მივიჩნევთ, რომ ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა NGO

მივიჩნევთ, რომ ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა – ამის შესახებ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ავრცელებენ.

მათი თქმით, ჟურნალისტისა და მის ოჯახის წევრებზე თავდასხმის ფაქტისადმი სასამართლოს რბილი დამოკიდებულება წარმოადგენს კრიტიკული მედიის მიმართ აგრესიის გაზრდის კიდევ ერთ საფრთხეს.

– “დღეს, 2021 წლის 25 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “ფორმულას” წამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით განაჩენიგამოიტანა: სასამართლომ სამივე ბრალდებულს მინიმალური სასჯელი – 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, რისი ვადაც დღეს ამოიწურა. შედეგად, ისინი საპატიმროს დღესვე დატოვებენ. ამასთან, მოსამართლემ ზეპირი მითითებით დარბაზში არ დაუშვა დაზარალებული ჟურნალისტის ადვოკატი – საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი.

თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი დაკავებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) და 156-ე (დევნა) მუხლებით. სასამართლომ ბრალდებულ სულიკო საყევარიშვილს დისკრიმინაციული მოტივით, ვახო სანაიასთვის ფიზიკური ძალადობისთვის შეუფარდა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ხოლო გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური, მოსამართლემ დამნაშავედ ცნო 126-ე და 156-ე მუხლებით და მიუსაჯა 6-თვიანი პატიმრობა. ამატებით ამ უკანასკნელს ასევე დაეკისრა 2500-ლარიანი ჯარიმა.

შემთხვევა 2021 წლის 25 თებერვალს მოხდა, ჟურნალისტ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თავს დაესხნენ. ჯერ კიდევ მაშინ, კოალიციამ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით მოეხდინა სათანადო რეაგირება ჟურნალისტისა და მისი ოჯახის წევრების უფლებების დარღვევის ფაქტებზე. ამასთან მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მანიფესტით, რომელსაც ხელს 1000-ზე მეტი ადამიანი აწერს, მოქალაქეებმაერთობლივად მიმართეს გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს და მოითხოვეს ჟურნალისტების უსაფრთხოების მიზნით დაუყოვნებლივ მიეღოთ ზომები.

სამწუხაროა, რომ მწვავე საჭიროების მიუხედავად, ხელისუფლებას არ გადაუდგამს სათანადო ნაბიჯები მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო არ იცავს მედიის წარმომადგენელთა სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები პოლიტიკური ოპონირების რეჟიმში იმყოფებიან კრიტიკულ მედიასთან. ისინი სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ ჟურნალისტების შეკითხვებს და ახალისებენ მედიაზე მორიგ თავდასხმებს.

2021 წლის 5 ივლისიდან, მას შემდეგ რაც თბილისში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე მასშტაბური თავდასხმა მოხდა, მედიის წარმომადგენლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა განსაკუთრებული რისკის ქვეშ დადგა. ეს გარემოება კიდევ უფრო ზრდის სასამართლოს პასუხისმგებლობას სათანადოდ შეისწავლოს ჟურნალისტების დაშინების თითოეული მცდელობა და გადაწყვეტილება მიიღოს პოლიტიკური მოტივების გარეშე. სამწუხაროა, რომ ვახო სანაიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ რისკები სათანადოდ არ შეაფასა.

მასთან ერთად მიგვაჩნია, რომ მოსამართლის ზეპირი მითითება, რომლითაც თითქოსდა კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მხოლოდ დაზარალებული ჟურნალისტის ადვოკატს შეეზღუდა სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა, წარმოადგენს ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში დაუსაბუთებელ ჩარევას. ეს შემთხვევა არის საშიში მცდელობა ჟურნალისტები დარჩნენ სამართლებრივი დახმარების გარეშე, უფლებადამცველებს კი აღარ ჰქონდეთ შესაძლებლობა სათანადო მხარდაჭერა აღმოუჩინონ მედიას“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

მედიაკლუბი
მედიის განვითარების ფონდი
მედიის უფლებები
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
სატელევიზიო ქსელი
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – ISFED
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – GYLA
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია – GRMA
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
უფლებები საქართველო
ღია საზოგადოების ფონდი – OSGF

წყარო: newposts.ge