ვაქცინაციასთან დაკავშირებით მთავრობას მკვეთრად გამოხატული პოზიცია არ აქვს.
ერთი შეხედვით, ოფიციალურ უწყებებში ნებაყოფლობით პროცესზე საუბრობენ, თუმცა მიდგომა რეალურად საკმაოდ ხისტი და ცალსახაა. იმას, რასაც სახელმწიფო კანონის დონეზე არ აკეთებს, ბიზნესის სახელით გვარდება. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ხელისუფლება ვაქცინაციის ნებაყოფლობითობას უჭერს მხარს, მაგრამ ამ დროს კომპანიებს სთხოვენ, თანამშრომლებს აცრა დაავალდებულონ. ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ვაქცინაციას, ალტერნატივა, ცხადია არ აქვს, თუმცა ეს პროცესი უნდა იყოს ნებაყოფლობითი.
როგორც საზოგადოება „ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ზვიად ტომარაძე ამბობს, ნებისმიერ მოქალაქეს არჩევანის აუცილებლობა უნდა ჰქონდეს და თვითონ უნდა გადაწყვიტონ საკუთარი ჯანმრთელობის ბედი.
,,დაახლოებით 1 თვის წინ მწერდნენ მოქალაქეები, პირველ რიგში, ძალოვანი უწყების თანამშრომელთა ოჯახის წევრები, რომ აცრას აიძულებდნენ. მოგვიანებით, იგივე მესიჯი მივიღე მედიცინის მუსაკების, შემდეგ უკვე ჯარიკაცების მხრიდან. მეოთხე ეტაპი იყო მასწავლებლები და ახლა უკვე პენიტენციურ სისტემაში დაწყებულია სავალდებულო ვაქცინაცია ისე, რომ ამის შესახებ სახელმწიფოს გამოცხადებული არ აქვს. ამბობენ, რომ ნებაყოფლობითი პროცესია, მაგრამ რიგ საჯარო სამსახურებში დაძალებაა, რაც ანტიდისკრიმინაციული კანონის უხეში დარღვევაა. პლუს ამას ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისა, რომელიც კოვიდ19-თან დაკავშირებით იქნა მიღებული.
ყველანაირი კანონმდებლობა ხალხის მხარესაა, თუმცა კერძო კომპანიებში სარგებლობენ იმით, რომ ბევრი არ იჩივლებს, ხოლო რომც იჩივლონ, მტკიცებულებები არ ექნებათ. მიუხედავად ამისა, არის შემთხვევები, რომ ადამიანები მტკიცედ დადგნენ და მათ ვერაფერი მოუხერხეს. სამწუხაროა, რომ ამაზე სახალხო დამცველი არ რეაგირებს, ისევე როგორც ღია სივრცეში პირბადის არქონის გამო დაჯარიმებულ ადამიანებს არ გამოსარჩელებია, როცა კანონი მოქალაქეებს ღია სივრცეში პირბადის ტარების უფლებას აძლევდა. მათ შორის, იმაზეც, როცა იმნაძე და გამყრელიძე აცხადებდნენ, რომ აუცრელი ადამიანები კაფე-რესტორნებსა და სასტუმროებში არ დაეშვათ. ესეც დისკრიმინაციაა! კანონი ყველასთვის მოქმედებს, ელემენტარულია, მაგრამ რატომღაც სახალხო დამცველი არაფერს ამბობს“, – განაცხადა ტომარაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.
მისი თქმით, არჩევანის უფლება უნდა არსებობდეს და ვისაც სურვილი აქვს, აიცრას ამაზე არავინ დავა უაზრობაა, მაგრამ მეორე მხარეს მდგომი ადამიანების უფლებებს კი უხეშად არღვევენ.
,,ყველა შეთქმულების თეორია რომ გამოვრიცხოთ და გვჯეროდეს, ჩვენს ვაქცინაცია საკურნებლად არის შემუშავებული, უფლება აქვს ადამიანს, არ ენდობოდეს, თუნდაც რისკავდეს თავის ჯანმრთელობას. რატომ უნდა აიცრას, როცა არ სურს, მით უმეტეს, კვლევებით დადასტურებულია, რომ აცრილიც ისევე ინფიცირდება, როგორც აუცრელი და ვირუსის გადამტანი ხდება. გვეუბნებიან, ავიცრათ, რადგან ის სიკვდილიანობას ამცირებს. ეს თუ ასეა, უფლება გვაქვს თვითონ ვიყოთ საკუთარ სიცოცხლეზე პასუხისმგებელი.
