ნურსულთან ნაზარბაევის მშვიდობისა და თანხმობის ფორმულა

უკვე ორ წელიწადზე მეტი გავიდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის მიერ სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობიდან ნებაყოფლობითი წასვლის შემდეგ. თავისი გადადგომით ნურსულთან ნაზარბაევმა ქვეყნისთვის ყველაზე სარისკო ნაბიჯი გადადგა, მაგრამ მან ეს გააკეთა რბილად და რყევების გარეშე. ქვეყანამ არ წაიბორძიკა, შოკის გარეშე გაიარა ხელისუფლების საკონსტიტუციო ცვლა და ახალ ისტორიულ ეპოქაში შეაბიჯა. ისინი, ვინც ნაზარბაევის გადადგომის მომენტში ამბობდნენ, რომ ვითარება ყაზახეთში ნაკლებ პროგნოზირებადი გახდა, ვიდრე უწინ, აშკარად შეცდნენ.

ყაზახეთში ადგილი არ ჰქონია არანაირ გართულებებს. პირველმა პრეზიდენტმა, რომელიც თავის ხალხს ურთულეს, 90-იანი წლების პერიოდში გაუძღვა წინ, ყველაფერი სწორად გათვალა და ყაზახეთი თანდათან გადააქცია შუა აზიის აყვავებულ სახელმწიფოდ. მისმა რეფორმებმა საზოგადოების დემოკრატიზაციაში, საპრეზიდენტო უფლებამოსილებების დიდი ნაწილის პარლამენტისა და მთავრობისთვის გადაცემაში, სოციალური სამართლიანობის დამყარებაში, უზრუნველჰყო გარდამავალი პერიოდის სტაბილურობა. თვით „კოვიდური“ პერიოდი, რომელიც საპრეზიდენტო თანამდებობიდან ნაზარბაევის წასვლის შემდეგ სულ რაღაც ერთ წელიწადში დადგა, ქვეყანამ ნორმალურად გადაიტანა, მიუხედავად თავდაპირველი მძიმე ეპიდემიოლოგიური სურათისა. აღსანიშნავია, რომ ყაზახეთი იმ ქვეყანათა რიცხვში შედის, რომლებმაც საკუთარი ანტიკოვიდ-ვაქცინა გამოიგონეს (ყაზახეთის ამ მიღწევის შესახებ საქართველოში, სამწუხაროდ, თითქმის არაფერია ცნობილი).

ნურსულთან ნაზარბაევი პოლიტიკიდან მთლიანად არ წასულა, იგი რჩება უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, ფართო უფლებამოსილებებით, ასევე მმართველი პარტიის თავმჯდომარედ და აქვს ერის ლიდერის ფუნქცია.

ნაზარბაევის საპრეზიდენტო ვადის მანძილზე ჩამოყალიბდა ახალი სახელმწიფოებრიობა, აშენდა საბაზრო ეკონომიკა, მოხდა საზოგადოების ყველა ინსტიტუტის მოდერნიზება, უზრუნველყოფილ იქნა მოსახლეობის შემოსავლების 9-ჯერადი ზრდა, სიღარიბის დონე 10-ჯერ შემცირდა, ამოქმედდა განვითარების სტრატეგიული პროგრამები, შენარჩუნდა თანაფარდობა ყაზახეთის ურთიერთობებში ისეთ პოლარულად ურთიერთგანსხვავებული ინტერესების მქონე მოთამაშეებთან, როგორებიც არიან ჩინეთი, რუსეთი და ამერიკა, ყაზახეთის სტატუსმა საერთაშორისო არენაზე საგრძნობლად აიწია.

1990-იანი წლების ფეთქებადსაშიში მრავალეროვნული შემადგენლობის, საკავშირო დაქვემდებარების პარალიზებული ინდუსტრიის, უზარმაზარი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისა და დაუდგენელი საზღვრების ქვეყნიდან ყაზახეთი გადაიქცა წარმატებულ, ეკონომიკურად აყვავებულ სახელმწიფოდ. ნურსულთან ნაზარბაევმა იხელმძღვანელა პრინციპით – „ჯერ ეკონომიკა, შემდეგ პოლიტიკა“. ნაზარბაევის გარდა, ვერც ერთმა მისმა კოლეგამ მეზობელ სახელმწიფოებში, ვერ გაბედა ჩაეტარებინა პრივატიზაცია და ქვეყნის კარები გაეღო დიდი კაპიტალისათვის. რა შედეგი იქნა მიღებული ამ გზით, დღეს ჩანს: ყაზახეთი დიდხანს და დამაჯერებლად უსწრებს მეზობლებს განვითარების, ეკონომიკური მიმზიდველობისა და ინვესტორთა დაცვის ნებისმიერ საერთაშორისო რეიტინგულ მონაცემებში.

დიდხანს შეიძლება გავაგრძელოთ თავისი ქვეყნის წინაშე ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის დამსახურებების ჩამოთვლა. მან ნამდვილად ბევრი გააკეთა ქვეყნისთვის, რეგიონისთვის და, რაოდენ პათოსურად არ უნდა ჟღერდეს, მთელი მსოფლიოსთვისაც. ნაზარბაევმა გამოავლინა წესიერებისა და კეთილგონიერების უნიკალური მაგალითი. ყაზახეთმა უარი თქვა ბირთვულ იარაღზე მაშინ, როდესაც ყველა გამწარებული ცდილობდა მის მოპოვებას. ქვეყანას შეეძლო ამ არსენალზე კარგი ფული ეშოვა, მაგრამ ამ გზით იგი თავის ბედსა და მსოფლიოს ბედს საფრთხის ქვეშ დააყენებდა. ნურსულთან ნაზარბაევი ასე არ მოიქცა. მან მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ავტორიტეტის მოპოვება იარაღის ჟღარუნის გარეშეც არის შესაძლებელი.

