ანტირუსული ისტერია ანტიპუტინური განწყობით იკვებება საქართველოში – საზოგადოებას თავს მოახვიეს აზრი, რომ პუტინი, ისევე, როგორც მთლიანად რუსეთი, საქართველოს მტერია, პირადად პუტინს ჩვენი ქვეყნისადმი რაღაც განსაკუთრებული ცუდი გრძნობები ამოძრავებს.
რა თქმა უნდა, ეს სისულელეა და ბოროტი განზრახვით შემოგდებული ტყუილი. მეზობელი რუსეთი, სადაც, სულ მცირე, 700 ათასი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს (და თანაც, საკმაოდ კარგად ცხოვრობს), სადაც არსებობს ქართველ მეფეთა სავანეები, რუსთაველის ძეგლი და სადაც სტალინი განისვენებს, თუნდაც მხოლოდ ამ ფაქტების გამო ვერ უნდა მოვიაზროთ საქართველოს მტრად. რაც შეეხება ვლადიმირ პუტინს, იგი თავისი ქვეყნის ლიდერია და, ბუნებრივია, რუსეთის სახელმწიფო ინტერესებით მოქმედებს. საქართველოს საწინააღმდეგო სუბიექტური განწყობა მას არასდროს ჰქონია. მახსენდება, თუ არ ვცდები, 2001 წელი, ჩვენი სახელოვანი არტისტის, კოტე მახარაძის დაბადების დღე, როდესაც ამ დღის მოსალოცად ბატონ კოტეს მოულოდნელად სწორედ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დაურეკა!
რა რჯიდა ამხელა სახელმწიფოს ლიდერს, თანაც, თუკი იგი ანტიქართულად იყო განწყობილი, აეკრიფა ქართველი მსახიობის ტელეფონის ნომერი და მისთვის პირადად მიელოცა დაბადების დღე?
პასუხი: არა მხოლოდ კოტე მახარაძისადმი, არამედ საქართველოსადმი სიმპათია, თბილი გრძნობები და პატივისცემა – იმ საქართველოს მიმართ, რომელსაც ახალგაზრდა ვლადიმირ პუტინი საბჭოთა პერიოდში იცნობდა, ქართული ხელოვნებისა და კულტურის, სპორტის მეშვეობით… ისევე იცნობდა საქართველოს, როგორც თითქმის ყველა რუსი ან საბჭოეთის სხვა რესპუბლიკების წარმომადგენელი; მაშინ საქართველო იყო საოცნებო მხარე, ყველასგან ნალოლიავები და აღმატებულ ხარისხში აყვანილი!
სწორედ ეს იყო მიზეზი, რატომაც დაურეკა პუტინმა კოტე მახარაძეს! თან, არ დაგვავიწყდეს – 2000-იანი წლების დასაწყისი, ურთულესი პერიოდი ქართულ-რუსულ ურთიერთობებში. პრეზიდენტის პოსტზე ახლად მოსული პუტინი (იგი პირველად 2000 წელს აირჩიეს) ცდილობს, გაარკვიოს საქართველოსთან ურთიერთობები – რა უნდა საქართველოს ანუ მის მაშინდელ პრეზიდენტ შევარდნაძეს; კერძოდ, რატომ აძლევს შევარდნაძე საერთაშორისო ტერორისტებს, რუსლან გელაევსა და მის მრავალეროვნულ ტერორისტულ ბანდას თავშესაფარს საქართველოს ტერიტორიაზე, რატომ აიარაღებს და აქეზებს მათ რუსეთის წინააღმდეგ… ამ დროს, ჩეჩნეთში გააფთრებული ომი მიმდინარეობს ტერორისტების წინააღმდეგ. ქართველთჭამია, საზარელი მკვლელი და ტერორისტი შამილ ბასაევი ჯერ კიდევ არ ჰყავთ რუსებს ჩაძაღლებული, იგი სისხლს უშრობს ჩეჩნეთის მოსახლეობასა და რუსულ არმიას, თუმცა მისი დღეები დათვლილია. ამ დროს კი საქართველო, ოდესღაც რუსების მოძმე ერი, შევარდნაძის პირით, “ნატოს კარებზე კაკუნს” აანონსებს და, რაც მთავარია, ტერორისტებს ეხმარება… და, მიუხედავად ამ ყველაფრისა, პუტინი კოტე მახარაძეს ურეკავს, რომლის მაშინდელ იუბილეზე, თვით ედუარდ შევარდნაძე იმყოფებოდა…
ქართული მასმედია, გაბოროტებული, პროვოკატორი, “სოროსული”, მთელი 1990-იანი წლების მანძილზე სერიოზულ შფოთს სთესდა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში. აღარაფერს ვამბობ პირველი პრეზიდენტის მიერ ე. წ. “იჩქერიის” ე. წ. “დამოუკიდებლობის” მხარდაჭერაზე, როდესაც 91 წლის შემოდგომაზე ცენტრალური რუსული გაზეთების რედაქტორებს – ტრეტიაკოვს (“ნეზავისიმაია გაზეტა”) და გოლემბიოვსკის (“იზვესტია”) განუცხადა: საქართველო “ერების თვითგამორკვევას”, კერძოდ, ჩეჩნეთთან მიმართებაში, მხარს უჭერს; ელცინს ტელეგრამა გავუგზავნე, ჩეჩნეთში გააუქმოს საგანგებო ვითარებაო… შევარდნაძე არანაკლები რადიკალი გამოდგა, უკვე პირდაპირ საერთაშორისო ტერორისტებად აღიარებულ ბანდიტებს უჭერდა მხარს. მაშინდელმა “რუსთავი 2”-მა, ე. წ. “ჟვანია-სააკაშვილის გუნდის” რუპორმა, კიდევ უფრო გაამწვავა ვითარება, პროვოკაციულად გააბუქა გელაევის ბანდის წევრთა რაოდენობა საქართველოს ტერიტორიაზე და ქვეყანა ლამის კატასტროფამდე მიიყვანა. თუმცა “რუსთავი 2”-ის პროვოკაციით შევარდნაძის მავნებლური ფსევდოპოლიტიკა არ მართლდება!
სწორედ ამ ვერაგული და თავხედური, თანაც ბრიყვული პოლიტიკის გამო პუტინი განეწყო არა საქართველოს სასიკეთოდ (პოლიტიკურად, თუმცა არა პიროვნულად) და რუსეთის მოქალაქეობის დარიგება დაიწყო ოსებსა და აფხაზებში, საქართველოს მიმართ კი (უსაფრთხოების მიზეზით) სავიზო რეჟიმი შემოიღო… ჩეჩნეთის საკითხებში ჩარევის გამო დაისაჯა საქართველო 1991 და 2001 წელსაც..
გთავაზობთ ზუსტად 19 წლის წინანდელ, 2002 წლის 22 აგვისტოს, რუსულ მასმედიაში გასულ საარქივო მასალას და დასკვნები თავად გააკეთეთ! ბმული იხილეთ აქ: отряд чеченских боевиков численностью до 500 человек во главе с Русланом Гелаевым…
გულბაათ რცხილაძე