„თალიბანის“ მიერ ქაბულის აღების ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. აღნიშნულს Reuters/Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, ჯო ბაიდენის რეიტინგი 7%-ით შემცირდა და 46%-ს შეადგენს.
ჯო ბაიდენის პოპულარობა მას შემდეგ დაეცა, რაც თალიბები ქაბულში შევიდნენ.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 44%-მა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენმა ავღანეთში კარგი სამუშაო განახორციელა. შედარებისთვის, აღნიშნულ კატეგორიაში დონალდ ტრამპმა და ბარაკ ობამამ 51%-იანი მოწონება მიიღეს.
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა ინტერნეტით ჩატარდა. მასში მონაწილეობა 947-მა ზრდასრულმა ამერიკელმა მიიღო.
15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.
1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.
ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.