“ამერიკა ის ქვეყანაა, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია გადააგდოს ყველა, მათ შორის – “სტრატეგიული პარტნიორიც” – ჰამლეტ ჭიპაშვილი

მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ყველა ქვეყანაზე თვალის ახელის მსგავსი რეაქცია მოახდინა, მაგრამ საქართველო აღმოჩნდა ყრუ და ბრმა. მან ვერ აღიქვა მძიმე ვითარება, გამოწვეული ამერიკელთა პოლიტიკური ნაბიჯით ავღანეთში. საქართველო ისე, როგორც წინათ, ამერიკას, კოლექტიურ დასავლეთს უპირველესად, უძლიერესად, დაუმარცხებლად, უკეთილშობილესად, უდემოკრატიულესად აღიქვამს. არადა, რაც არის ყველამ იხილა, ყველას ეჭვის ჭია ღრნის, გამოსავალს ეძებს. ჩვენ არა!

ისევ ძველზე ვდგავართ მყარად, მტკიცედ, ამაყად. ისევ დასავლეთის, კერძოდ ამერიკის იმედზე ვართ. ამერიკელთა იმედით და წაქეზებით ვლანძღავთ და ვლანძღავთ რუსეთს. ვინც ამას აკეთებს რა უჭირს, მილიონები დააგროვეს დაბეჩავებული ხალხის ხარჯზე და თავს შეაფარებენ ევროპა-ამერიკაში ნაყიდ სახლებს — რუსეთის სამხედრო პასუხის შემთხვევაში.

ჩემი თვალით მაქვს ნანახი 2008 წლის აგვისტოში წითელ ხიდთან გასაქცევად რიგში ჩამდგარი ვაი-პოლიტიკოსებისა და მოხელეების შავი „ჯიპები“.

მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ამერიკა ის ქვეყანაა, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია ისე გადააგდოს ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორიც, როგორც გემოგამოცლილი საღეჭი რეზინა. ჩვენ არა, ვერ ვხედავთ! კიდევ იმის იმედი გვაქვს, ვისაც საკუთარი თავის იმედიც აღარ აქვს.

20 წლის წინათ, ავღანეთის ომის ახალი ტალღის წამომწყებმა, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უმცროსმა, ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ სიამაყით ახარა ამერიკასა და მსოფლიოს „თალიბანის“ განადგურება. აი, იმ „თალიბანის“, ვინც უბრძოლველად დაეუფლა დედაქალაქ ქაბულს და სრულიად ავღანეთს.

დღეს, ხშირად ისმის კითხვა — რისთვის შესწირა ამერიკამ საკუთარი და მოკავშირეების, მათ შორის ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლე? რისთვის გადაყარა 3 ტრილიონზე მეტი დოლარი სამხედრო ავანტიურაში, რომელსაც დასაწყისიდანვე სასიკეთო პირი არ უჩანდა?

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, თავის გამართლების მიზნით აცხადებს, რომ ამერიკამ შეასრულა თავისი მისია „ალ-ქაიდას“ და უსამა ბენ ლადენის განადგურებით.

პირველი არგუმენტი ტყუილია. „ალ-ქაიდა“ ისევ არსებობს, თანაც ავღანეთის მსგავს ქვეყნებში, ისეთებში, სადაც სუსტი სახელმწიფო სტრუქტურა და კონტროლია. ეს ორგანიზაცია ავღანეთშიც არის, თანაც „თალიბანთან“ შერწყმული.

ამერიკელები ამჟამინდელ პრეზიდენტსა და ადმინისტრაციას თხოვენ პასუხს იმ ენით აუწერილ მძიმე ვითარებაზე, რასაც ავღანეთში აქვს ადგილი. თავის მართლების მიზნით ადმინისტრაცია აცხადებს — სადამდე უნდა ვყოფილიყავით ავღანეთში? და ამ კითხვას თვითონვე პასუხობს — ჩვენ შევქმენით სახელმწიფო სტრუქტურები, 300000-იანი არმია, პოლიცია და ახლა დროა მათ მიხედონ საკუთარ ქვეყანასო. თან იმასაც ამატებენ, რომ ავღანეთი სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მოვალეობაა საკუთარი თავის მართვა.

ადმინისტრაცია არ ლაპარაკობს მარცხზე, რომელიც აშშ-ა განიცადა. არ ლაპარაკობენ ამერიკის დამარცხებაზე მისი მოკავშირეებიც, მათ შორის ჩვენც, მაგრამ აღარც ხბოს აღტყინებით შესცქერიან, უწინდელ იმედიან მზერაში ეჭვის შავმა ლაქებმა ჩაიბუდა, მაგრამ არა ჩვენში. უკრაინის ხელისუფალთა მსგავსად, ისევ გვჯერა ვითომ სტრატეგიული პარტნიორის; ისევ დარწმუნებულები ვართ, რომ ის არასდროს გვიღალატებს. იმასაც არ ვფიქრობთ თუ ავღანეთს უღალატა, სადაც ტრილიონობით დოლარი ჩაყარა და თან საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე მოაყოლა, ჩვენ რას გვიზამს?

