არც სააკაშვილს, არც ღარიბაშვილს არაფერი უკითხავთ სპეციალისტებისთვის — შეიძლებოდა ან შეიძლება თუ არა ამ პროექტების განხორციელება!

პრემიერი ღარიბაშვილი დღეს არ ტოვებს ქვეყნის რეგიონებში „ოცნების“ კანდიდატების წარსადგენად. ყველა წარდგენა გადაიცემა ტელევიზიებით. რა არის ეს, თუ არა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება? არის თუ არა ეს არჩევნების გაყალბება?

უდავოდ არის. გაყალბება ყუთში ბიულეტენების ჩაყრამდე ხდება — დიდი რაოდენობით „ოცნების“ კანდიდატთა პორტრეტების გამოფენით, პრემიერის მიერ კანდიდატების წარდგენით, ამ ღონისძიების ტელევიზიებით გაშუქებით და სხვა, ვითომ წვრილმანით, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ამომრჩეველზე  — კვების პროდუქტების, ფულის ჩამორიგებასთან და საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავეთა მკაცრ გაფრთხილებასთან ერთად — ხმა ჩვენ, ანუ „ოცნებას“ უნდა მისცეთო!

ღარიბაშვილი ისე, როგორც კალაძე, თავს იქებს. კალაძე — ჭავჭავაძის პროსპექტით, ღარიბაშვილი — საქართველოს ეკონომიკის წარმატებული წინსვლით. ღარიბაშვილი, კანდიდატთა  უკვე მერამდენე წარდგენისას, ლაპარაკობს წარმატებებზე, რომლებიც მისი პრემიერობის დროს განახორციელა „ოცნებამ“. მისი ყველა გამოსვლა იწყება და თავდება იმით, რომ თურმე საქართველომ მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან შედარებით წარმატებით დაძლია პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები და პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოში ეკონომიკური მაჩვენებლებით. საქართველოს უამრავი უცხოელი ტურისტი მოაწყდა. სასტუმროები გადაჭედილია და ა.შ. ამ დროს ვისმენთ გუდაურის, მესტიის, სხვა მხარეების სასტუმროების მეპატრონეების სასოწარკვეთილ განცხადებებს ტურისტების დეფიციტის თაობაზე, წინასწარ სასტუმროს დაჯავშნის არარსებობაზე. თუ თითო-ოროლა ვიზიტიორია, ისიც აქაურიაო.

პრემიერს, მერების ხელფასებისა არ იყოს, ამ შემთხვევაშიც ცრუ ინფორმაციას აწვდიან ან სწორს, მაგრამ ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების მსურველი მტვერს აყრის ხალხს თვალში. პრემიერის და მთავრობის ზიგზაგური გადაწყვეტილებები ხალხის სოციალურ ყოფაზე რომ მძიმედ აისახება, აინუნშიც არ აგდებენ. პრემიერი მართავს საჯარო შეკრებებს. საბაბი — დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა. სინამდვილეში წინასაარჩევო პროპაგანდის წარმოება, რაც ასახულია მის გამოსვლებში — ეს გავაკეთეთ, ის გავაკეთეთ, ამას გავაკეთებთ, იმას გავაკეთებთო.

არის თუ არა ასეთი ქმედება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება? აქვს თუ არა მსგავსი პროპაგანდის შესაძლებლობა რომელიმე სხვა პარტიას? ცხადია, არა! ისინი ხელისუფლებაში არ არიან.

იმოქმედებს თუ არა ხელისუფლების ასეთი ქმედება არჩევნების შედეგებზე? – იმოქმედებს!

არის თუ არა ასეთი ქმედება არჩევნების გაყალბება? – არის!

