ყველაფერს გვიწუნებენ, კორუფციასა და გარიგებაში გვდებენ ბრალს – ცერცვაძე

ყველაფერს გვიწუნებენ, კორუფციასა და გარიგებაში გვდებენ ბრალს – ცერცვაძე კოლეგების ნაწილს პასუხობს.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოების კრიტიკას პასუხობს და კოვიდის მართვაზე განმარტებებს აკეთებს.

თენგიზ ცერცვაძე კრიტიკის ავტორებს მიმართავს, რატომ ერთხელ მაინც არ სცადეს, თვითონ ემუშავათ რომელიმე COVID კლინიკაში, რეალურად დახმარებოდნენ ავადმყოფებს და იქ ეჩვენებინათ თავიანთი უპირატესობა.

“16 აგვისტოს ქალბატონმა მაია ბუწაშვილმა გამოაქვეყნა ამონარიდი ჩემი ა.წ. 12 აგვისტოს პოსტიდან, სადაც ვამბობ, რომ „საქართველოში COVID ავადმყოფების კლინიკური მართვა ამერიკის და ევროპის ბევრ ქვეყანაზე უკეთესი იყო ადრეც, მთელი პანდემიის მანძილზე და უკეთესია ახლაც”, რასაც თან ახლავს ქ-ნ მაიას ცინიკური კომენტარი “აბა ამ “შედევრზე” რაღა კომენტარის გაკეთება შეიძლებაო”, აგრეთვე ამერიკაში მომუშავე ექიმის ქ-ნ ნანა გეგეჭკორის არაკორექტული კომენტარი “სამწუხარო და საშიში უპასუხისმგებლობა”. ასევე ჩვენს პოსტთან დაკავშირებით არა, მაგრამ ბ-ნმა ზურაბ გურულმა გამოთქვა გულისტკივილი, რომ ამ მოკლე ხანში არა გვაქვს შანსი გამოვცვალოთ მთავრობა (საქართველოში) და „ჯანდაცვის გაუბედურებული სექტორი”?!. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თუ ბ-ნი გურულის ამ არაკორექტულ სიტყვებს არ ჩავთვლით, მისი პოსტი ნამდვილად საყურადღებოა.

ქ-ნ მაიას, ქ-ნ ნანა გეგეჭკორს და კიდევ რამოდენიმე ექიმს ერთი რამ აერთიანებთ- პოლიტიკური ანგაჟირება და ის, რომ “სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდათ”. მათ აღიზიანებთ, თუ ქვეყანაში COVID-ის მართვაში რაიმე კარგი ხდება და კმაყოფილები არიან და უხარიათ, თუ რაიმე ისე არ მიდის. მათ შორის განსხვავებაცაა. ქ-ნ ნანა გეგეჭკორს ნამდვილად აქვს COVID-ზე მუშაობის სერიოზული გამოცდილება, ბ-ნი ზურაბ გურული კი ჩვენი განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, უდავოდ მრავალმხრივ ნიჭიერი პიროვნებაა. რაც შეეხება ქ-ნ მაიას, მას და მის რამოდენიმე უახლოეს თანამოაზრეს, რომლებიც გაუთავებლად გვლანძღავენ და გვაკრიტიკებენ, ერთი ჰოსპიტალიზებული COVID ავადმყოფიც კი არ ჰყავთ გატარებული და გადარჩენილი. ქ-ნმა მაიამ ისიც კი იკადრა, რომ როდესაც მე ქვეყნისთვის 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების რემდესივირი საჩუქრად შემოვიტანე, მან არც მეტი, არც ნაკლები კორუფციულ კავშირებსა და გარიგებაში დაგვდო ბრალი??!! და ჩემი ციხეში გაშვებაც კი მოითხოვეს (ბ-ნი ჩალაძე, ბ-ნი ჩიხლაძე და სხვ.).

მე არაერთხელ მივმართე ქ-ნ მაიას და მის თანამოაზრეებს და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო, რომ მთელი ორი წელი გაუთავებლად რომ გვლანძღავენ და ყველაფერს გვიწუნებენ, რატომ ერთხელ მაინც არ სცადეს, რომ თვითონ ემუშავათ რომელიმე COVID კლინიკაში, რეალურად დახმარებოდნენ ავადმყოფებს და იქ ეჩვენებინათ თავიანთი უპირატესობა. საქმის გაკეთებაა ძნელი, თორემ ლაპარაკი იოლია. ამისთვის ბ-ნი ვახო კალოიანის მაგალითიც კმარა, რომელიც ასევე გაუთავებლად გვლანძღავს და ჭკუას გვასწავლის და ამ დროს მის საკუთარ კლინიკაში COVID-ით სიკვდილობა 11%-ია (ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, კატასტროფულად მაღალი ქვეყანაში). ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი მაგალითია მათთვის, ვინც თვლის, რომ რაიმეს ჩვენზე უკეთ გააკეთებდა.

ახლა უშუალოდ იმის შესახებ, რაც ჩვენი ოპონენტების ასეთ აღშფოთებას იწვევს.

უპირველეს ყოვლისა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემს პოსტში ლაპარაკია COVID პაციენტების კლინიკურ მართვაზე და არა ზოგადად COVID პანდემიის მართვაზე. დღეში 30, 40 და 50 გარდაცვალება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა საქართველოსთვის, მაგრამ ეს გამოწვეულია COVID ინფიცირებულთა კატასტროფულად მაღალი რიცხვით და ვაქცინაციის დაბალი მოცვით, რის გამოც ძალიან ბევრია მძიმე და კრიტიკულად მძიმე ავადმყოფები და არა ცუდი კლინიკური მართვით.

მინდა მივმართო ქ-ნ ნანა გეგეჭკორს. რა ნახეთ ჩემს პოსტში „სამწუხარო და საშიში უპასუხისმგებლობა“? ოღონდ იხელმძღვანელეთ სიმართლით და არა თქვენი ინტერპრეტაციით. „სამწუხარო და საშიში უპასუხიმგებლობა” ის არის, რასაც თქვენ აკეთებთ და ლაპარაკობთ. კერძოდ, როდესაც სისტემატურად აკნინებთ საქართველოს ჯანდაცვას და ამერიკის მიღწევები თქვენი დამსახურება გგონიათ. როდესაც თქვენ, ბ-ნი ზურაბ გურული, ქ-ნი თამარ ჟამურაშვილი, ბ-ნი რევაზ ბოჭორიშვილი და სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებული ექიმები ყველანაირად ეწინააღმდეგებოდით საქართველოში რემდესივირის შემოტანას, მაშინ როდესაც თქვენ თვითონ ამერიკაში უკვე ლამის ყველა ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფს (და არა მარტო ჟანგბადდამოკიდებულებს) რემდესივირს აძლევთ და სამწუხაროდ, თქვენი გავლენის ქვეშ მყოფი ზოგიერთი კლინიკა და ექიმი დღესაც უარს ამბობს რემდესივირის და ტოცილიზუმაბის გამოყენებაზე, რაც ძალიან ცუდად აისახება ავადმყოფების დამძიმებასა და გამოსავლებზე. ახლა ქვეყანაში მთავრობის და „გაუბედურებული ჯანდაცვის სისტემის“ შეცვლაზეც ალაპარაკდით. ძალიან ზედმეტი ხომ არ მოგდით?

COVID პაციენტების კლინიკური მართვა ფასდება რამოდენიმე ძირითადი კრიტერიუმით:

COVID პაციენტების ნაკადების კლინიკური მართვა.

ყველაზე მთავარი და უტყუარი – ყველა დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცლილთა რაოდენობა – ე.წ. CFR (case fatality rate). ეს მაჩვენებელი არ არის დამოკიდებული არც ქვეყნის სიდიდეზე, არც შემთხვევების და სიკვდილობის საერთო რაოდენობაზე და მხოლოდ კლინიკური მართვის ხარისხს ასახავს.

1 მილიონ მოსახლეზე COVID გარდაცვლილთა რაოდენობა. ეს მაჩვენებელი მხოლოდ ნაწილობრივ არის დამოკიდებული კლინიკური მართვის ხარისხზე და მასზე დიდ გავლენას ახდენს COVID შემთხვევების და COVID გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა, რაც თავის მხრივ სულ სხვა ფაქტორებით არის გამოწვეული.

ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე, თავშესაფრებში, COVID სასტუმროში და სხვ.) გარდაცვლილი COVID პაციენტების რაოდენობა.

1. ევროკავშირის ქვეყნები და მითუმეტეს ამერიკა საქართველოზე ბევრად, შეუდარებლად უფრო ძლიერი ქვეყნებია, გაცილებით უფრო ძლიერი ჯანდაცვით და მაინც საქართველომ და მისმა ჯანდაცვის სექტორმა განვლილი ერთი წლის მანძილზე გააკეთა შესაძლებლობის მაქსიმიმუმი და უფრო მეტიც: შექმნა COVID-ის მართვისთვის აუცილებელი პოტენციალი და უზრუნველყო მისი მდგრადობა. საქართველოში დანერგილია COVID პაციენტთა მკურნალობის ყველა თანამედროვე მეთოდი ყველაზე მაღალი საერთაშორისო სტანდარტებით და ინოვაციური მიდგომებით. სწორედ საქართველოს “Know how” ე.წ. COVID სასტუმროები, რომლებმაც მსოფლიო ლიდერების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. დღეს საქართველოში 59 ათასი აქტიური COVID ავადმყოფია, რაც 4 მილიონიანი ქვეყნისთვის ძალიან ბევრია, ამასთან ვაქცინაციით დაბალი მოცვის გამო ძალიან ბევრია მძიმე და კრიტიკულად მძიმე ავადმყოფი და ამის მიუხედავად ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ახერხებს პაციენტთა ამ უზარმაზარი ნაკადის მართვას სერიოზული ხარვეზების და ჩავარდნების გარეშე. ასეთ დატვირთვას სხვა ვერცერთი ქვეყნის ჯანდაცვა ვერ გაუძლებდა. არცერთი ავადმყოფი არ დარჩენილა დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გარეშე. ეს ეხება სასწრაფო დახმარებას, ოჯახის ექიმებს, ონლაინ კლინიკებს, COVID სასტუმროებს და COVID კლინიკებს, ისე რომ არავითარი დეფიციტი არც საწოლების, არც მედიკამენტების, არც სუნთქვის აპარატების და არც ჟანგბადის მხრივ არ შექმნილა. ამის გაკეთება (გაცილებით ნაკლები რაოდენობის პაციენტების მართვა) უჭირთ საქართველოზე ბევრად უფრო განვითარებულ და უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებსაც კი.

გაიხსენეთ, რომ ლოს ანჯელესში, ლონდონში, პარიზში, სტოკჰოლმსა და სხვა დიდ ქალაქებში პიკის პერიოდში არ ყოფნიდათ ჰოსპიტალური საწოლები მძიმე ავადმყოფებისათვის, რის გამოც კლინიკებთან სასწრაფო დახმარების მანქანების გრძელი რიგები იდგა და მძიმე COVID ავადმყოფებს უხდებოდათ საშუალოდ 8-12 საათის გატარება სასწრაფო დახმარების მანქანაში, სანამ მათი ჰოსპიტალიზაცია მოხერხდებოდა. ბევრი მათგანი კი საავადმყოფოში საერთოდ ვერ ხვდებოდა და ისე კვდებოდა. სწორედ ამიტომ არის უცხოეთის ქვეყნებში ჰოსპიტალს გარეთ (ბინებზე და სხვ.) გარდაცვლილი ავადმყოფების რიცხვი გაცილებით, შეუდარებლად უფრო მაღალი, ვიდრე საქართველოში. სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მიღებული ჰქონდათ მითითება მოეხდინათ ავადმყოფების პრიორიტიზება (რაც უკიდურესი და ყველაზე არაჰუმანური გადაწყვეტილებაა) და არ გადაეყვანათ კლინიკაში ე.წ. უიმედო ავადმყოფები?! ასევე არ გადაეყვანათ 65 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფები?! (შვედეთში) ვინაიდან არ ჰყოფნიდათ საწოლები, აგრეთვე ჟანგბადი მიეცათ მხოლოდ იმ ავადმყოფებისთვის, ვისი ჟანგბადის სატურაცია 90%-ზე დაბალი იყო?! (რადგან ჟანგბადი არ ყოფნიდათ) გადატვირთულ მორგებთან რეფრიჟერატორები მორიგეობდენ და გარდაცვლილთა დაკრძალვას ვერ აუდიოდნენ. ახლაც კი, როცა ამერიკა სრულად ვაქცინირებული ქვეყანაა, ოფიციალური ინფორმაციით რიგ შტატებში შექმნილია COVID საწოლების და მედპერსონალის დეფიციტი და COVID პაციენტები ერთი შტატიდან მეორეში გადაჰყავთ. და კიდევ ენა გიბრუნდებათ, რომ ჩვენზე აუგი სთქვათ?

