“რა მოგწონთ კალაძეში — ბლანჟე, თმის ვარცხნილობა თუ…?” – ჰამლეტ ჭიპაშვილი კალაძეს და მის მომხრეებს თხრის

ადგილობრივი არჩევნებისთვის პარტიათა ბრძოლა ახლა შედის აქტიურ ფაზაში, თუმცა „ოცნებამ“ რახანია თავს მიხედა და რაც თბილისში ბილბორდები იყო, ყველაზე ქალაქის მერის კახი კალაძის პორტრეტები გააწება.

ბილბორდების გარდა კალაძის უკიდეგანო პორტრეტებითაა „დამშვენებული“ საცხოვრებელი სახლების კედლები. ერთ-ერთს მრავალსართულიანსა და მერიის შესასვლელთან მდებარეს — სახურავიდან საძირკველამდე კალაძე „ამშვენებს“. ალბათ როგორ სიამოვნებს ორიგინალს საკუთარი პორტრეტის ხილვა სამსახურში მისვლა-მოსვლის დროს. ეს ნარცისიზმია და სხვა არაფერი, საკუთარი პორტრეტით ტკბობა. „ტკბობის“ შეგრძნება უასმაგდება პატივცემულ მერს, როდესაც ყველა ქუჩის თავში, ბოლოში, შუაში კალაძის ანუ თავის ღიმილშეპარულ სახეს უყურებს.

მერი, უდავოდ კმაყოფილია, რაც არაერთხელ გაგვანდო საჯარო გამოსვლისას — გაგვანდო „მორცხვად“, „თავმდაბლურად“, „მორიდებით“ 4 წლის განმავლობაში გაწეული „გიგანტური“ შრომა-გარჯის შეფასებისას. ავტოპორტრეტის მსგავსად, მერის განცხადება, საკუთარი თავის ქებით აპიპინებული (როგორც გურულები იტყვიან) ისეთივე „მოკრძალებულია“, როგორც მისი გამოსვლები.

ქების მეტი რა გვეთქმის და ვამბობთ კიდეც — ასეთი მერი თბილისს არ ჰყოლია, ისევ თქვენ იქნებით მერი, აბა სხვა ვინ?

მერი აღარც ექსპერტებს აწუხებს — მისი საქმიანობის შესაფასებლად, არც ისინი იწუხებენ თავს, ისე, როგორც ოპოზიციური პარტიები, რაც აშკარა დასტურია ინდიფერენტიზმის, არაპროფესიონალიზმის, უცოდინრობის და ყველა სხვა მანკიერების, რითიც ერია დაავადებული.

არვინ კითხულობს — ყველა ბილბორდი რატომ კალაძეს და არა სხვას? კალაძემ, რატომ მოახდინა ქალაქში არსებული სადემონსტრაციო დაფებისა და გამოსაჩენი ადგილების ოკუპაცია მაშინ, როდესაც სხვა პარტიებს საკუთარი „ყოჩები“ ჯერაც არ შეურჩევიათ?

ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ არის თუ არა არჩევნების ფალსიფიკაცია — ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გზით?

როგორც ზოგიერთი ექსპერტი შიშშეპარული ხმით ამბობს — კალაძის მიერ დედაქალაქის ქუჩების საკუთარი პორტრეტებით „მორთვას“ სახელმწიფო ბიუჯეტის 10 მილიონი შეეწირა! არის თუ არა ესოდენ დიდი ფულის ფლანგვა წინასაარჩევნო მარათონისთვის დამახასიათებელი ერთი პატარა კომპონენტი კორუფციისა და ადმინისტრაციული ძალაუფლების გადამეტების მაგალითი?

მკითხველს კარგად მოეხსენება იმ უმძიმეს ეკონომიკურ-სოციალური ვითარების შესახებ, რასაც საქართველოში აქვს ადგილი. თითო თეთრის ყაირათიან ხარჯვაზე უნდა იყოს დაგეშილი მერი და საქართველოს მთავრობა. აქ კი უკუღმართობას ვაწყდებით. ის, ვინც უპირველესად უნდა უფრთხილდებოდეს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას, უპირველესად ფლანგავს.