პრემიერმა და მისმა მთავრობამ 4 სექტემბრამდე შეაჩერეს საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა, შემოიღეს სხვა შეზღუდვებიც. შედეგი? – სავალალო. სამედიცინო, საყოფაცხოვრებო, საზკვების ობიექტების, დაწესებულებების ხელმძღვანელობა იძულებულია, თანამშრომლების სამსახურებში მოყვანა-მიყვანისთვის ტრანსპორტი დაიქირაოს. დახარჯული ფული კი ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს საფასურის გაზრდიდან შეავსოს, ასევე ყველა სახის კვების პროდუქტებზე ფასების გაზრდით, ისე, როგორც მედიკამენტებზე.

შეზღუდვების პირობებში თუ ვინმე თავს კომფორტულად გრძნობს, ტაქსის მძღოლებია, რომლებიც უმალ აძვირებენ მგზავრობას.

დროებითი შეზღუდვები რომ დაავადების გავრცელებას ნაკლებად ზღუდვას ან თუ ზღუდავს, მხოლოდ დროებით, ერთხელ უკვე გამოვცადეთ და რაც მივიღეთ — დაქცეული ეკონომიკაა. მაგრამ ხელისუფლების მიზანი ეკონომიკის გაჯანსაღება არ არის. თუ არის, მხოლოდ სიტყვით, მიზანი — არჩევნების მოგებაა. მოგებას, თანაც 43%-ზე მეტით, ცხელ-ცხელი დაპირებები და პროექტები სჭირდება — ღარიბაშვილის გაგებით და ისიც მზადაა ამ საქმისთვის.

აჭარაში ყოფნის დროს მან რიხით გაგვანდო გონიოს ახალი ქალაქის მშენებლობა — კაზინოებით, ბანკებით, რესტორნებით, ბარებით, გასართობი ადგილებით და ა.შ. უკრაინაში გადახვეწილმა სააკაშვილმა იმ წამსვე იყვირა — ეს ჩემი პროექტია, ღარიბაშვილმა მომპარაო, რაც არ არის გამორიცხული. სააკაშვილი ხომ ვირტუალური პროექტმახერი იყო — ლაზიკით, ანაკლიით, თბილისის გმირთა მოედნით, ქუთაისში პარლამენტის გადატანით, ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტით, თბილისის ძველ უბანში უფუნქციო ხიდით და გაუგებარი დანიშნულების ხორთუმისებური ორი რკინის შენობით…

არც მას და არც „მეოცნებე“ ღარიბაშვილს არაფერი უკითხავთ სპეციალისტებისთვის — შეიძლებოდა ან შეიძლება თუ არა ამ პროექტების განხორციელება. ღარიბაშვილის ბოდვას უმალ მოჰყვა აჭარელთა საპროტესტო განცხადებები. ორნიტოლოგები კი მიიჩნევენ, რომ გონიოს შენობებით ჩახერგვა აღკვეთს ფრინველთა მიგრაციას. გონიოს ისინი დასასვენებლად და ენერგიის აღსადგენად იყენებენ ხანგრძლივი გადაფრენის წინ.

ის, რომ გონიო ამით არის გამორჩეული ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაშია ჩაწერილი. მისი მიხედვით, საქართველოს მთავრობამ გონიოს ბუნებრივობა უნდა დაიცვას. როგორც ჩანს ღარიბაშვილმა არ იცის ასოცირების ხელშეკრულება და არც ბევრი სხვა რამ. აი, მაგალითად ის, რომ საქართველო და გონიო ლუქსემბურგს უნდა დაემსგავსოს. რით, პატივცემულო პრემიერო? — კაზინოებით, ბანკებით თუ ცხოვრების დონით?

საქართველოს ყველა ხელისუფალს აჩემებული ჰქონდა და აქვს ქვეყნის სხვაზე დამსგავსება. მაგალითად, შევარდნაძე გვეუბნებოდა, რომ საქართველო მალე დაემსგავსებოდა ბელგიას. მაშინ არვის უკითხავს რატომ ბელგიას და არა საფრანგეთს ან გერმანიას. თუ თვალში ნაცრის შეყრაა, წონიანი მაინც იყოს. შევარდნაძის პასუხად ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ვთქვი — ჩვენ მაშინ დავემსგავსებით ბელგიას, თუ ქართველებს გადავასახლებთ ბელგიაში, იმათ კი საქართველოში-თქო. ჩემმა ნათქვამმა გაანაწყენა პატივცემული ედუარდი, რასაც ქმედებაც მოჰყვა, მაგრამ წარსულის ამ მონაკვეთის გახსენება ამ სტატიის მიზანი არ არის და თავს შევიკავებ.