ერთ მშვენიერ დილას შეიძლება გავიღვიძოთ და ამერიკის საელჩო აღარ ვიხილოთ, ისე, როგორც ამას ჰქონდა ადგილი ავღანეთში. გაუბედურებული ავღანელები, ისინი, ვინც ამერიკელ ოკუპანტებთან და მათ მოკავშირეებთან თანამშრომლობდნენ სიკვდილის წინაშე დადგნენ. თვით აშშ-ს მონაცემებით ასეთთა რაოდენობა 300000-ს აჭარბებს. თითქოს არასდოს ყოფილაო თავის ქების პროპაგანდისტული სატელევიზიო სიუჟეტები ავღანეთში წარმოებული საბრძოლო ოპერაციების თაობაზე. ჩვენც რა პათოსით ვაცხადებდით — ავღანეთში ქართველ მეომართა გმირობას. ისინი ხომ საქართველოს, მსოფლიოს იცავდნენ ტერორიზმისგან?!

ასეთი იყო საქართველოს ხელისუფალთა განცხადებები. ახლა ვინღა გადაგვარჩენს ტერორიზმისგან — მთელი ავღანეთი რომ ტერორისტების ხელში აღმოჩნდა?

ასე იცის ბრიყვულმა პოლიტიკამ, სხვაზე ჩამოკიდებამ, სხვისი დავალების უყოყმანო შესრულებამ. იმ 59 ქვეყნიდან, ვინც ავღანეთში აშშ-ნ ერთად იდგა, თითზე ჩამოსათვლელები თუ იღებდნენ მონაწილეობას საბრძოლო ოპერაციებში. მათი ყოფნა სამედიცინო დახმარების გაწევით, ტექნიკური საქმის შესრულებით ამოიწურებოდა. ჩვენი?

ლამის აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის შემდეგ მეორე იყო.

ავღანეთიდან სამარცხვინო გამოქცევის შემდეგ, თავის მართლების მიზნით ითხზვება კონსპიროლოგიური ზღაპრები — თითქოს აშშ-მა ეს ნაბიჯი შეგნებულად გადადგა, რათა პრობლემები გაუჩინოს ჩინეთსა და რუსეთს. ნუთუ, ასე სიღრმისეულად გეგმავს აშშ-ს სპეცსამსახურები მზაკვრულ ნაბიჯებს?

ვეჭვობ! ამის დასამტკიცებლად აშშ-ს ტელეკომპანიებმა გაიხსენეს საბჭოთა ჯარის ავღანეთიდან გამოსვლა — იქ განცდილი „მარცხის“ შემდეგ. ეკრანზე გამოჩნდნენ ჯორჯ ბუშ უფროსი — მაშინდელი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, ჰილარი კლინტონი, სხვები, რომლებიც მტვერს აყრიდნენ ამერიკელებს და მსოფლიოს თვალში — საბჭოთა კავშირი ჩვენ ჩავითრიეთ ომში ავღანეთშიო; მილიარდობით დოლარი მოვახმარეთ ამ საქმესო. შედეგიც მივიღეთო — დაიშალა საბჭოთა კავშირიო და ა.შ.

მოდით სერიოზულად შევხედოთ წარსულს. დიახ! აშშ-ა მართლაც მილიარდები შეალია საბჭოთა სამხედრო კონტინგენტის წინააღმდეგ მებრძოლი ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბებას. მას „თალიბანი“ ერქვა. ამასთანავე მთელს მსოფლიოში ატეხა ანტისაბჭოთა ბღავილი — უარი თქვა მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე, შემოიღო ათასი სახის სანქციები, მაგრამ საბჭოთა ჯარის ავღანეთში სამსახურს სერიოზული ზიანი ვერ მიაყენა.

აშშ-გან განსხვავებით, საბჭოთა კავშირმა ავღანეთში ჩამოაყალიბა სახელმწიფო მართვის ახალი სისტემა, ააშენა საავადმყოფოები, სკოლები, კულტურის ცენტრები, სპორტული მოედნები, საცხოვრებელი სახლები, სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები.

საბჭოთა ჯარი ავღანეთში არ დამარცხებულა. ის, ახალმა საბჭოთა ხელისუფლებამ დაამარცხა, როდესაც ამერიკელთა დაჟინებული მოთხოვნით გორბაჩოვმა გასცა ჯარის გამოყვანის ბრძანება.

დოკუმენტურმა კინომასალამ შემოგვინახა ჯარის გამოყვანის კადრები. რა ეტყობა ჯარს გამოქცევის ან სატანკო ბრიგადებს უთავბოლო მოძრაობის ისეთის, რასაც ამჟამად აქვს ადგილი ამერიკული სამხედრო „ჰამერებით“?!

