რუსული სამოქალაქო ავიაცია მზადაა უზრუნველყოს ნებისმიერი რაოდენობის ავღანეთის მოქალაქეების გადაყვანა ნებისმიერ უცხოურ ქვეყანაში, რომელიც მათი მიღება-განთავსების ინტერესს გამოხატავს.
მოსკოვი მზადაა ჩართოს რუსული ავიაცია ავღანელების მესამე ქვეყნებში გადაყვანაში, რომლებიც მათი მასპინძლობა-განთავსებით დაინტერესდებიან, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„ავღანეთში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების აღკვეთის მიზნით მზად ვართ შევთავაზოთ რუსული სამოქალაქო ავიაციის მომსახურება ნებისმიერი რაოდენობის ავღანეთის მოქალაქეების, მათ შორის ქალებისა და ბავშვების გადაყვანაში ნებისმიერ უცხოურ ქვეყნებში, რომლებიც გამოთქვამენ დაინტერესებას მათი მიღება-განთავსების კუთხით“, – განაცხადა ზახაროვამ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე ქვეყანაში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია. კვირას, 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა და ქვეყანაში ძალაუფლება ხელში აიღო. ამ დროისათვის პანჯშერი (Panjshir) ერთადერთ პროვინციაა, რომელსაც ვერ აკონტროლებენ თალიბები. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, რათა „თავიდან აეცილებინა სისხლისღვრა“.
16 აგვისტოს „თალიბანის“ პოლიტოფისის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა გამოაცხადა, რომ ომი დასრულდა. უახლოეს მომავალში გაირკვევა მმართველობის ახალი ფორმა. ამ დროისათვის თალიბები უკვე სრულად აკონტროლებენ ქვეყნის ყველა სასაზღვრო გადასასვლელს. უცხოელი თანამშრომლებისა და უცხოურ მისიებზე მომუშავე ავღანელების ევაკუაცია ხორციელდება ქაბულში არსებული ერთადერთი აეროპორტიდან, რომელიც ამ დროისათვის აშშ-ის და ნატოს სხვა ქვეყნების ძალების ხელშია.