარისი იქნება თქვენს დაბრუნებამდე, რომლის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია?

 ბაზა უზრუნველყოფილი იყო. საკვების მარაგი გვაქვს. საშიშროება, რომ საკვების გარეშე  დავრჩეთ, ჯერ არ არის.

თუმცა, რა თქმა უნდა, ბაზას სხვა ორგანიზაციებიდანაც დაემატა ხალხი და რაღაცები შეიკვეცა, რომ რესურსები დავზოგოთ.

ახლა არ ვდგავართ ამ საშიშროების წინაშე, მაგრამ თუ არ მოგვარდება ეს ყველაფერი დროულად, ეს პრობლემაც იქნება.

 

ნინო ნარიმანაშვილი