ჩემის აზრით, კანონით უნდა აიკრძალოს ფოტოსურათების დემონსტრირება — დუელი, ისეთი, რასაც აქ აქვს ადგილი. ყველა პარტიას შორის დაწესებული უნდა იყოს სურათების დემონსტრირების პარიტეტული წესი. მათი რაოდენობა არც თვალს უნდა ჭრიდეს და მითუმეტეს გონებას. ამომრჩეველში არ უნდა იწვევდეს ზიზღს. ასეთიც უხვადაა კალაძესთან მიმართებაში.

კალაძეს ჰყავს თავისი ამომრჩეველი — ვინ დალია ზღვაში ქვიშა ან „ოცნების“ მომხრეები?

მაგრამ მოწინააღმდეგებიც იმდენია, არათუ არჩევნებს ვერ მოიგებს, ახლოსაც ვერ მივა საოცნებო პროცენტებთან. მაგრამ ეს დემოკრატიულ გამჭვირვალე არჩევნების პირობებში, რასაც აქ არასდროს ჰქონია ადგილი და არც არასდროს ექნება. რატომ, იმიტომ რომ ქვეყანაა ასეთი — დემოკრატიისგან შორს მყოფი. ხალხი ვართ ასეთი, ცუდსა და კარგს ერთმანეთისგან რომ ვერ ვარჩევთ. რომ ვარჩევდეთ, პოპულარობით კალაძეს კათოლიკოს პატრიარქის შემდეგ განვამწესებდით?

იმ გამოკითხვის დროს, დავუშვათ გაყალბებულის, ვიღაცამ ხომ დადებითად ახსენა მისი სახელი? აი, იმ ვიღაცას მინდა ვკითხო რა მოგწონთ კალაძეში — ბლანჟე, თმის ვარცხნილობა თუ … .

საქმიდან გამომდინარე, ის რომ მიუღებელია, მტკიცება არ სჭირდება. დაელაპარაკეთ ჭავჭავაძის პროსპექტზე მცხოვრებთ, რომელთაც სიცოცხლე გაუმწარა მერის და მისი უვიცი, ფულზე დახარბებული თინეიჯერების მიერ შეთხზული პროექტის განხორციელებამ — ავტომანქანის სავალი ნაწილის შევიწროვებამ, საქალაქო ტრანსპორტის შუა ქუჩაზე გადატანამ, ქუჩის შუაგულში ბაღ-პარკების მოწყობამ — ძვირადღირებული ხელოვნური მცენარეებით, პლასტმასს რომ წააგავს და სხვა მრავლით.

კალაძის მიხედვით, მან ისეთი პროსპექტი გააკეთა, სილამაზით მსოფლიოში რომ პირველია. ვაჰ, მართლა?!

როგორც ჩანს მერს ამ პროსპექტზე მდებარე სახლების ფასადებისთვის არ შეუხედავს — წვიმის წყლით დაზიანებულზე, ბათქაშჩამოყრილზე, არც ძველი სტუდქალაქისთვის შეუვლია თვალი, ლტოლვილებით გადაჭედილისთვის, საცხოვრებლად უვარგისისთვის. ის 10 მილიონი, სურათების გამოკვრას რომ დაახარჯა, ერთ სახლს მაინც ააშენებდა ამ უბედურებისთვის.

თუმცა რაღა სტუდქალაქი, მერიის შესასვლელში არსებული დაუმთავრებელი შენობის ჩონჩხი ვერ აიღო, ფულის არ ქონის გამო; ვერც ძველ ქალაქში გადებული ორი „ტრუბის“ დაუმთავრებელი შენობა და ვერც სხვა დაუმთავრებელი შენობების დასრულებას დაადგა თავი.

