19 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი, ნორა თევზაძე, მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა.
ბოკერიას კლინიკის საუნივერსიტეტო კლინიკის წარმომადგენელი ალექსანდრე ვაჩაძე აცხადებს, რომ პაციენტი მათ კლინიკაში 30 ივლისს გადაიყვანეს.
ამ დროს, მისი თქმით, პაციენტი 36 კვირის ფეხმძიმე იყო და კოვიდინფექციაც უკვე დადასტურებული ჰქონდა.
„შემოსვლისთანავე გამოხატული იყო სუნთქვის უკმარისობა“, – ამბობენ კლინიკაში.
კლინიკის თანახმადვე, პირველ აგვისტოს პაციენტს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, 2 აგვისტოს ის რეანიმაციაში გადაიყვანეს, 5 აგვისტოდან კი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ნორა თევზაძე 26 აგვისტოს, ღამით გარდაიცვალა.
ჩვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკის თანახმად, ის კარგად არის.
„იქ, სადაც აცრა გვიცავს კორონავირუსული დაავადების სიმძიმის განვითარებისგან, ჩვენი სრული რეკომენდაციაა, რომ ორსული ქალები აიცრან“, — აცხადებს ბოკერიას კლინიკის კლინიკური დირექტორი, ალექსანდრე ვაჩაძე.
ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, აცრილი არ იყო. ამის შესახებ ალექსანდრე ვაჩაძემ განაცხადა.
ეს საქართველოში კოვიდით ინფიცირებული ორსული ქალის გარდაცვალების პირველი შემთხვევა არ არის.
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 27 აგვისტოს განაცხადა, რომ სამინისტრო კოვიდინფიცირებულ ორსულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებებს აკვირდება „სამედიცინო და სტატისტიკურ ჭრილში“:
„ჩართულია გინეკოლოგთა ასოციაცია, რათა მათ დადონ კონკრეტული დასკვნები, თუ რა არის მიზეზი, რატომ გვაქვს ბოლო პერიოდში გახშირებული ლეტალობა ორსულებში“.
მინისტრის თანახმადვე, რიგ შემთხვევებში ამის მიზეზი საავადმყოფოში დაგვიანებული გადაყვანაა.
“ნეტგაზეთი”