ჯო ბაიდენის განცხადებით, ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ქაოსის გარეშე შეუძლებელი იყო

ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ქაოსის გარეშე შეუძლებელი იყო, – ეს განცხადება აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „ეიბისი“-სთან ინტერვიუში გააკეთა. ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ამერიკელი სამხედროების ავღანეთიდან გაყვანის დროს ქაოსის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, ბაიდენმა უარყოფითად უპასუხა.

„არ მგონია. ჩვენ კიდევ მოგვიწევს უკან მოხედვა და ყველაფერში გარკვევა, მაგრამ მოსაზრება, რომ ამა თუ იმ ხერხით შესაძლებელი იყო სამხედროების ისე გამოყვანა, რომ ქაოსი არ მომხდარიყო – მე არ ვიცი, ეს როგორ ხდება და როგორ მოხდა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამავე ინტერვიუში ბაიდენმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯი იყო.

„ეს მარტივი არჩევანი იყო. როდესაც ავღანეთის ლიდერი ჯდება თვითმფრინავში და ქვეყანას ტოვებს. როდესაც ხედავ, რომ ავღანეთის ძალების დიდი ნაწილი, რომელთაც შენ წვრთნიდი, ჩამოიშალა. 300 000-მა სამხედრომ უბრალოდ დაყარა იარაღი და გაიქცა. ეს არის, რაც მოხდა“, – განაცხადა ბაიდენმა.