ვაკე-საბურთალოს ქუჩის დასაწყისში დაუმთავრებელი საცხოვრებელი სახლი 30 წელზე მეტია „ეხვეწება“ ყველა მერს, მომხედე, დამამთავრეო, მაგრამ არა! პლეხანოვის პროსპექტზე მდებარე უნიკალური ორი შენობა — ყოფილი სასტუმრო „რუსთავი“ და კინოთეატრი „კომკავშირელი“ — უპატრონოდ მიტოვებული, ინგრევა.

მერია დუმს, ისე, როგორც წინა წლებში ანუ 30 წლის განმავლობაში. აღარაფერს ვამბობ ვერეს საცურაო აუზზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაზე, რომლის ფასადიღა შემორჩა და რომელსაც ვითომ „ჰილტონი“ აშენებს.

მიტოვებულია ისეთი უნიკალური შენობები, როგორებიცაა ყოფილი „ზაკვოს“ და მის გვერდით ფიზიკის ინსტიტუტის, ყოფილი საბურთალოს ბაზრის ტერიტორიაზე დაწყებული უზარმაზარი საცხოვრებელი სახლი. უამრავი შენობებია მიტოვებული და ამ დროს შენდება საზოგადოებრივი ტელევიზიის შენობა.

ნუთუ, ჩემს მიერ ჩამოთვლილი შენობებიდან რომელიმეში არ შეიძლებოდა ტელევიზიის გადაყვანა? ან რას ერჩით შენობას, რომელშიც საზოგადოებრივი ტელევიზიაა? იქ ფართიც საკმარისია და ბევრი სხვაც, რაც ტელევიზიისთვის არის საჭირო.

ეს შენობა გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში აიგო ტელევიზიისთვის და თუ არ ჩავთვლით მთაწმინდაზე, სატელევიზიო ანძის გვერდით არსებულ, ტელევიზიის დროებით ორ ოთახს, დღევანდელი შენობა პირველია როგორც ამ დანიშნულების ობიექტი, უნიკალური და განუმეორებელი, თანაც ისეთი, მასთან ვერცერთი სხვა ტელეკომპანიის შენობა რომ ვერ მოვა.

რა ჭია შეგიძვრათ ისეთი ამ შენობაზე, რომ უარს ამბობთ და ახალს აშენებთ, თანაც სახელმწიფოს მწირი ბიუჯეტით? რომელ ნორმალურ ქვეყანაში აქვს ადგილი ფულის ასეთ ფლანგვას, რომელი დედაქალაქის მერი უყურებს ამ და სხვა მანკიერებას, რასაც ამ ქალაქში აქვს ადგილი, აუღელვებლად?

კალაძე უყურებს. მას ბაღ-პარკების ავადმყოფობა აქვს შეყრილი, ისე, როგორც ველოტრეკების და ავტომანქანებისთვის სავალი ქუჩების დავიწროების; სკვერებში წითელი ბურბუშელის დაყრის; საახალწლოდ ქალაქის განათებაში მილიონების ჩაყრის; მოუწესრიგებელი მიწისქვეშა კომუნიკაციების უყურადღებოდ მიტოვების; ვიღაც-ვიღაცაებისთვის „საჩუქრად“ მიწის ფართობების გადაცემის და ა.შ.

აქ ჩამოთვლილი მაგალითები არაფერია სხვასთან და უამრავთან შედარებით. ასეთ მერზე როგორ უნდა თქვა — საუკეთესო მერიაო, ანუ რაც თბილისი არსებობს კალაძეზე უკეთესი მერი არ ყოფილა? შეიშალეთ, ხალხნო?!

ოო, ალბათ კალაძის „ტკბილსიტყვაობა“ გხიბლავთ? აი, ასეთი — „მთაწმინდიდან გამოქანდით და დამახტითო“. ჰოდა, რახან ეს გამოთქმა მოგწონთ და მისი მერობის 4-წლიანი „შემოქმედება“, რაღა დამრჩენია — მშვიდობაში მოგახმაროთ.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი