“სახალხო დამცველი” ნინო ლომჯარია განცხადებას ავრცელებს:
“შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეულ სფეროებში როგორიცაა – ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, განათლება, საჯარო სამსახური – კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ ან უფლებების შემლახავ პრაქტიკას. ვინაიდან დამსაქმებლის ვალდებულებაა, უზრუნველყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გარკვეული შემზღუდავი თუ წამახალისებელი ღონისძიებები ვაქცინირებული და არავაქცინირებული პირებისათვის არ იქნება დისკრიმინაციული, მათი სათანადო დასაბუთების პირობებში.
შესაბამისად, დამსაქმებლებს, ასევე მომსახურების გამწევს პირებს უფლება აქვთ, დასაქმებულს ან მომხმარებლებს მოსთხოვონ სრული ვაქცინაციის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის სისტემატურად წარმოდგენა. აღნიშნული წესები უნდა ითვალისწინებდეს გამონაკლისებს (მაგალითად, სამედიცინო ცნობა ვაქცინაციის მიზანშეუწონლობის თაობაზე) ასევე, გონივრული მისადაგების ღონისძიებებს.
ასევე, დისკრიმინაციულ პრაქტიკად არ არის აღიარებული რეგულაციები, რომლის თანახმადაც, განსაზღვრულ საჯარო ადგილებში შესვლა შესაძლებელია ვაქცინირებული ადამიანების, ხოლო არავაქცინირებული პირებისთვის ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში. ზოგიერთ ქვეყანაში ამგვარ სივრცეებში უშვებენ იმ ადამიანებსაც, რომელთაც ბოლო პერიოდში „კოვიდ-19“ გადაიტანეს და აქვთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საერთაშორისო პრაქტიკით, ვაქცინაციის ჩატარების დავალდებულება მართალია, გამოიწვევს ინდივიდების უფლებებში ჩარევას, თუმცა ასეთი ჩარევა გამართლებულია მაშინ, როდესაც ის ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს – საზოგადოებრივი ჯანდაცვის და აღნიშნულით ადამიანების სიცოცხლის დაცვას.
შექმნილი ვითარების ფონზე, ვაქცინაცია უნდა განიმარტოს არა მხოლოდ როგორც ინდივიდუალური უფლება, არამედ როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი კოლექტიური პასუხისმგებლობა”.
პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე ამ “სახალხო დამცველს” მიმართავს და დემაგოგიაში ამხელს:
“ქ-ნო ნინო, უკვე უტყუარია, რომ კორონავირუსით ავადდება როგორც აუცრელი, ისე აცრილი ადამიანი – ეს ფაქტი უკვე აღიარა მთელმა მსოფლიომ და საქართველოს ჯანდაცვის მესვეურებიც იძულებულნი გახდნენ, აღიარონ. აწ უკვე კორექტირებული მოსაზრებით, განსხვავება იმაშია, რომ აცრილი ადამიანის გარდაცვალება კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად ნაკლებად სავარაუდებელია, ვიდრე აუცრელისა. ესაა და ეს. მაგრამ, გადამდებობის თვალსაზრისით, ვირუსის მატარებელი აცრილი და აუცრელი ადამიანი თანაბრად გადამდებია. მაგალითად, აცრილმა შეიძლება აუცრელის ინფიცირება მოახდინოს ისევე, როგორც აუცრელმა აცრილისა; ან: აცრილმა აცრილი დაასნეულოს, ხოლო აუცრელმა – აუცრელი.
თქვენი ლირიკა ხომ სწორედ ამ თემას ეხება: უსაფრთხო გარემო იმ ადამიანებისათვის, ვინც თურმე “ზრუნავს” ამ გარემოს შექმნაზე. მაგრამ, ზემოთ წარმოდგენილი პრაქტიკიდან გამომდინარე, ვაქცინირება არანაირად არ გამორიცხავს ვირუსის გავრცელებას, იგი მხოლოდ იცავს კონკრეტულ აცრილ პირს “კოვიდ-19”-ად წოდებული დაავადების გართულებებისაგან, შესაძლო ლეტალური შედეგის დადგომისაგან. შესაბამისად, ვერანაირად ვერ გამოდგება თქვენს მიერ გაჟღერებული არგუმენტაცია, რომ აცრილები ქმნიან უსაფრთხო გარემოს, ხოლო აუცრელები, მხოლოდ იმის გამო, რომ აუცრელები არიან, ამ გარემოს არღვევენ. ეს თქვენი წარმოსახვის პროდუქტია და რეალობას ეწინააღმდეგება!
პირიქით, ის აუცრელი ადამიანები, რომლებიც ჰიგიენის ზოგად წესებსა და ვირუსის პრევენციის მოთხოვნებს იცავენ (სოციალური დისტანციის დაცვა, ჰაერის გაწმენდა შენობებში, დახურულ სივრცეებში პირბადით სარგებლობა და ა. შ.), ბევრად უფრო უსაფრთხონი არიან ერთმანეთისთვის და მთელი საზოგადოებისთვისაც, ვიდრე აცრილები, რომლებიც თქვენი წაქეზებით, აუცრელთა დისკრიმინაციის ხარჯზე მიიღებენ პრივილეგიებს.
მოგიწოდებთ თქვენ და თქვენთან ერთად, მთელ ხელისუფლებას: დროზე მოდით გონს და იაზროვნეთ ლოგიკის მიხედვით. საქართველო გასამხედროებული სახელმწიფო ისრაელი არ არის, რომ ყველა დაემორჩილოს თქვენს დისკრიმინაციულ ზომებს; საქართველოში თქვენს მიერ ლობირებული პრაქტიკა, რომელიც მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ინერგება ჩვენს თვალწინ, უფრო სხვა, მძიმე სოციალურ შედეგებს მოიტანს. ნუ ხლეჩთ საზოგადოებას, ნუ ამძაფრებთ დაპირისპირებას ახალი ნიშნით – აცრილებსა და აუცრელებს შორის!
კერძოდ, მოგიწოდებთ: ან აცრილების დავალდებულებაც მოითხოვეთ, აუცრელებივით იკეთონ PCR-ტესტი და ამტკიცონ, რომ არ არიან “აქლემები” ანუ ვირუსის მატარებლები, ან ორივე კატეგორიას თავი დაგვანებეთ!”