კახაძე – არ ვარ არჩევნების გადადების მომხრე, თუ რეკომენდაციებს დავიცავთ, შევძლებთ მის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას!
ქართული ოცნების წევრი ლადო კახაძე მეტრონომთან საუბარში აცხადებს, რომ მიუხედავად გაუარესებული ეპიდვითარებისა, ის თვითმმართველობის არჩევნების გადადების მომხრე არ არის.
მისი თქმით, თუ მოქალაქეები ჯანმოსა და სპეციალისტების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს პედანტურად დაიცავენ, მაშინ შესაძლებელია, უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარება.
– “არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არჩევნები არ გადაუდია. ჩვენ ასეთი ქვეყნისკენ გვინდა ორიენტირი, ამერიკის შეერთებული შტატებისკენ. მათ კონსტიტუციაში უწერიათ, რაც არ უნდა მოხდეს, ნოემბრის პირველ სამშაბათს 4 წელიწადში ერთხელ არჩევნები ტარდება. ეს არის კონსტიტუციური ვალდებულება. მე არჩევნების გადადების მომხრე არ ვარ. ისევე როგორც, ეკონომიკური აქტივობის გაჩერების მომხრე არ ვარ. თუ ადამიანები, ხაზს ვუსვამ, ადამიანები რეკომენდაციებს პედანტურად დაიცავენ, ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს, მაგრამ თუ რეკომენდაციებს არ დავიცავთ, არც ეკონომიკური განვითარება იქნება, კოვიდსტატისტიკა უარყოფითი იქნება და ა.შ. ეს არის სახელმწიფოსა და ადამიანის ურთიერთობის შორის პასუხისმგებლობის საკითხი.
თუ პედანტურად დავიცავთ ჯანმოს მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს, მაშინ შესაძლებელი იქნება, უსფართხო გარემოში, როგორც არჩევნების ჩატარება, ისევე საქმიანობა, ისევე ტრანსპორტი, ბევრი ასეთი რეგულაციაა, რომელიც ადმაიანს დაზიანებისგან იცავს” – აცხადებს კახაძე.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 23 აგვისტოს განაცხადა, რომ უნდა მოხდეს არჩევნების გადადებაზე მსჯელობა. საკითხზე მსჯელობის დაწყების მზაობა დაადასტურა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. თემის განსახილველად მზაობა გამოთქვა ლელო საქართველოსთვის ერთერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემაც.
წყარო: metronome.ge