საქართველო „ჯაველინომანიამ“ მოიცვა – აზერბაიჯანული მედია

აზერბაიჯანის რუსულენოვან გაზეთ „ნოვოე ვრემია“-ში («Новое время») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო „ჯაველინომანიამ“ მოიცვა“, რომელშიც განხილულია საკითხი ქართული არმიისათვის ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტული კომპლექსების – „ჯაველინების“ შესყიდვის შესახებ (ავტორი – ზაურ რასულზადე).

როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ამას წინათ აშშ-მა მიიღო დადგენილება 30 მლნ. დოლარის ღირებულების ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის “ჯაველინის” რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის საქართველოსთვის გადაცემის თაობაზე. სულ საქართველო 82 რაკეტას და 46 სამეთაურო-გამშვები დანადგარს მიიღებს.

„ჯაველინს“ ხშირად უწოდებენ „ყველაზე თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო იარაღს“, მაგრამ რამდენად სწორია ასეთი შეფასება? ის ხომ აშშ-ში გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს შემუშავდა და აღმოსავლეთ ევროპაში განლაგებული საბჭოთა სატანკო დივიზიების წინააღმდეგ იყო გამიზნული… ანუ „ჯაველინი“ დღეისათვის მორალურად მოძველებული, ძვირადღირებულ კომპლექსს წარმოადგენს, რომლის მოდერნიზება 1991 წლიდან არ მომხდარა. თუმცა რადგანაც დღეისათვის ამერიკას (და სხვა ქვეყნებს) ამ სფეროში სხვა ახალი არაფერი შეუქმნია, ის მაინც „ყველაზე თანამედროვეა“. გასაგებია, რომ ქართველებზე (და უკრაინელებზეც) სიტყვა „ყველაზე თანამედროვე“ მაგიურად მოქმედებს.

თბილისში დარწმუნებულნი არიან ამერიკულ სამხედრო მითოლოგიასა და მაგიურ შეფასებებში. ქართველებმა მართლაც შეიძლება ჩათვალონ, რომ ხელში ჯადოსნური ჯოხი უჭირავთ, რომელსაც ყველა მათი პრობლემის გადაჭრა შეუძლია. ცხადია, ეს ასე არ არის, მაგრამ მათ, ვისაც „ჯაველინები“ მოსწონთ, ის პანაცეად შერაცხეს – „ჯაველინომანიამ“ მოიცვა არამარტო ბლოგერები და აქტივისტები, არამედ სამხედრო მოსამსახურეებიც“, – აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციის ავტორი მიიჩნევს, რომ ასეთი აჟიოტაჟის მიზეზს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი წარმოადგენს, რომელსაც, როგორც ვარაუდობენ, შესაძლოა, ქვეყნის საგარეოპოლიტიკური ორიენტაციის შეცვლასთან იყოს დაკავშირებული. შესაბამისად, აშშ-ის გადაწყვეტილება საქართველოს პროდასავლური კურსის მხარდაჭერის სიმბოლოდ უნდა ჩავთვალოთ. თუ ამას ვაშინგტონი არ გააკეთებს, მაშინ თბილისში ეჭვი შეეპარებათ. იქაურ ელიტებს ჭირდებათ საბაბი, რომ დასავლური კურსი ქვეყნის დახმარების საწინდარია. და თუ დახმარება არ იქნება, ხალხს კითხვები გაუჩნდება: „მაშ რისთვის გვინდა დასავლეთი? თუ არ გვეხმარება, მაშინ მოდით, რუსეთისაკენ შევბრუნდეთ, იქნებ იაფი გაზი მაინც მოგვცეს… მით უმეტეს, რომ რუსეთთან ვაჭრობა ჩვენთვის მომგებიანია“.

„ჯაველინები“ აშშ-სათვის, პრინციპში, უსარგებლო იარაღს წარმოადგენს, რადგან ვაშინგტონი არავისთან არ ომობს. შესაბამისად, [ქართველებისთვის] ასეთი საჩუქარი აშშ-ის ბიუჯეტს ვერაფერს დააკლებს“, – ნათქვამია სტატიის დასასრულს.

წყარო: https://www.novoye-vremya.com/ru/posts/detail/gruziyu-oxvatila-dzavelinomaniya-1628090535