ერდოღანი: ავღანელი ხალხის სიმშვიდისთვის ღია ვართ ნებისმიერი თანამშრომლობისთვის

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ავღანელი ხალხის სიმშვიდისთვის, ავღანეთში მცხოვრები თურქების კეთილდღეობისთვის თურქეთი ღიაა ნებისმიერი თანამშრომლობისთვის, მათ შორის თალიბანთანაც.

“ქვეყანაში თალიბანის კონტროლის დამყარებასთან ერთად ახალი რეალობის წინაშე ვართ და ახლა გეგმებს ამ ახალი რეალობის მიხედვით ვადგენთ” – თქვა ერდოღანმა.

ერდოღანის თქმით, თურქეთი პროცესებში ყველა მხარესთან ინარჩუნებს კონტაქტს და მიესალმება თალიბანის მიერ გაკეთებულ ზომიერ განცხადებებს.

“ავღანელი ხალხის სიმშვიდისთვის, ქვეყანაში მცხოვრები თურქებისთვის, მათთვის ვინც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავს, ღია ვართ ნებისმიერი თანამშრომლობისთვის” – თქვა ერდოღანმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მზადაა თალიბანის ლიდერებს მოლაპარაკებებისთვის უმასპინძლოს.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი აპირებს გააგრძელოს ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

წყარო: newposts.ge