უსაფრთხო არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი წესები საკმაოდ კარგი დაცვის საშუალებას იძლევა

არჩევნების გადავადების რეკომენდაციას ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არ გასცემს იმ დაშვებით, რომ უსაფრთხო არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი წესები საკმაოდ კარგი დაცვის საშუალებას იძლევა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„მთავარია, რომ ისევ აღსრულების პრინციპი იყოს დაცული. ამდენად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა სუბიექტი, რომელიც ემზადება არჩევნებისთვის, დაიცავს დაწესებულ მოთხოვნებს. ვმუშაობთ ცესკოსთან, რათა დავეხმაროთ მათ სწრაფ ვაქცინაციაში და ასევე ამოქმედებულია ტესტირების განსაკუთრებული რეჟიმი. ვაქცინაციისა და ტესტირების პირობებში ნებისმიერი აქტივობისგან გაცილებით ნაკლები რისკია მოსალოდნელი“, – განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: დღეს, როდესაც 60-70-ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს დღის განმავლობაში, რას უნდა ველოდოთ, რომ უფრო მკაცრი რეგულაციები იყოს შემოღებული ან რატომ არავინ მსჯელობს, მე იგივე პრეტენზია მაქვს ოპოზიციასთანაც, რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა თუნდაც ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება.

 

“იმედინიუსი”