თავის დროზე მე დავწერე, რომ ნაზარბაევი, მოქმედებდა რა ჩინური ანდაზის პრინციპით – „რაც უფრო ნაკლები ხმაურით ივლი, მით უფრო შორს წახვალ“, ყველაზე წინ აღმოჩნდა. მართლაც, 1991 წელს, საბჭოთა კავშირის ნგრევის ფონზე, ყაზახეთი ბოლო რესპუბლიკა იყო, რომელმაც თავისი დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ უკვე 90-იან წლებშივე გახდა აშკარა, რომ ყაზახეთი განვითარებაში გაასწრებდა არა მხოლოდ თავის შუააზიელ მეზობლებს. დღეს ვხედავთ, რომ ყაზახეთი, თავისი ეკონომიკური მაჩვენებლებითა და სტაბილური პოლიტიკური განვითარებით (ყოველგვარი რევოლუციების, შიდა კონფლიქტებისა და საგარეო ომების გარეშე) იმყოფება ძალიან მაღალ, საპატიო ადგილზე, ყოფილი სსრ კავშირის ბევრ რესპუბლიკასთან შედარებით. ყაზახეთი ევროპული ტიპის აღმოსავლური ქვეყანაა, ამ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა არ ითმენს პროცესების ზედმეტ დაჩქარებას, ყველაფერი ზომიერად და თანდათანობით უნდა ხდებოდეს. გავლენიანი ყაზახეთის რესპუბლიკა უზრუნველჰყოფს არა მხოლოდ თავის შინაგან სტაბილობას, არამედ სხვა ქვეყნებსაც ეხმარება, მონახონ კომპრომისები და მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები, საკამათო საკითხების მოგვარებისას – ამ თემაზე არაერთი სტატია მაქვს გამოქვეყნებული. მსოფლიო კრიზისი, რომელიც პანდემიამ გამოიწვია, ოდესმე დასრულდება და ყაზახური დიპლომატიის ეს შემადგენელი აუცილებლად კვლავ გახდება აქტუალური.

ნაზარბაევის მრავალ მიღწევათაგან ამ ჯერზე შემდეგი პროექტები მახსენდება:

ყაზახეთის ხალხის ასამბლეა – ეროვნებათშორისი მშვიდობისა და დიალოგის ერთგვარი ფორუმი, რომლის თავმჯდომარედაც რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი, საპატიო თავმჯდომარედ კი პირველი პრეზიდენტი გვევლინებიან; ასამბლეის მთავარი ამოცანაა ეროვნებათშორისი პოლიტიკის გატარება, სტაბილობის უზრუნველყოფა, სახელმწიფო და სამოქალაქო ინსტიტუტების ურთიერთქმედების გაუმჯობესება, ეთნოსებს შორის მშვიდობისა და თანხმობის უზრუნველსაყოფად;

მსოფლიო რელიგიების ლიდერთა ყრილობა – ტარდება 2003 წლიდან და არის წარმატებული, უნიკალური პლატფორმა მსოფლიო რელიგიათა შორის სტრატეგიული დიალოგისათვის. 2022 წელს იგეგმება მე-7 ყრილობის ჩატარება ათეულობით დელეგაციების მონაწილეობით;

სემიპალატინსკის საცდელი პოლიგონის დახურვა – მოვლენა, რომელსაც ადგილი 30 წლის წინ ჰქონდა, პრინციპული მნიშვნელობის იყო ყაზახეთის ეკოლოგიური მთლიანობის, მისი ბუნებისა და, რაც მთავარია, მოსახლეობის დაცულობისთვის;

პროექტები АТОМ და ლიდერთა გლობალური ალიანსი არაბირთვული იარაღისთვის – ნაზარბაევმა ბევრი მსოფლიო ლიდერისგან განსხვავებით, სემიპალატინსკის პოლიგონის მაგალითზე, არა ყურმოკვრით იცის, თუ რა სავალალო შედეგები მოაქვს ბირთვული იარაღის გამოცდებს (არა თუ გამოყენებას). ამიტომ ყაზახეთი არა მხოლოდ ლაპარაკობს ბირთვული იარაღისგან თავისუფალ პლანეტაზე, არამედ მოქმედებს კიდეც ამ მიმართულებით.

მიმდინარე წლის ივლისში, უფრო ზუსტად – 6 ივლისს, ნურსულთან ნაზარბაევს 81 წელი შეუსრულდა, ხოლო მის პირმშოს – ყაზახეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკას დეკემბერში 30 წელი შეუსრულდება. ნაზარბაევი ისტორიაში შევა, როგორც თანამედროვე ნაციის შემქმნელი, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, რომლის მიღწევები ყაზახეთისა და მთელი უზარმაზარი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის ისეთივეა, როგორც დენ სიაოპინისა ჩინეთში ან ერდოღანისა თურქეთში… მიუხედავად ამისა, როგორც ეს დიდ პოლიტიკოსს შეშვენის, ნაზარბაევი პიროვნულად საკმაოდ მოკრძალებულია, ყოველთვის ახლოსაა ხალხთან და თავისი ხალხის პრობლემებით ცხოვრობს.

 

გულბაათ რცხილაძე