2. მთელი პანდემიის პერიოდში აღებული სიკვდილობის საშუალო მაჩვენებლით (CRF) საქართველო (1,32%) სჯობნის აშშ (1,68%), ბრიტანეთს (2,06%), გერმანიას (2,40%) და ზოგადად ევროპის 32 ქვეყანას. საქართველოში ბოლო 1 კვირაშიც კი, როცა ფიქსირდებოდა გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევები, ეს მაჩვენებელი არ აღემატება 1%-ს (0,93%). რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 100 COVID ავადმყოფიდან მხოლოდ 1 ავადმყოფის გადარჩენა ვერ ხერხდება და ეს ხდება ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა და ევროპა პრაქტიკულად სრულად ვაქცინირებულია. საქართველოში კი ორჯერადი ვაქცინაციით მოცვა 10%-ზე ნაკლებია.

3. საქართველოში 1 მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილია 1670 COVID ავადმყოფი, აშშ-ში – 1930 ავადმყოფი, ბრიტანეთში – 1925 ავადმყოფი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს მაჩვენებელი მხოლოდ ნაწილობრივ არის დაკავშირებული კლინიკური მართვის ხარისხთან და უფრო მეტად დამოკიდებულია ავადმყოფთა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობაზე. ავადმყოფების საერთო რაოდენობა კი საქართველოში, როგორც მოგეხსენებათ, სამწუხაროდ ძალიან მაღალია.

4. საქართველოში ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე, COVID სასტუმროში) სულ გარდაცვლილია 54 COVID ავადმყოფი, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მაშინ როდესაც უცხოეთის ქვეყნებში ასეთი ასობით, ათასობით და ათი ათასობითაა. მე დაბეჯითებით ვთხოვ ქ-ნ ნანა გეგეჭკორს გამოაქვეყნოს, თუ რამდენი COVID ავადმყოფია გარდაცვლილი ჰოსპიტალს გარეთ ამერიკაში და თუ ინფორმაცია აქვს – ევროპის წამყვან ქვეყნებში.

ეს მაჩვენებელი ქვეყანაში COVID პაციენტების კლინიკური მართვის ხარისხის შესაფასებლად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილი ავადმყოფების მაღალი რიცხვი მიუთითებს, რომ მეტი მძიმე და კრიტიკულად მძიმე ავადმყოფი დარჩა ჰოსპიტალიზაციის გარეშე და/ან უექიმოდ.

აი, ასეთია სინამდვილე და დაბეჯითებით ვთხოვ ქ-ნ მაიას და ქ-ნ ნანა გეგეჭკორს ან დაგვიმტკიცონ, რომ ის რაც ამ პოსტში წერია სიმართლეს არ შეესაბამება, ან აღიარონ, რომ საქართველოში COVID პაციენტების კლინიკური მართვა, ხაზს ვუსვამ კლინიკური მართვა და არა ზოგადად პანდემიის მართვა, უკეთესად ხდება, ვიდრე ამერიკასა და ევროპის ბევრ ქვეყანაში. ხოლო რაც შეეხება ბ-ნ ზურაბ გურულს, სანამ საქართველოში COVID პანდემიის „ცუდი კლინიკური მართვის“ გამო მთავრობის და „გაუბედურებული ჯანდაცვის“ შეცვლას შეძლებს, მანამდე იქნებ ამერიკასა და ევროპის წამყვან ქვეყნებში (რომლებსაც ჩვენზე უარესი COVID მაჩვენებლები აქვთ) ხელისუფლების შეცვლაზე იფიქროს” – წერს თენგიზ ცერცვაძე.

წყარო: itv.ge