აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი ახალი ძალით იწყებს მუშაობას – სამწუხაროდ, ამჯერადაც საქართველოს გარეშე

2015 წლიდან მოყოლებული, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კერძოდ, ქალაქ ვლადივოსტოკში, პრეზიდენტ პუტინის ინიციატივით იმართება წარმომადგენლობითი „აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი“ (აეფ). გასულ წელს, პანდემიის გამო ფორუმი არ შედგა, თუმცა მიმდინარე 2021-ში, მიუხედავად მსოფლიოში არსებული არასტაბილური ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, „აეფ“ 2 სექტემბერს გაიხსნება და 4 სექტემბრამდე გააგრძელებს მუშაობას. ფორუმი იმუშავებს როგორც უშუალო შეხვედრების, ისე ონლაინ-სახით, იქნება ეს საპანელო სესიები, მრგვალი მაგიდები, ტელედებატები, საქმიანი საუზმეები თუ ბიზნეს-დიალოგები.

„აეფ“ მზარდი და პროდუქტიული პლატფორმაა. თუკი 2017 წელს ფორუმის საქმიან პროგრამაში 6 ათასი მონაწილე მუშაობდა, 2018 წელს კი 6 ათას ორი, 2019-ში მათმა რიცხვმა უკვე 8500 შეადგინა. შესაბამისად, იზრდებოდა „აეფ“-ის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებებისა და ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხების რაოდენობა. ასე მაგალითად, 2017 წელს 217 ხელშეკრულება დაიდო 2,5 ტრილიონი რუბლის მოცულობით (საუბარია მხოლოდ იმ საქმიან ხელშეკრულებებზე, რომლებშიც თანხა არ არის გასაიდუმლოებული), 2018-ში – 220 ხელშეკრულება 3,1 ტრლნ. რუბლის მოცულობით, ხოლო 2019 წელს – 270 ხელშეკრულება 3,4 ტრილიონი რუბლის ოდენობით.

მიმდინარე წელსაც სტუმრების ნაკლებობას არ განიცდის ვლადივოსტოკის ფორუმი. განსაკუთრებულ ინტერესსა და აქტიურობას ამჟამად ჩინელები იჩენენ, თუმცა არც სხვები ჩამორჩებიან. “აეფ“-ის საერთაშორისო ღონისძიებების წლევანდელი ნუსხა ასე გამოიყურება: „დიდი ევრაზიული პარტნიორობის ღირებულება და ღირებულებები“; ბიზნეს-დიალოგები: რუსეთი-ევროპა, რუსეთი-ინდოეთი, რუსეთი-კორეა, რუსეთი-იაპონია და სხვა.

საინტერესოა, რომ აზიისა და ევროპის ეკონომიკურად ყველაზე უფრო განვითარებული ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას სიამოვნებით იღებენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიც, ჩვენი კავკასიელი მეზობლების, აზერბაიჯანისა და სომხეთის ჩათვლით. აი რას წერდა წინა ფორუმთან დაკავშირებით აზერბაიჯანული „ტრენდ. აზ“:

„როგორც ექსპერტები ამბობენ, ბაზრის გლობალიზაციის შენელებისა და ალტერნატიული მაკროეკონომიკური იმპულსების ძებნის აუცილებლობის პირობებში, განვითარებადი ბაზრები, როგორადაც დღესდღეობით აზერბაიჯანი გვევლინება, მსხვილი ინვესტორებისთვის მომატებული ინტერესის ობიექტს წარმოადგენენ. აზერბაიჯანი, თავის მხრივ, წვდომას მიიღებს  სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის განვითარებისთვის საჭირო ექსკლუზიურ თანამედროვე გამოგონებებზე, საზღვაო პორტების შესაძლებლობების გამოყენებით“.

საქართველოში კი ამ დროს წუწუნი და ურთიერთბრალდებები ისმის ანაკლიის პორტის გამო, ნაცვლად იმისა, ქართულმა კომპანიებმა აზერბაიჯანელებივით მონაწილეობა მიიღონ და სარგებელი ნახონ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მასშტაბური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. ბოლოსდაბოლოს, ვლადივოსტოკი იმდენად შორსაა კავკასიისგან გეოგრაფიულად, რომ თუნდაც ეს ფაქტი უზრუნველყოფს დეპოლიტიზაციას აუცილებელი დოზით და საქმიანი გარემოს შექმნას.

აი როგორ უპასუხა ფორუმის რუსი ორგანიზატორების მოწვევას საფრანგეთის წარმომადგენელმა ანუ ევროკავშირის ქვეყნიდან:

„უკვე მეხუთედ მოვემგზავრები ვალდივოსტოკში. ადრე ჩვენ 2-3 კომპანიით ვიყავით წარმოდგენილნი, ახლა კი უკვე 15 კომპანია მიიღებს ფორუმში მონაწილეობას და, ვიმედოვნებ, მომავალში ამ კომპანიათა რიცხვი კიდევ გაიზრდება. ჩვენ ეკონომიკურ ფორუმს სექტემბერში ვესტუმრებით, ჩვენი სურვილია, გავმართოთ ფრანგულ-რუსული მრგვალი მაგიდა… ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს, რადგან ვხედავთ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც არსებობს შორეულ აღმოსავლეთსა და არქტიკაში“ – მისწერა რუსეთის ვიცე-პრემიერს, პრეზიდენტის წარმომადგენელს შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ ოკრუგში იური ტრუტნევს, ფრანგულ-რუსული სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ემანუელ კიდემ.

 

გულბაათ რცხილაძე