ბევრი კითხვის ნიშანია, რაზეც პასუხი არ არსებობს. შევიწროებულმა ადამიანებმა უნდა მოიპოვონ ელემენტარული მტკიცებულება, მიმართონ სასამართლოს, გარდა ამისა, აუცილებლად ჩააყენონ საქმის კურსში სახალხო დამცველის ოფისი, დააფიქსირონ საკუთარი შემთხვევა და მოსთხოვონ რეაგირება“, – დასძინა ტომარაძემ.
როგორც გაირკვა, დამსაქმებლები აცრას აიძულებენ თანამშრომლებს თითქმის ყველა მცირე და საშუალო, ასევე მსხვილ კომპანიებში. მეტიც, ბაზრობის მოვაჭრები აცხადებენ, რომ ბაზრების ადმინისტრაციული სამსახურების მხრიდან უკვე მიიღეს გაფრთხილება, რომ თუკი არ წარადგენენ აცრის დამადასტურებელ საბუთს, საქმიანობის გაგრძელების უფლება არ ექნებათ.
მზია გველესიანი ერთ-ერთ მსხვილ ბანკში ოპერატორად მუშაობს. ამბობს, რომ აცრასთან დაკავშირებით მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს, თუმცა გადაწყვეტილების მიღება მაინც მოუწევს, რადგან ბანკი უკვე დღეიდან თანამშრომლებს იმუნიზაციის პროცესში ჩართვას ავალდებულებს.
,,სავარაუდოდ, ავიცრები, რადგან არ მინდა სამსახურის დაკარგვა. ისედაც არ მაქვს კატეგორიული პოზიცია, უბრალოდ, ამდენი ხნის განმავლობაში ვყოყმანობდი. ახლა უკვე იძულებული ვარ, გადაწყვეტილება მივიღო. ასეა თანამშომლების უმეტესობა. აზრს, გვინდა თუ არა აცრა, არავინ გვეკითხება, ეს არის მთელი უბედურება. არჩევანი შეზღუდული გვაქვს.
ჩვენი სფერო არ არის გამონაკლისი. მეუღლე გაზგამანაწილებელ კომპანიაში მუშაობს და იქაც მასობრივად ასეთი დამოკიდებულებაა. არ მეგონა, თუ კედელთან მიგვაყენებდნენ. არიან თანამშრომლები, რომლებიც ვაქცინაციას მკვეთრად ემიჯნებიან და რა ზომებს გაატარებენ მათ მიმართ, არ ვიცი. თანდათან გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩნდით“, – აღნიშნა მზია გველესიანმა.
კიდევ უფრო რთულადაა საქმე სავაჭრო ობიექტებში, მათ შორის, ღია სივრცეებში, ბაზრობებზე, სადაც დისტანციის, პირბადისა და სხვა რეგულაციების დაცვასთან ერთად, მოვაჭრეებს უკვე აცრაც მოსთხოვეს.
,,არ მინდა ავიცრა, ეს ჩემი პრინციპული დამოკიდებულებაა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ვაქცინა დაგვიცავს მოსალოდნელი შედეგებისგან, თანაც შეიძლება საშიშიც აღმოჩნდეს. ამას წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, სანამ პრეპარატი დროში არ გამოიცდება. ამიტომ არ მინდა ჩემი ჯანმრთელობა კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო. არც ის მინდა, სამუშაო პროცესს ჩამშორდე. ვაჭრობით ვირჩენ თავს და ეს შესაძლებლობაც თუ მომესპო, რა გავაკეთო, ორმაგად გამოუვალ სიტუაციაში ვარ“, – აღნიშნა ნაილი სორდიამ, გლდანის სამომხმარებლო ბაზრის მოვაჭრემ.
ცხადია, ,,ბიზნეს-რეზონანსს“ ვაქცინაციასთან საწინააღმდეგო არაფერი აქვს, პირიქით, თუმცა როდესაც იგი ნებაყოფლობითად არის აღიარებული, ვაფიქსირებთ პოზიციას, რომ ადამიანების შევიწროება არ არის ცივილური ფორმა. მით უფრო, როცა კეთილსინდისიერ თანამშრომლებს სამსახურებიდან გაყრით ემუქრებიან.
“რეზონანსი”
პ.ს.;”ნიუსფრონტი” უერთდება “რეზონანსის” აზრს და დამოკიდებულებას და სრულიად ეთანხმება მას!