სამი წელი იარსება საბჭოთა კავშირის ხელშეწყობით შექმნილმა ავღანეთის ხელისუფლებამ ნაჯიბულას ხელმძღვანელობით და ალბათ მეტსაც იარსებებდა, რომ არა გორბაჩოვის, შემდეგ ელცინის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა.

ნაჯიბულას შეუწყვიტეს ყველა სახის დახმარება, მათ შორის სამხედროც. არ მიაწოდეს საწვავი და საპოხო მასალა ტანკებისთვის, ტყვია-წამალი. ერთი სიტყვით გაწირეს, მასთან ერთად საერო, სოციალისტური მშენებლობის გზაზე შემდგარი ავღანეთი.

გორბაჩოვმა, შევარდნაძემ, ელცინმა ქულები ჩაიწერეს საკუთარ აქტივში — დასავლური, მეტადრე ამერიკული ქულები. დასავლეთმა აისრულა საწადელი — სოციალიზმის გზაზე შემდგარი ავღანეთი ისევ დააბრუნა შუასაუკუნეების წყვდიადში, ოღონდ საკუთარ გავლენაში. მისთვის შიშის მომგვრელი იყო ცენტრალურ აზიაში ისეთივე სახის ახალი სახელმწიფოს შექმნა, როგორებიც მეზობელი საბჭოთა რესპუბლიკები — უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი იყვნენ.

ვიმეორებ! საბჭოთა ჯარი ავღანეთში არ დამარცხებულა. ის ამაყად, თავაწეული გამოვიდა ავღანეთიდან. ის არ გამოქცეულა ისე, როგორც ამჟამად აშშ-ს და მისი მოკავშირეების ჯარები.

აბსტრაქტული აზროვნების ნაყოფია ისიც, თითქოს ეს ნაბიჯი აშშ-ს ადმინისტრაციამ შეგნებულად გადადგა. თავის გასამართლებლად სხვა რაღა დარჩენია, თუ არა „ბურუსით მოსილი საიდუმლოების“ განდობა.

თუ პირველ შემთხვევაში, აშშ-ს მიერ ავღანეთის ომში საბჭოთა კავშირის ჩათრევით დაიშალა საბჭოთა კავშირი, მეორე შემთხვევის მიხედვით, ანუ ამერიკელთა ავღანეთიდან გამოქცევით, „თალიბების“ ქვეყანა ისეთ პრობლემებს შეუქმნის რუსეთს, რომ დაშლამდე მიიყვანს. სჯერათ ამ ვერსიის ავტორებს ამის?

დარწმუნებული ვარ, არ სჯერათ, მაგრამ ავღანეთში განცდილი მარცხის გამართლება სურთ. ცხადია, „თალიბების“ ხელისუფლებაში მოსვლას სერიოზული პრობლემები მოჰყვება, განსაკუთრებით ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და რუსეთისთვის. ეს უკანასკნელი იძულებული იქნება სამხედრო დახმარება გაუწიოს მათ. ამას ავალდებულებს ოდკბ-ს წევრობა და საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება. მაგრამ ყველაფერი ეს იმ შემთხვევაში, თუ ახალი ავღანეთი შეეცდება მტრული ნაბიჯები გადადგას მეზობლების მიმართ. ვეჭვობ მან ეს გააკეთოს.

რაც შეეხება ლტოლვილებს — უდავოდ იქნება, როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებისკენ, ისე რუსეთისკენ, ევროპის ქვეყნებისკენ. ძველ ლტოლვილებს, ახლებიც დაემატება — ავღანელთა სახით. გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომაზე განიხილა ავღანეთის საკითხი და ყველაფერთან ერთად 9 მილიონი დოლარი გამოჰყო ახალი ლტოლვილების პრობლემების მოსაგვარებლად.

ხუმრობთ, პატივცემულებო! ეს მიზერული თანხა ეყოფა ამ ზღვა პრობლემას? შეადარეთ ეს თანხა აშშ-ს მიერ ე.წ. რუსული „რბილი ძალის“ შესაკავებლად გამოყოფილ მილიარდებს, რათა დარწმუნდეთ დასავლეთის, კერძოდ აშშ-ს ცინიზმში — მარტო საქართველო იღებს 88 მილიონზე მეტს ამ „კეთილშობილურ“ ღონისძიებაში, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ.

დიახ! ასეთია დემოკრატი, ადამიანის უფლებების განუხრელი დამცველი აშშ-ი. ქვეყანა, რომლის ჯარისკაცები  ტყვიებით უმასპინძლდებიან სასოწარკვეთილ პროამერიკელ ავღანელებს, რომლებიც ქაბულის აეროპორტში, თავის გადარჩენის მიზნით მიაწყდნენ ასაფრენად გამზადებულ ამერიკულ სატრანსპორტო თვითმფრინავებს.

აი, ესეც თქვენი ამერიკა.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი