21-23 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 21 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინელი კოლეგა დენის შმიგალი ქალაქ ლვოვში უმასპინძლებს. 22 აგვისტოს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კიევში შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ირაკლი ღარიბაშვილისა და დენის შმიგალის პირისპირ შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, დმიტრო რაზუმკოვს შეხვდება. ირაკლი ღარიბაშვილი გვირგვინით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს და ჰოლოდომორის მემორიალზე პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას.
23 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომლის ფარგლებში ერთობლივი დეკლარაცია შემუშავდება. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.
“ნეტგაზეთი”