შევარდნაძის შემდეგმა მმართველმა სააკაშვილმა სინგაპურით დაიწყო ბოდვა — აი, ისეთი უნდა გახდეს საქართველოო. სინგაპურის მოსახლეობის უმრავლესობა ჩინური წარმოშობისაა. იქ ინდოელებიც ცხოვრობენ, მალაელებიც, სხვებიც, სხვათა შორის სომხებიც, რომლებსაც ეკლესია აქვთ აშენებული. ყველა ისინი მტკიცე დისციპლინით გამოირჩევიან. მუყაითი შრომა, პატიოსნება, არაკორუმპირებულობა, თავდადება გამოარჩევს ამ 5-მილიონიან ქალაქ-სახელმწიფოს სხვა ქვეყნებისგან.

ქართველები, თავიანთი შინაგანი ბუნებით — ხაშით, ყანწით, სადღეგრძელოთ, პახმელიით, სიზარმაცით, ზედაპირულობით, მოჩვენებითი ფასადური ქცევით ახლოსაც ვერ მივლენ სინგაპურელებთან. ან რატომ უნდა მივიდნენ? ქართველებმა თვით უნდა შექმნან — ტრადიციებსა და ცხოვრების მისეულ წესზე დაფუძნებული ცხოვრება.

ღარიბაშვილს ლუქსემბურგი მოსწონს, ამიტომ სურს, რომ ისეთი იყოს საქართველო. ფუჭი სურვილია, აუსრულებელი ოცნება.

სხვათაშორის ლუქსემბურგმა გამახსენა 1975 წელს ამ ქვეყნის მეთაურის დიდი ჰერცოგის ჟანის საქართელოში ვიზიტი — საბჭოთა საქართველოში. მაშინ საქართველოს საგარეო უწყების პროტოკოლს ვხელმძღვანელობდი და ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგის ჩვენთან ვიზიტიც ჩემი დაგეგმილია. იმ წელს საქართველოს სტუმრობდნენ იტალიის პრეზიდენტი ჯოვანი ლეონე, დანიის დედოფალი მარგარეტ II, გფრ-ს ბუნდესტაგის დელეგაცია, სხვა ქვეყნების მაღალი რანგის დელეგაციები.

არა მარტო 1975 წელი იყო საქართველოს სსრ-სთვის უხვსტუმრიანი, არამედ სხვა წლებიც და რატომ? უპირველესად იმიტომ, რომ საბჭოთა საქართველო არა მარტო საბჭოთა კავშირში იყო წარმატებული და სამაგალითო რესპუბლიკა, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ნეტავ იმ ცხოვრების დონისთვის მიგვეხწია და სხვა სანატრელი — ბელგიობის, სიგაპურობის, ლუქსემბურგობის აღარ დაგვჭირდებოდა. მაგრამ გაფრინდა ის წლები, მათი უკან მობრუნება შეუძლებელია, ისე, როგორც მაშინდელი უზრუნველი ცხოვრების.

დამოუკიდებლობამ — ტყუილმა და აბსტრაქტულმა, ჩაყლაპა ის წლები და მასთან ერთად კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარი — სოციალისტური რომ ერქვა.

უნებლიეთ იბადება კითხვა — ვინ ააშენებს გონიოს? ამ რეგიონში გარდა თურქეთისა არავინ ჩადებს ფულს. თურქეთი ჩადებს, ვინაიდან გონიოსა და აჭარას ის თავისად თვლის. რიონის ხეობას ღარიბაშვილი გონიოსაც ამატებს თურქეთის სასარგებლოდ. ვაშა, „დამოუკიდებელ“ საქართველოს.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი